"შიშ-კინი" - კვირის პალიტრა

"შიშ-კინი"

პარასკევს სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" ასეთი ინფორმაცია გაავრცელა: "თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები ხელისუფლებას დაშინების მცდელობაში ადანაშაულებენ".

როგორც პრესკონფერენციაზე მე-19 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელმა რევაზ რევაზიშვილმა განაცხადა, საპროტესტო აქციის შემდეგ შინ პოლიციისფორმიანი პირები დახვდნენ, თამარ მეფის გამზირზე მდებარე პოლიციის მე-4 განყოფილებაში წაიყვანეს და დაემუქრნენ, აქციებში მონაწილეობა არ მიიღო, თორემ სამტრედიის სკოლა-ინტერნატში, სადაც "ოროსნები" სწავლობენ, გადაგიყვანთო.' მისივე განცხადებით, კიდევ ერთი მეთორმეტეკლასელი, ვაჟა მელაძე დაუბარებიათ პოლიციის განყოფილებაში. მასაც სკოლიდან გარიცხვით ემუქრებოდნენ". ეს რომ წავიკითხე, პირდაპირ გეტყვით, არ დავიჯერე. ვიფიქრე, ბავშვი რაღაცას იგონებს ან რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ, მიტინგზე გასვლის გამო, პოლიციაში რომ იბარებენ-მეთქი.

შემდეგ ინტერნეტშიც წავიკითხე ჩემი კოლეგის, ნინო ბექიშვილის სტატია, რომელიც წერდა: "დღეს ჩემი მეთორმეტეკლასელი შვილის კლასის დამრიგებელმა დამირეკა. წინა ორშაბათს, როცა "ოროსნებმა "(სააკაშვილი) და იმ ბავშვებმა, "რომლებსაც სწავლა არ უნდათ, "("რუსთავი 2") აქცია გამართეს, ზუკამ სკოლა გააცდინა. მიტინგზე არ ყოფილა, წინაღამეს სიცხე ჰქონდა და შინ დარჩა. დამრიგებელმა მთხოვა, ეგებ ექიმის ცნობა მაინც მოიტანოთ, თორემ დირექტორმა გამოგვიცხადა, უშიშროებიდან იყვნენ და ყველა იმ მეთორმეტეკლასელზე ვაგროვებთ ინფორმაციას, ვინც იმ დღეს სკოლაში არ ყოფილაო"(!).

შეიძლება ბავშვის არ დავიჯერო, მაგრამ ნინო ბექიშვილის რომ მჯერა და ვენდობი? ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ძალიან დავითრგუნე. ასეთი ხასიათი მაქვს: ადამიანების ბოლომდე გაწირვა და ხაზის გადასმა არ მიყვარს. მიუხედავად იმისა, ამ ხელისუფლებას ხშირად ვაკრიტიკებ, მაინც იმედი მქონდა, რომ ამ დონემდე არ დაეშვებოდნენ. იმედი მქონდა, სულ საბჭოთა კავშირში არ დაბრუნდებოდნენ. როგორც ჩანს, სულ ტყუილად. უშიშროება სკოლაში?! თანაც არა კრიმინალის, არამედ მოსწავლეების მიტინგზე წასვლის გამო(?!).

მანამდე იყო სააკაშვილის გამოსვლა, რომლის დროსაც მან სასტიკად დაგმო მოსწავლეების პროტესტი და ყველას ოროსანი უწოდა. სწორედ ამ გამოსვლას მოჰყვა იმ რვა დირექტორის გათავისუფლება, რომელთა სკოლების მოსწავლეებიც მიტინგზე გამოვიდნენ. მხოლოდ ერთმა, 149-ე სკოლის დირექტორმა გაბედა და განცხადება არ დაწერა(!). მასთან სკოლაში მეორე დღესვე გენერალური ინსპექცია შევიდა. ქალბატონ მაია გიორგაძეს გულის შეტევა დაემართა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მისი მეუღლე, ბატონი ვალერიან გიორგაძე, რომელიც 148-ე სკოლის დირექტორია, დაიბარეს და მოსთხოვეს, მის ცოლს განცხადება დაეწერა(!). ბატონმა ვალერიმ ეს ინფორმაცია რადიო "პალიტრის" ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" დამიდასტურა.

საბჭოთა კავშირის დაისი რომ იდგა და ეროვნული მოძრაობა იწყებოდა, სწორედ მაშინ ვსწავლობდი სკოლაში. ალბათ მეექვსე ან მეშვიდე კლასში ვიქნებოდი. რაც ჩვენ მაშინ ბათუმში მიტინგებზე გვივლია... ხშირად მარტო იმიტომ, რომ გაკვეთილები გაგვეცდინა. მართალია, საბჭოთა კავშირი უკვე სულს ღაფავდა, მაგრამ მაინც საბჭოთა კავშირი იყო. მაშინ არ მოუხსნიათ, ამის გამო სკოლის დირექტორი. დღეს კი რა ხდება? - რვა დირექტორს განცხადების დაწერა აიძულეს. სწორედ რომ აიძულეს, რადგან მათი მოხსნის უფლება განათლების და მეცნიერების სამინისტროს არა აქვს.

ჩეკას სტილში დაიბარეს და აიძულეს, განცხადებები ნებით დაეწერათ. მერე კი გამოგვიცხადეს, მიხვდნენ, რომ ცუდი დირექტორები იყვნენ და წავიდნენო.

რვავე ერთდროულად და ერთ დღეს რომ მიხვდა, ეს არაფერი. ერთმა რომ არ დაწერა განცხადება,  მის სკოლაში გენინსპექცია შეუშვეს და შეიძლება საქმე დასაჭერად გაუხადონ, თან ოჯახის წევრზე ზეწოლა მოახდინონ, ესეც თურმე არაფერი.

როდესაც ოპოზიცია 37 წელთან პარალელს ავლებდა, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ აჭარბებდა. ახლა კი აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. ალბათ, მადლობა უნდა გადავიხადო, რომ ამ ხალხს ჯერჯერობით არ ხვრეტენ. სხვა მხრივ, შეიძლება განსხვავება ვერც აღმოვაჩინო. შეიძლება, მოსწავლე გამოცდას არ უნდა აპროტესტებდეს. დავუშვათ, მიტინგებზე არ უნდა დადიოდეს და ვთქვათ, სკოლის დირექტორიც დამნაშავეა, როდესაც ერთბაშად ამდენი მოსწავლე გაკვეთილს აცდენს. დავუშვათ, ყველაფერი ასეა. განა ეს ნიშნავს, რომ ჩეკასავით იმოქმედო და შიში დათესო?!

განა თავისუფალი ის ქვეყანა არ არის, სადაც იმის გაპროტესტების უფლებაც კი გაქვს, რაც შეიძლება გასაპროტესტებელი არ იყოს? შეიძლება, საერთოდ აბსურდული მოთხოვნით გამოვიდე მიტინგზე და, მაგალითად, ქართულ ანბანში იოტას დაბრუნება მოვითხოვო. ვისი რა საქმეა? თუ ბავშვი გაკვეთილს აცდენს,  ჩაუთვალე არასაპატიო გაცდენად და დამთავრდა. რას მიქვია დირექტორების დაბარება, განცხადებაზე ძალით ხელის მოწერინება და სკოლებში უშიშროების შეშვება? ნუთუ იმისთვის, რომ განათლების სფეროში რეფორმა გატარდეს, შიშის დანერგვაა საჭირო? მე არ მინდა, თუნდაც კარგი რეფორმა ცუდი მეთოდებით, საბჭოთა კავშირში დაბრუნების ფასად. სხვათა შორის, ხშირად გამიგონია, საბჭოთა კავშირს ერთ-ერთი საუკეთესო განათლების სისტემა ჰქონდაო. ისიც ვიცი, რომ იქ ყველაფერი შიშზე იდგა.

P.S. თქვენ ფიქრობთ, სათაურში განათლების მინისტრის გვარი შემეშალა? როგორ გეკადრებათ!