"საქართველოში იშვიათად ვახერხებ ჩამოსვლას, რაც ძალიან მადარდებს" - მსოფლიო ბარიტონის წარმატება და სამშობლოს მონატრებით სავსე ცხოვრება - კვირის პალიტრა

"საქართველოში იშვიათად ვახერხებ ჩამოსვლას, რაც ძალიან მადარდებს" - მსოფლიო ბარიტონის წარმატება და სამშობლოს მონატრებით სავსე ცხოვრება

"მიხარია ყველა სითბო და პატივისცემა, რასაც ჩემი სიმღერით და ადამიანობით ვიმსახურებ! საერთოდ რასაც გასცემ და როგორი გულითაც ჩუქნი სიყვარულს ადამიანებს, იგივე გიბრუნდება უკან!" - გვეუბნება ცნობილი საოპერო მომღერალი – გოჩა აბულაძე, რომლის ყოველი ნამღერის გამოჩენას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოსდევს... გთავაზობთ ინტერვიუს ცნობილ ბარიტონთან.

- გვიამბეთ ბავშვობაზე, რომელიც რთულ 90-იან წლებს დაემთხვა და დაძლეულ სირთულეებზე...

- დედაჩემი ძალიან კარგად მღერის, სწორედ მან ჩაგვინერგა მე და ჩემს ძმას სიმღერის სიყვარული. როცა გავიზარდეთ, სიმღერის გარეშე სუნთქვა გვიჭირდა... სულ ვამბობ, რომ სიმღერა პროფესიად არ ამირჩევია, ეს ჩემი ცხოვრებაა! ბავშვობა იყო ძალიან ლამაზი, მიუხედავად დიდი გაჭირვებისა და რთული პერიოდისა. დღე არ გავიდოდა სტუმარი არ გვყოლოდა. მამა სულ გვენატრებოდა, რომელიც ჩვენი გულისთვის შორს იყო სახლიდან წასული და ბევრს შრომობდა. ჩვენი კარგად ყოფნისთვის არაფერს იშურებდა. მის მონატრებას სიმღერით ვუმკლავდებოდით და როცა ჩამოვიდოდა ბედნიერების მნიშვნელობასაც ვიგებდით... ჩემი ძმა უჩა ბრწყინვალე მომღერალია! თავიდან ის სულ მეორე ხმას მღეროდა, მე კი - პირველს, 16 წლის ასაკიდან უჩა პირველზე ავიდა და მე ქვემოთ ჩამოვედი... მას დიდი მომავალი აქვს, ამაში ეჭვიც არ მეპარება!

- როდის დაიწყო წარმატებები? - მუსიკალურ ტექნიკუმში როცა ჩავაბარე, ჩემმა პირველმა პედაგოგმა ლუბა ლომაკინამ თბილისში წამიყვანა, -  ნოდარ ანდღულაძეს უნდა მოვასმენინო შენი ნამღერიო. აი ის დღე, ის გარემო, მაესტროს სათნო და სიყვარულით სავსე თვალები არასოდეს დამავიწყდება! მისმა შექებამ საბოლოოდ "მომწამლა" სიმღერით. იქედან რომ ვბრუნდებოდი, მეგონა მოვფრინავდი, სურნელიც კი მახსოვს იმ დღის...

მერე იყო კონსერვატორიის წლები, საოპერო სტუდიაში ნამღერი როლები და უამრავი წარმატება. მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში ჩვენი სახელოვანი და გენიოსი ვაჟიკო ჩაჩავა დაბრუნდა თბილისში. მაესტრომ, ჩემდა საბედნიეროდ, გადაწყვიტა ჩემთან ერთად მუშაობა, გავმართეთ 5 სოლოკონცერტი. ყოველდღე ვხედავდი ადამიანს, რომელმაც სრულიად სხვა განზომილებაში დამანახა მუსიკა, მუსიკისადმი სიყვარული და საერთოდ თუ რას ნიშნავს იყო ხელოვანი ადამიანი ... მიყვარს და მენატრება ჩემი უდიდესი მეგობარი და გენიოსი პიანისტი...

- როგორ მოხდა დიდ მუსიკალურ სარბიელზე გასვლა და საერთაშორისო აღიარება? - იტალიაში იყო პირველი წარმატება, საიდანაც ყველაფერი დაიწყო! ფერარას კონკურსში გამარჯვება და ფერარას კომუნალეს თეატრში შესრულებული ჟერმონის პარტია, ვერდის "ტრავიატაში". საოცარი რეცენზია დაიწერა ჩემზე, თვალებს ვერ ვუჯერებდი...

იტალიაში გატარებული 3 წელი სავსე იყო ბევრი სასწაულით - კონკურსებში გამარჯვება, მაესტრო ძეფირელის გაცნობა და მასთან მუშაობა ვერონის ფილარმონიკოს თეატრში, სადაც ტონიო ვიმღერე... ბასტიანინის პრემიით დაჯილდოვება, რომელიც ლეგენდარულმა მაგდა ოლივერომ პირადად გადმომცა. ფრანკო ძეფირელისთან ერთად

ალბათ შორს წამიყვანს ყველაფერი რომ ჩამოვთვალო. არ მინდა, გამომრჩეს მონსერატ კაბალიეს მასტერკლასები სარაგოსაში და ორი კონცერტი მისი ხელმძღვანელობით. ჩემი ძმის, უჩას შესრულებული ფედერიკოს გოდება და ატირებული ლეგენდა მონსერატ კაბალიე... მომენტი, რომელიც მუდამ მემახსოვრება და სულ ვიამაყებ რომ ჩემი ძმა იყო ის პატარა ბიჭი, რომელმაც ქალღმერთი აატირა...

- სამშობლოში რამდენად ხშირად ახერხებთ ჩამოსვლას?

- საქართველოში იშვიათად მიწევს ჩამოსვლა, რაც ძალიან მადარდებს. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში დასვენების საშუალება არ მქონია, წელს კი გამოვნახე დრო და ერთი თვე ვიყავი იმერეთში. ძალიან შეცვლილი დამხვდა ჩემი ქუთაისი უკეთესობისკენ. საოცარი ბარებია, სადაც ფანტასტიკური მუსიკოსები უკრავენ, ჩემი ბავშვობის მეგობრები - შოთა და ლევან ბანძელაძეები. დიდი სიამოვნება და პატივია მათი მოსმენა ჩემთვის და მიმაჩნია რომ საოცრად დიდ საქმეს აკეთებენ თავისი დიდი ხელოვნებით ჩვენი პატარა ქალაქისთვის! ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვა, ისეთი ღამის კლუბებია, რომ ბერლინიდან ჩამოსულს, გამიკვირდა... ტურისტებით სავსე ქუჩები მესიამოვნა! მიხარია, ჩემი ქალაქი დღეს რომ ასე ვითარდება!

- სოციალურ ქსელში თქვენი ყოველი ნამღერი რომ უზარმაზარი რეიტინგით გამოირჩევა, ამაზე რას იტყოდით?

- მიხარია ყველა სითბო და პატივისცემა, რასაც ჩემი სიმღერით და ადამიანობით ვიმსახურებ! საერთოდ რასაც გასცემ და როგორი გულითაც ჩუქნი სიყვარულს ადამიანებს, იგივე გიბრუნდება უკან!

- როგორია შორიდან დანახული საქართველო?

- ჩემი საქართველო არის ყველაზე ლამაზი დედამიწის ზურგზე! ძალიან ნიჭიერი და ძლიერი თაობა მოდის, რაც იმედს მიტოვებს, რომ რაც დრო გავა, მით უფრო ამოიძირკვება საბჭოთა აზროვნება. არ მინდა, მოვკვდე მონად, მინდა ვიყო თავისუფალი და ლაღი ჩემს ყველაზე ლამაზ სამშობლოში. ერთმანეთის პატივისცემა და თანადგომა თუ ვისწავლეთ, აი, მანდ დაგვიდგება ნამდვილი აყვავების ხანა.

სოციალური ქსელის ნეგატივი და საერთოდ ზიზღი ჭაობში ითრევს ქვეყანას! უნდა ვეცადოთ, რომ არ წაგვიღოს ამ სიძულვილის მორევმა. მეტი პოზიტივი და სიყვარული ათასმაგად გაგვაძლიერებს და გამოაჯანმრთელებს ქვეყანას ...

- როგორი განცდაა, როდესაც საკუთარ სამშობლოს მსოფლიოს შენი ხელოვნებით აცნობ?

- მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ და მინდა, ჩემი საქმით მაქსიმუმი გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის. შარშან არენა დი ვერონაზე ვმღეროდი, მსოფლიოს ყველაზე დიდ ფესტივალზე, ოცამდე სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა, მინიმუმ ათი ათასი ადამიანი ესწრებოდა თითო სპექტაკლს. გული მწყდება რომ ასეთ კარგ ამბებს არ აშუქებენ ქართული ტელეარხები! მე ჩემს თავზე არ ვითხოვ არაფერს, მაგრამ დღე არ გავა მსოფლიოს რომელიმე დიდ სცენაზე ქართველმა მომღერალმა დიდი წარმატებით არ იმღეროს. მეტ ყურადღებას და პატივისცემას იმსახურებენ ჩემი კოლეგები, რომლებიც დიდ საქმეს აკეთებენ ჩვენი პატარა სამშობლოსთვის!

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ახლახან იტალიაში ვიყავი - სამი კონცერტი გავმართე აბრუცოში და სიცილიაზე. ძალიან ბედნიერი დავბრუნდი გერმანიაში და ვემზადები ახალი ნაბიჯებისთვის, რომ ისევ გაგახაროთ. ღმერთმა უამრავი ლამაზი მომენტი და ბედნიერება მაჩუქა 34 წლის ასაკში, რისთვისაც მას გულში სულ მადლობას ვეუბნები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრი დარჩა გასაკეთებელი და ჯერ კიდევ შორი გზა მელის წინ...

დიდი სიყვარულით, თქვენი გოჩა!

იხილეთ ფოტოგალერეა

(სპეციალურად საიტისთვის)