რას ამბობენ GWP-ში თბილისში წყლის ხარისხთან დაკავშირებით "ნაცმოძრაობის" წევრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე - კვირის პალიტრა

რას ამბობენ GWP-ში თბილისში წყლის ხარისხთან დაკავშირებით "ნაცმოძრაობის" წევრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, საკრებულოს ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თბილისში წყლის ხარისხის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც GWP განმარტავს, თბილისის ზღვის წყალსაცავი უწყვეტად მარაგდება მდინარე არაგვის წყლით და მუხრანის ველის ჭაბურღილებთან, ნატახტრის, ბულაჩაურის წყალშემკრებებთან და ჟინვალის წყალსაცავთან ერთად მონაწილეობას იღებს თბილისის სასმელი წყლით მომარაგებაში. თბილისის ზღვაზე ნედლი წყლის მოპოვება ტუმბო-აგრეგატების საშუალებით ხდება წყალაღებისთვის განსაზღვრული სანიტარული ზონებით დაცული ტერიტორიებიდან, სტანდარტებით განსაზღვრული სიღრმის დაცვით.

"ნედლი წყალი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სათავე ნაგებობაზე გადის დამუშავების სრულ ციკლს: დალექვას, ფილტრაციას, წყლის გაუსნებოვნებას, ლაბორატორიულ ხარისხის კონტროლს, რის შემდეგაც გამანაწილებელი ქსელის საშუალებით თბილისის მოსახლეობას მიეწოდება.

სასმელი წყლის ხარისხი მუდმივად, 24 საათის განმავლობაში მოწმდება სათავე ნაგებობებზე განთავსებული ჯივიპის ლაბორატორიების მიერ, რომლებიც აკრედიტირებულია სსტ ისო/იეკ 17025:2010 სტანდარტის შესაბამისად.

თბილისში სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და საქართველოს ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ყველა წყალაღების წერტილს, მათ შორის თბილისის ზღვის წყალაღების ტერიტორიას მუდმივად ამოწმებს გარემოს დაცვის სააგენტო. რაც შეეხება სასმელი წყლის ხარისხს, რეგულარულად კონტროლდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ", - ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით ფეკალიებით სავსე ჭაობია თბილისის ზღვასთან სამ მეტრში, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ზღვასთან და ეს ფეკალიები შედის ზღვაში. მისივე თქმით, თბილისის ზღვაში ფეკალიების ჩადინება გამოიწვევს არა მხოლოდ ეკოლოგიურ კარასტროფას, არამედ ეპიდემიასაც.

"ინტერპრესნიუსი"