შინდისის გმირები ახლა "ოსკარისთვის" იბრძოლებენ - კვირის პალიტრა

შინდისის გმირები ახლა "ოსკარისთვის" იბრძოლებენ

"რუსეთი რომ ოკუპანტია, მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს. ეს ფილმიც ამის დასტურია"

ჭელს "ოსკარზე", ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 92-ე ცერემონიალზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში დიტო ცინცაძის "შინდისი" წარდგება.

დავით ვაშაძე, ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: - სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, "ოსკარზე" საქართველოს კანდიდატი ფილმი დიმიტრი ცინცაძის "შინდისი" გახდა. ფარულ კენჭისყრაზე ფილმმა ხმათა უმრავლესობა (10 ხმა 12-დან) მიიღო.

მალე "შინდისი" ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს. 5 გავლენიანი პიარკომპანია უკვე დაუკავშირდა ფილმის პროდიუსერს, რათა გადაწყვიტონ, თუ როგორ უნდა წარვადგინოთ "შინდისი" "ოსკარზე". ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისამდე უამრავი ჩვენება გაიმართება აკადემიის წევრებისთვის. ფილმი 2008 წლის ომის პატარა მონაკვეთსა და ქვეყანაში დღევანდელ ვითარებას გვიჩვენებს. ჩვენი მიზანია, შორთლისტში, ანუ ე.წ. მოკლე სიაში მოხვედრა, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში ცხადდება და 10 ფილმი შეირჩევა, შემდეგ კი ხუთეულში მოხვედრისთვის ვიბრძოლებთ.

ედმონდ მინაშვილი, პროექტის ხელმძღვანელი, პროდიუსერი: "შინდისის" 17 გმირიდან ერთ-ერთი ჩემი ბავშვობის მეგობარი მიხეილ დვალიშვილია. ის 11 აგვისტოს ჩამოასვენეს უწმინდესისა და უნეტარესის დიდი ძალისხმევით მშობლიურ სოფელში, ვანის რაიონის სოფელ მუქედში. სოფელში ამბავი ჩამოიტანეს - შინდისში რამდენიმე ბიჭთან ერთად გმირულად იბრძოლაო. მაშინ გაჩნდა იდეა, რომ გამეკეთებინა რაღაც მისი ხსოვნისთვის.

მიშიკო გამორჩეული ახალგაზრდა და ნიჭიერი პოეტი იყო. 2005 წელს დაწერა: "ცინკის კუბოსთან როდესაც მოვა/თვალცრემლიანი მშობელი დედა./გთხოვ, მწარე ცრემლით ნუ დამიტირებ,/რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება".

3 წლის შემდეგ მართლა თუთიის კუბოთი მიუსვენეს დედამისს.

მიშიკომ 9 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა ქუთაისის სამხედრო ლიცეუმში გააგრძელა. მამამისიც, ბატონი დავითიც, სამხედრო პირი იყო. სკოლაშიც ჯარისკაცის ფორმით დადიოდა. ჯარში წასვლის დრომ რომ მოუწია, კომისიამ გულის პრობლემის გამო არ ჩათვალა ვარგისად და 50 ლარი გადაიხადა, რომ ეს საბუთებში არ დაეფიქსირებინათ. არც ომში უწევდა წასვლა, მაგრამ იმდენი ქნა, მეთაურებს თავი წააყვანინა. მიხეილ დვალიშვილი 21 წლის წავიდა ამ ქვეყნიდან.

2008 წლის 6 სექტემბერს ჩავედი შინდისში. მაშინ სურვილი გამიჩნდა, მათი დაღუპვის ადგილას აშენებულიყო ტაძარი და კახა კალაძემ საკუთარი სახსრებით ააგო წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. ყველა გმირის ოჯახები შემოვიარე, 4-5 დღე ვცხოვრობდი თითოეულთან და ვაგროვებდი მასალას გმირების შესახებ.

ამ თემაზე 2 სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადავიღე. ამ პროექტში ჩართული იყო ჰოლდინგი "პალიტრამედიაც", მან გამიწია საინფორმაციო მხარდაჭერა, ის ყველა ფაქტს აშუქებდა. მათი ჟურნალისტები თავდაუზოგავად მუშაობდნენ და უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტები სააშკარაოზე გამოჰქონდათ. მეც მათ პუბლიკაციებზე დაყრდნობით შევაგროვე მასალა და მინდა მადლობა გადავუხადო ჰოლდინგსა და მის კოლექტივს.

შემდეგში მე და ირაკლი სოლომონაშვილმა ვლადიმერ კაჭარავასა და მინდია ესაძესთან ერთად მხატვრული ფილმის პროექტი შევიმუშავეთ. მერე დავიწყეთ ფიქრი, ვინ უნდა ყოფილიყო რეჟისორი და არჩევანი დიტო ცინცაძეზე შევაჩერეთ. მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი, დავით ბახტაძე, თამარ აბშილავა და მარიამ ჯიბლაძე ასრულებენ.

- როგორი მოლოდინი გაქვთ? - ფილმი ანტისაომარი, ანტისაოკუპაციო ხასიათისაა, მასში არა მარტო საქართველოზე, იმაზეც არის საუბარი, რომ ომი გლობალური პრობლემაა. აქედან გამომდინარე, ალბათ, შანსი გვაქვს.

გოგა პიპინაშვილი; მსახიობი: - ჩემი "ოსკარი" ის იქნება, თუ ქართველი მაყურებელი ამ ფილმს ისეთად მიიღებს, როგორი გულითაც იმუშავა შემოქმედებითმა ჯგუფმა. რუსეთი რომ ოკუპანტია, მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს. ეს ფილმიც, რა თქმა უნდა, მხატვრული გადაწყვეტით, ამის დასტურია. ისეთი გმირებით, ჩემი გმირივით, თავიანთ საკეთებელს ჩუმად რომ აკეთებენ, სავსეა ჩვენი ქვეყანა და მათ ყველა უნდა იცნობდეს. ეს არის ნამდვილი გმირობა. ფილმის ღირებულებას განსაზღვრავს, თუ როგორ იმუშავა მასზე გადამღებმა ჯგუფმა - სცენარისტმა, რეჟისორმა, ოპერატორმა, მსახიობებმა, ამით უნდა შეფასდეს და არა პოლიტიკური ელფერით. თუ შემოქმედებითად არ შეფასდა ჩვენი ნამუშევარი, მაშინ სულ არ მაინტერესებს "ოსკარი".