"რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი, იმ საქმეს ვაკეთებ" - კვირის პალიტრა

"რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი, იმ საქმეს ვაკეთებ"

"საოცარი ადამიანი იყო დოდო აბაშიძე. თავისი ჯგუფის წევრს, დამნაშავეც რომ ყოფილიყო, კბილებით დაიცავდა... შესვენებებზე ნარდს თამაშობდნენ მსახიობები. ერთ ნახვად ღირდა იპოლიტე ხვიჩიას თამაში - ხან ქვებს იპარავდა, ხან აყვირდებოდა, ეს კი არა, ის გავაგორეო, სულ იტყუებოდა..."

ოპერატორი სულიკო მელაშვილი 19 წლის იყო, კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რომ მივიდა სამუშაოდ. მას შემდეგ 50 წელი გავიდა.

- მიხეილ ჭიაურელის მეზობლად ვიზრდებოდი. 12-13 წლისა ვიყავი, როცა ფილმის, "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" ეპიზოდში გადამიღო ბატონმა მიშამ. იმ სცენაში ბავშვები ბანზე ვსხედვართ და ტაშს ვუკრავთ, ქვემოთ კი აკაკი ხორავა ცეკვავს.

ნიკუშა და სანდრიკა, სოფიკოს ბიჭები, ჩემი თანატოლები იყვნენ, ორივე უჭმელები, ამიტომ სოფიკო ხშირად გვპატიჟებდა მე და ჩემს ძმას სადილად. ოთხივე რომ დავსხდებოდით, ერთმანეთის წამხედურობით მადიანად მივირთმევდით.

ჭიაურელებს რეზო ლაღიძე ხშირად სტუმრობდა. მამა და ბატონი რეზო მაგარი მსმელები იყვნენ. 7-8 ლიტრდალეულებს ვერ შეატყობდით, რომ ნასვამები იყვნენ. მიშა ჭიაურელი კი, რომ იტყვიან, "მალალიტრაჟკა" იყო, 3-4 ჭიქის შემდეგ სიმღერას იწყებდა, სმით კი აღარ სვამდა. მე და ჩემს ძმას გვეტყოდა რეზო ლაღიძე, ბაღნებო, თქვენ მწვადი არ მოგვაკლოთო და თავისი "ვოლგიდან" სამწვადეს გადმოგვაღებინებდა. მწვადს რომ შევწვავდით, თითო-თითო შამფურს ჩვენ ჩამოგვირიგებდნენ...

კინოსტუდიაში სამუშაოდ გიორგი შენგელაიამ მიმიყვანა. მაშინ აქაურობას აკაკი ძიძიგური ხელმძღვანელობდა.

- პირველად რომელ რეჟისორთან იმუშავეთ? - გუგული მგელაძესთან, შემდეგში ბევრ ფილმზე ვიმუშავე: "მოიტაცეს თამარ ქალი", "ჩარი-რამა", "მხიარული რომანი", "როცა აყვავდა ნუში"... თანამედროვე პერიოდში - "გაღმა ნაპირი", "სიმინდის კუნძული", "თბილისი, თბილისი"...

- "სიმინდის კუნძული" "ოსკარის" ნომინაციაზეც იყო წარდგენილი. - საუკეთესო ფილმთა ათეულში მოხვდა. გადაღება ტყიბულთან, კუნძულზე მიმდინარეობდა. 3-4 დღით გამოვიდა მზე, დანარჩენი სულ ნისლი ან წვიმა იყო. თურქმა მსახიობმა გვიღალატა, რამდენჯერმე წყალში ჩაგვივარდა, კინაღამ დაიხრჩო, ნავის ნიჩბებს ვერ უსვამდა, ამიტომ კატერს მოვაბამდით, ვითომ იმას მიჰყავდა.

უმრავლეს შემთხვევაში ქალ რეჟისორებთან მომიწია მუშაობამ - ნანა ჯორჯაძესთან, ლიანა ელიავასთან, ქეთი დოლიძესთან, ნანა მჭედლიძესთან... რაც ქართველებს ქალი რეჟისორები გვყავს, მგონი, მსოფლიოში არ არის მაგდენი, თან როგორი რეჟისორები არიან!

მახსოვს, 19 აგვისტოს, ფერისცვალება დღეს, ჭონქაძის ქუჩის ერთ-ერთ სახლში გადაღებაზე დაგვიბარა ნანა მჭედლიძემ. მივედით, კამერა ავაწყვეთ, მოვემზადეთ და ორსაათიანი ლოდინის შემდეგ მოვიდა ქალბატონი ნანაც - მაპატიეთ, ეკლესიაში ვიყავი, ხილი ვაკურთხებინე, მოდით, გახსენით ჩანთა, ამოალაგეთ და მიირთვითო. გავხსენი და სულ აზელილი იყო ერთმანეთში ლეღვი, ატამი, საზამთრო, მსხალი... ვეუბნები, ქალბატონო ნანა, ეს ნაკურთხს კი არა, ნაკუწს უფრო ჰგავს-მეთქი. უიმე, მაგის თქმა როგორ შეიძლება, მკრეხელობააო. ის არ არის მკრეხელობა, ფერისცვალებას რომ გადაღება დაგვინიშნეთ-მეთქი? ვაიმე, ეს როგორ მომივიდაო, თავში შემოირტყა ხელი.

"პირველი მერცხალის" გადაღებისას კონსულტანტად ბორის პაიჭაძე გვყავდა. ოქროს ადამიანი იყო, რომ დაინახა, დაგლეჯილი ფეხსაცმელი გვეცვა, წაგვიყვანა "დინამოს" ბაზის მაღაზიაში და თავის ფასად, 12 მანეთად გვაყიდვინა ჩეხური ბოტასები, რომლებიც დახლს ქვემოთ 50-100 მანეთად იყიდებოდა.

საოცარი ადამიანი იყო დოდო აბაშიძე. თავისი ჯგუფის წევრს, დამნაშავეც რომ ყოფილიყო, კბილებით დაიცავდა. კარგი ხუმრობა იცოდა. "პირველ მერცხალში" საფეხბურთო გუნდის სახელს რომ არჩევენ, რა დავარქვათო, თან ზღვაში ცურავენ, ის ეპიზოდი გადავიღეთ. უკვე სექტემბერი იყო, ისე ციოდა, მსახიობები კბილებს აკაწკაწებდნენ. დოდომ გაიცინა, რადგან გადაღება დასრულდა, აღარ გჭირდებით და გვხოცავთო?

შესვენებებზე ნარდს თამაშობდნენ მსახიობები. ერთ ნახვად ღირდა იპოლიტე ხვიჩიას თამაში - ხან ქვებს იპარავდა, ხან აყვირდებოდა, ეს კი არა, ის გავაგორეო, სულ იტყუებოდა...

გუგული მგელაძის ფილმს "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ" ვიღებდით. ბაქანზე ვიდექი აპარატურასთან და შევამჩნიე, მატარებლის მემანქანე რაღაცას მიძახის. გავხედე, ვაგონ-მაცივრის ორმეტრიანი კარი ღიაა და ფრიალით მიახლოვდება. რა უნდა მექნა, ვტაცე ხელი აპარატურას და თვალის დახამხამებაში კარიც დამეჯახა, კამერიანად გადამაგდო ლიანდაგებთან, კიდევ კარგი, მატარებელი არ მოდიოდა, მეც გადავრჩი და კამერაც.

- როგორ განვითარდა თქვენი კარიერა?

- წლების განმავლობაში ან მეორე ოპერატორად ვმუშაობდი, ან რეჟისორის ასისტენტად. დღეს მე და ჩემს კოლეგა მარლენ მაისურაძეს კინოსტუდიის აპარატურა გვაქვს ჩაბარებული და როცა სჭირდებათ, ვაქირავებთ. ახლა დეა კულუმბეგაშვილი იწყებს ფილმის გადაღებას და ვემზადებით. ასე რომ, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი, იმ საქმეს ვაკეთებ და არ მწყინდება.