ზესტაფონელმა "თხუნელამ" 967 ჭა გათხარა
ზესტაფონელმა "თხუნელამ" 967 ჭა გათხარა
"50-მეტრიან ჭაში ისე ჩავალ და ამოვალ, თოკს არ გამოვიყენებ, შემიძლია პარალელურად ჭიდან ცივი წყალიც ამოგიყოლოთ"

ზესტაფონელ გიორგი ღვანიძეს­ მიწის ქვეშ თითქმის იმდენივე ხანი აქვს გატარებული, რამდენიც ზემოთ. ამიტომაც დაარქვეს სოფელ მეორე სვირში "თხუნელა". ის ცნობილი ჭის მთხრელია. როცა ინტერვიუსთვის დავუკავშირდი, მაშინაც ჭაში იყო - კიდევ კარგი, ღრმად არ ვიყავი ჩასული, 10 მეტრზე ქვემოთ ტელეფონი აღარ იჭერსო. როცა შეიტყო "კვირის პალიტრიდან" ვრეკავდით, გაიხარა, გაზეთში უნდა გამომჭიმოთო?

- პირველი ჭა რომ გავთხარე,
16 წლის ვიყავი. სულ 967 ჭა მაქვს გათხრილი, მხოლოდ 30-50 მეტრი სიღრმის ჭებს ვითვლი, თორემ 10-15-მეტრიანები სათამაშოა. მე-1000 ჭას რომ გავჭრი, მერე უნდა დავისვენო, პატარა კი აღარ ვარ, მალე 60 წლისა გავხდები. გათხრას რომ იწყებ, თავიდან პირველ 5 მეტრზე ცივა, მის იქით კი ზამთარ-ზაფხულ 14
გრადუსია. ამიტომ მუშაობისას არასდროს მცხელა ან მცივა. 50-მეტრიან ჭაში ისე ჩავალ და ამოვალ, თოკს არ გამოვიყენებ, შემიძლია პარალელურად ჭიდან ცივი წყალიც ამოგიყოლოთ. საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ნახავთ ჩემს ამოთხრილ ჭებს. ის კი არა, 7 ჭა გერმანიაშიც ამოვთხარე. ორივე­ მხარის­ ბილეთი ვიყიდე, თუ არ გამიმართლებს, უკან დავბრუნდები-მეთქი. იქ ჩაფრენილს ისე შემომაღამდა, ვერც სამუშაო­ ვნახე და ვერც ღამის გასათევი, აბა, სასტუმროს ფული სად მქონდა. იქ ნივთებს, რომლებიც აღარ სჭირდებათ, გარეთ აწყობენ, ჰოდა, მეც პატარა დივანი ვიპოვე და ასე დივანმოკიდებულმა ავტობანი გადავჭერი. ისე მიყურებდნენ, გიჟი ვეგონე. ქალაქის განაპირას, ტყეში, ხის ძირას დავდგი, მაგრამ დილას გარეული ღორების ჭყვიტინმა რომ გამაღვიძა, ისე შევშინდი, დივანი ხის ტოტზე თოკით დავკიდე და ასე ვიცხოვრე იმ ხეზე 3 თვე. სადგურებში ტვირთის გადატანაში ვეხმარებოდი ხალხს.

ერთხელაც რუსულად მოსაუბრე ცოლ-ქმარს მივადექი. მიშველეთ რამე, სამსახური მაშოვნინეთ, სამშობლოში­ დასაბრუნებლად მინდა გამოვიმუშაო-მეთქი. ყაზახეთში ნაცხოვრები გერმანელები აღმოჩნდნენ - ლუდვიგ იაროსი­ ერქვა ოჯახის უფროსს. წამიყვანეს, აქაფებულ აბაზანაში მანებივრეს და მეორე დღეს საკუთარი სახლის 10-მეტრიანი ღობის მოპირკეთება დამაწყებინეს. გახარებული ვიყავი, მაგრამ რამდენიმე მეტრიღა რომ დამრჩა მოსაპირკეთებელი, შევშინდი, ახლა რომ ფულის მაგივრად შინ დასაბრუნებელი ბილეთი მიყიდონ, ხომ დავიღუპე-მეთქი.

გავიხედე და მეზობელ ეზოში კაცები ლუდს სვამენ. მეც ვითომ შემთხვევით გავყევი ღობის მოპირკეთებას და 2-3 მეტრზე რომ დავამუშავე იმათი ღობე, მერე მომაქციეს ყურადღება. მოკლედ, მეზობლის 90 მეტრი ღობეც მე მომაპირკეთებინეს. ამის მერე ჩემმა მასპინძელმა სარდაფის კედლები შემაღებინა და 600 ევროც მივიღე გასამრჯელოდ. გახარებული ვარ, მაგრამ ამისთანა მასპინძლის დაკარგვა არ მინდა - ჩემი 600 ევროდან 20-ევროიანი ამოვაცურე და ლუდვიგს მივუტანე, სარდაფში ეგდო-მეთქი. კეთილად ვიეშმაკე, იმიტომ, რომ მუშაობა მინდოდა. ამის შემდეგ მე და ლუდვიგის ოჯახი ისე დავახლოვდით, დასასვენებლად რომ მიდიოდნენ ბავარიაში, მივყავდი ხოლმე. ერთხელ არ წავყევი, დასვენება რად მინდა, ფულის გამომუშავება მინდა-მეთქი. კარგიო და 2.000 ევრო ჩემთვის, 3.000 კი თუთიყუშების, აკვარიუმის თევზების, ძაღლებისა და კატების გამოსაკვებად დამიტოვეს. რაც ვიყიდე, ყველაფრის ქვითრები და დარჩენილი თანხა ჩავუთვალე დაბრუნებულს...
ახლაც ვიყავი 3-თვიანი ვიზით გერმანიაში, მაგრამ თვე-ნახევარში ჩამოვედი, სამუშაო ვერ ვიშოვე. ქართველმა სადაც გაიარა, იმ გზაზე ჯობია აღარ გაიარო, ყველგან აფუჭებენ საქმეს. ისეთი შავი ვარ, თურქეთში ყოფნისას ულვაშს რომ მოვუშვებდი, კაციშვილი საბუთს არ მიმოწმებდა. გერმანიაში კიდევ ყოველ წამს მაჩერებდნენ და საბუთებს მიმოწმებდნენ.

- თურქეთში ხომ არ გაგიჭრიათ ჭა?
- იქ წყლის პრობლემა არ არის. თურქეთში ჩაის ქარხანაში ვმუშაობდი. 10 წელი მაინც ვიარე ზედიზედ. თურქები დაუზოგავად ამუშავებენ ქალებს, აზიდვინებენ ტომრებს, ათოხნინებენ თაკარა მზეში, თვითონ კი ჩაის სვამენ და კამათელს აგორებენ.

- ენაკვიმატი და მოხერხებული კაცის სახელი გაქვთ.
- მოხერხებულობა არ მაკლია. ამას წინათ თვალის ექიმთან მივედი. უზარმაზარი რიგი იდგა, ზოგს ცალი თვალი ჰქონდა ახვეული, ზოგს უზარმაზარი სათვალე ეკეთა,­ მე გამოვიყურებოდი ყველაზე ჯანმრთელად. ეს რომ მითხრეს, შევიცხადე, რომ იცოდეთ, თქვენზე მეტი ბრმა მე ვარ, თუ არ გჯერათ, ჩემს ცოლს დააკვირდით-მეთქი. სანამ ისინი ჩემს ცოლს მიშტერებოდნენ, დრო ვიხელთე და ექიმთან ურიგოდ შევედი. უკან რომ გამოვედი, რიგში მდგომნი იცინოდნენ... ხუმრობა იქით იყოს და, მშვენიერი ცოლი მყავს, 2 შვილი გავზარდეთ და 8 შვილიშვილსაც მოვესწარით. ვეზიდებით ცხოვრების ჭაპანს ერთგულად და ვცხოვრობთ ტკბილად.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა