"ვიდექი და მუშტისხელა ცრემლებს ჩუმად ვყლაპავდი, შვილის საფლავი უპატრონოდ მრჩება..." - პოლიტიკური უბედურება
"ვიდექი და მუშტისხელა ცრემლებს ჩუმად ვყლაპავდი, შვილის საფლავი უპატრონოდ მრჩება..." - პოლიტიკური უბედურება
"უფრო ადრე ზემოთ გაავლეს მავთულხლართები, ახლა რამდენიმე მეტრით გადმოსწიეს და რკინის ბოძებზე გადაჭიმეს. ორი სახლი იქით დარჩა, მესამეს კედელთან გაუვლეს რკინის ბადე..."

14 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გავლების პროცესი განაახლა. რუსმა სამხედროებმა მოსახლეობას სახლების დასატოვებლად სამდღიანი ვადა მისცეს. ბორდერიზაციის შედეგად ხაზს მიღმა ექცევა რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები, მათ სახლ-კარი უკვე დაცალეს... გუგუტიანთკარში ჩავიდნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები. ამ დროისთვის ბორდერიზაცია შეჩერებულია.

"ვიდექი და
მუშტისხელა ცრემლებს ჩუმად ვყლაპავდი, შვილის საფლავი უპატრონოდ მრჩება..."


გივი რაზმაძე, გუგუტიანთკარის მკვიდრი:
- 15 აგვისტოს მოვიდნენ­ რუსები და პირდაპირ მომახალეს, სამ დღეს გაძლევთ აქაურობის
დასაცლელადო.­ არ გამკვირვებია, რადგან ვხედავდი, მანამდე როგორ იქცეოდნენ. გამოვიტანე, რისი გამოტანაც­ შეიძლებოდა, სახლის გვერდით სათავსი მქონდა, ყველაზე ადვილი დასაშლელი ის იყო და წამოვიღე. სახლს ვერ დავშლიდი და ხელუხლებელი დავტოვე.
მე აქეთ ვმუშაობდი - სახლიდან­ ჩემს ნაშრომს ვეზიდებოდი, რამდენიმე მეტრში კი რუსები მუშაობდნენ - რკინის ბოძებს ასობდნენ...


ის სახლი ჩემი ხელით ავაშენე. ბაღს ვუვლიდი, სიმინდი მომყავდა­ და როგორია, ვიღაც გადამთიელი რომ დაგადგება, დაცალე სახლ-კარი, აქ აღარ ცხოვრობო?! ვაზი ჩავყარე, წელს კარგად ესხა, მაგრამ დაუკრეფავი დამრჩა. კაკალი მაქვს, სიმინდი ცოტა ხანში მოსატეხი იქნება...­ თუმცა რაღა მაქვს, მქონდა... ამბობენ, ეს ბოძები სასაფლაოს შუაზე გაყოფსო. სანამ წამოვიდოდი, თვალით ვზომავდი, სად შეიძლებოდა გაევლო ხაზს... დედ-მამა, ბებია და ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი, უფროსი შვილი იქ მყავს დასაფლავებული. ვიდექი და მუშტისხელა ცრემლებს ჩუმად ვყლაპავდი, შვილის საფლავი უპატრონოდ მრჩება. გოგონა წლების წინ ავადმყოფობით დამეღუპა, ლამის ყოველდღე გავდიოდი საფლავზე, ახლა რა მეშველება...

2008 წელს სახლი დამიწვეს, მაგრამ ასე უსუსურად მაშინაც არ მიგრძნია თავი. კაცს მკვდრის მოკითხვის შესაძლებლობას რომ გართმევენ, რისთვის გიდგას სული...

"ნაბიჯი არ გადადგა რუსმა ისე, ჩემთვის უბედურება არ მოეტანა"


თინა გუგუტიშვილი, გუგუტიანთკარის მკვიდრი: - სახლი 2008 წლის ომის დროს დაგვიწვეს და ჩვენს სოფელშივე სკოლის შენობაში 4 ოჯახს თითო ოთახი მოგვცეს.­ ჩემი დამწვარი სახლის ერთი მხარე გადარჩა და სათავსად ვიყენებდით. ახლა რუსებმა იმ დამწვარ სათავსთან ერთად მიწის ნაკვეთიც წაიღეს... ერთი სიტყვით, ნაბიჯი არ გადადგა რუსმა ისე, ჩემთვის უბედურება არ მოეტანა. მთელ საქართველოს აზარალებს, მაგრამ ჩემს ოჯახს წლებია ასე ნაწილ-ნაწილ გლეჯს და სტაცებს ყველაფერს - საცხოვრებელს, მიწას, ახლობლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ერთი ნაკვეთი ომის დროს წაიღეს, მეორეს ახლა მართმევენ, როგორ უნდა ვიარსებოთ?!



- სკოლაში ოჯახთან ერთად ცხოვრობთ?
- დიახ, თან მეუღლე შშმ პირია. ორი წლის წინ ნაკვეთში მუშაობისას მოიტაცეს და ოსურ მხარეს წაიყვანეს. 5 დღე არაფერი ვიცოდი, მერე სასტიკად ნაცემი და ცოცხალ-მკვდარი გადმოგვცეს. ისე მძიმედ იყო, პირდაპირ საავადმყოფოში წაიყვანეს და კარგა ხანს მკურნალობდა. ნერვული სისტემა დაუზიანეს და არაფერი ახსოვს... მეტს ვეღარ ვუძლებთ, წელში გადაგვტეხა ყოველდღიურმა შიშმა და განუკითხაობამ. ველოდებოდი, ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ, ქუდზე­ კაცი გამოვა-მეთქი, რომ სიმბოლურად მაინც გვითხრან, ნუ გეშინიათ, ხალხო, მარტო არა ხართ, გვახსოვხართო. რაღაცით ხომ უნდა გვაგრძნობინონ, რომ საქართველოს ნაწილი ვართ, მაგრამ ისევ ს ახლებიდან­ აპროტესტებენ... მხოლოდ ხელისუფლებას არ ვგულისხმობ, ხალხზეც ვამბობ, მერე კი ჩამოვიდნენ დიპლომატები და ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ რაღა დროს...

- რუსები თქვენს სოფელში პირველად არ შემოსულან, არა?
- მანამდე ცოტა ზემოთ გაავლეს მავთულხლართები, ახლა რამდენიმე მეტრით გადმოსწიეს და რკინის ბოძებზე გადაჭიმეს. ორი სახლი იქით დარჩა, მესამეს კედელთან გაუვლეს რკინის ბადე... სოფელში ერთი მოხუცი კაცი გვყავს, არასდროს ეს მიწები ოსური მხარის ადმინისტრაციას არ ეკუთვნოდაო, ამბობს. ეს იმ რუსებს ვუთხარი კიდეც და ერთ-ერთს გაეცინა, ჩვენ ჩვენი რუკა გვაქვს, ტელეფონში გვიწერია და იმას მივყვებითო...
ამაზე მძიმე რა შეიძლება იყოს, შენი მამა-პაპის მიწაზე შეიარაღებული რუსი რომ გეუბნება, წადი აქედან, შენი აღარ არისო. შენს ნაოფლარსა და ნაშრომ-ნაწვალებში ტექნიკით შევარდება, მიჩეხ-მოჩეხს და ვერაფერს ეუბნები, თავს ზემოთ ძალა არა გაქვს... ბარბაცით წამოვედი იქიდან და ვინ იცის, მერამდენედ ვინატრე, ღმერთო, თუ სამართალი არსებობს, ამას როგორ უნდა ვხედავდე-მეთქი.
პოლკო-ვნიკი!
20 აგვისტო 2019 11:10
ნაცებო თქვენს კისერზეა ამ ხალხის ცოდვა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა