ქართული ტყემლის საშიში "სუდანი" - კვირის პალიტრა

ქართული ტყემლის საშიში "სუდანი"

"1 ლარი რომ ღირს წიწაკა ჩილი, როგორ შეიძლება ის ნატურალური იყოს? ამ პროდუქციის მარტო პლასტმასის ქილა და მისი თავსახური ეღირება მთლიანი ღირებულების 70%-ზე მეტი"

საქართველოს "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, 42 დასახელების პროდუქტიდან 6-ში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა. მათი ინფორმაციით, მართალია, არასაკვები საღებავები სურსათში მცირე ოდენობით იყო მაგრამ მისი სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას. ორგანიზაციამ შეამოწმა ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქული) ნიმუშები, რომელიც გერმანიის ლაბორატორიაში არასაკვები საღებავების ჯგუფის შემცველობის შესამოწმებლად გაიგზავნა. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტ ხათუნა ახალაიას მივმართეთ.

- ძნელად დასაჯერებელია, რომ რომელიმე მწარმოებელმა არ იცოდა, რას იყენებდა ნედლეულად და თუ არ იცოდა, მაშინ საქმე გვაქვს სურსათის უვნებლობის სტანდარტების დარღვევასთან. გამოდის, არ აკონტროლებენ შემოტანილი ნედლეულის ხარისხსა და მის საკვებთან თავსებადობას.

90% სანელებლებისა, რომლებშიც სწორედ "სუდანი" აღმოჩნდა, შემოტანილია.

როდესაც არის რისკის მაღალი კოეფიციენტი, ასეთი პროდუქტების თითქმის ყველა პარტია უნდა შემოწმდეს. ხშირად შემოდის პროდუქცია, რომლის წარმოშობის სერტიფიკატში მითითებულია მხოლოდ ძირითადი კომპონენტები და არაფერია ნათქვამი ქიმიურ მინარევებზე, დანამატებსა და ფერის მიმცემ ნივთიერებაზე. მაგალითად, დაფქული წიწაკის წარმოშობის სერტიფიკატში წერია, რომ არის ნატურალური პროდუქტი და არ წერია, დამატებით რა მინარევებს შეიცავს.

- რა შეიძლება იყოს მინარევი?

- შეიძლება იყოს არომატიზატორები, შესაფერადებელი სინთეზური ნივთიერებები, ოღონდ საკვებად დაშვებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფერის შემავსებლად გამოყენებულია "სუდანი".

2015 წლიდან სულ იმაზეა ლაპარაკი, რომ დაფქულ წიწაკაში, ყვითელ ყვავილსა და სხვა სუნელებში ტყვიისა და "სუდანის" შემცველი მინარევი ფიქსირდება. აქედან გამომდინარე, საჭიროა მეტი კონტროლი არა პერიოდულად, არამედ სისტემატურად.

საკვების მწარმოებელ კომპანიებს ნედლეულის სრული კვლევა უნდა დაევალოს, სახელმწიფო კი მათგან სურსათის უვნებლობის სტანდარტის ზედმიწევნით შესრულებას უნდა ითხოვდეს და არა ფურცელზე ან კედელზე გამოკრული სერტიფიკატით.

2018 წლის ბოლოს კანონით აიკრძალა დაფქული სუნელების გაყიდვა - ან მყიდველის თვალწინ უნდა დაფქულიყო, ან ქარხნულად შეფუთულის რეალიზაცია უნდა მომხდარიყო. ეს კანონი, ძირითადად, სუპერმარკეტებს დააწვათ ტვირთად, ვიდრე პატარ-პატარა მარკეტებსა და ბაზრებს. პატარა სუპერმარკეტებისა და საკოლმეურნეო ბაზრობების გაკონტროლება ძნელია. ამიტომაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ისეთი მექანიზმი უნდა შეიმუშაოს, რომ კანონი ამოქმედდეს, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ირღვევა.

- კანონის მიღებას რა აზრი აქვს, თუ არ აღსრულდა? ერთხელ მაინც გინახავთ დამრღვევი დასჯილი? - საქართველოში სახელმწიფო მოხელეები ცდილობენ ნაკლებად დააზარალონ მწარმოებლები, მომხმარებლის ჯანმრთელობა კი მეორეხარისხოვანია. რატომ უნდა იყოს შემოსატანი დაფქული წიწაკა ინდოეთიდან, ჩინეთიდან ან პაკისტანიდან? რატომ ვერ ხერხდება ადგილობრივი ნედლეულის წარმოება?

- თუ სანელებლების 90% შემოტანილია, შეიძლება წითელ-წითელი და გემრიელი კეტჩუპებიც მავნე ნივთიერებებით არის გაძეძგილი. რა ვქნათ, მთავრობას ვენდოთ, თუ დაველოდოთ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მათ გადამოწმებას? - 1 ლარი რომ ღირს წიწაკა ჩილი, როგორ შეიძლება ის ნატურალური იყოს? ამ პროდუქციის მარტო პლასტმასის ქილა და მისი თავსახური ეღირება მთლიანი ღირებულების 70%-ზე მეტი.

- რატომ არავინ ინტერესდება ამით, რატომ არ ფიქრობენ მომხმარებელზე? - ჩვენს ქვეყანაში, ძირითადად, ასეთი მიდგომაა: "გაიყიდება, აბა, მშივრები ხომ არ იქნებიან". მართლაც,

ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხალხი ყიდულობს იმას, რაც იაფია, ასე რომ, ეყიდებათ, მაგრამ შემდგომ ჩილის ფასზე ათასმაგად ძვირი ჯდება ჩვენი ჯანმრთელობის გამოსწორება.

მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროსა და UNICEF-ის ბოლოდროინდელმა კვლევებმა ცხადყო, რომ ბავშვების 70%-ს სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონე აქვს. ჯანმრთელობის დაცვა სახელმწიფოსაც ხომ ძვირი დაუჯდება, რადგან მოსახლეობა საყოველთაო დაზღვევით სარგებლობს, მაგრამ ხომ შეიძლება პრევენციაზეც ვიზრუნოთ? წესით, უკვე უნდა დგებოდეს სია, თუ რომელი ნედლეული რომელ პროდუქციაში აღმოჩნდა და აიკრძალოს მისი შემოტანა. ამით ან ადგილობრივ ბიზნესს შევუწყობთ ხელს, ან მაღალი სტანდარტის პროდუქცია შემოვა, ეს კი პირდაპირ სახელმწიფოს ფუნქციაა.

- ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში რა სტანდარტებით ხელმძღვანელობენ მსგავს შემთხვევებში? - როდესაც რისკის ქვეშ დგას რომელიმე პროდუქტი, ყველა პარტიას საბაჟო სამსახური ამოწმებს. ამასთან, ყველა სურსათის მწარმოებელ კომპანიას აქვს HACCP (სისტემა, რომელიც გამოიყენება სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად პოტენციური საფრთხეების იდენტიფიკაციის მიზნით, რათა შემცირდეს ან აღმოიფხვრას საფრთხის რისკი იმ მნიშვნელოვან ეტაპებზე, რომლებსაც ვუწოდებთ კრიტიკულ საკონტროლო წერტილებს) და ISO22000 (საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც დაგეხმარებათ სურსათის უვნებლობის მართვაში) სტანდარტები, რომლის მიხედვითაც იკვლევენ პროდუქტში არსებული ნედლეული საიდან მოვიდა ჩვენამდე. მაგალითად, თუ მაღაზიაში მომხმარებელი აბრუნებს პროდუქტს და იტყვის, რომ აწყინა, ამ პროდუქციის წარმოების კოდით მის მოსამზადებლად გამოყენებული ყველა ნედლეულის წარმოშობაზე დეტალურ ინფორმაციას შეიტყობენ...

ჩვენთან სურსათის უვნებლობის HACCP და ISO22000 სტანდარტები ახლა ინერგება.

დასავლეთში მასერტიფიცირებელი ორგანო ასეთი სტანდარტების მქონე კომპანიებს 2-3 წელიწადში ერთხელ აკონტროლებს და თუ მოთხოვნებს ვერ უპასუხებენ, ავტომატურად ეხსნებაYთ სტანდარტი.

- როდესაც დამნაშავეს მიაგნებენ, მერე რა ხდება? ლიცენზია უჩერდება, იურიდიულ პასუხისმგებლობაში ეძლევა, თუ... - სავაჭრო ქსელიდან მათი წუნიანი პროდუქცია ამოვარდება. ასეთ სანქციებს იმხელა ეკონომიკური ზარალი მოსდევს, ფაქტობრივად, ბიზნესი გაკოტრების წინაშე დგება.

რაც შეეხება იურიდიულ პასუხისმგებლობას, გააჩნია, რა დონის ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნება მომხმარებელს. ასეთ შემთხვევაში ყველა ხარჯს გაიღებს დამნაშავე კომპანია. თუ მსგავსი ფაქტი განმეორდა, შესაძლოა, ბიზნესმენს საერთოდ აეკრძალოს სურსათის წარმოება. ამასთან, თუ ლიცენზია ისეა გაცემული, რომ კომპანიის პროდუქცია არ გაუკონტროლებიათ, ლიცენზიის გამცემიც არაკეთილსინდისიერად ითვლება და სხვა კომპანიებზე გაცემული მისი ლიცენზიებიც საეჭვო ხდება.

- თქვენი აზრით, როგორ დამთავრდება საწებლებთან დაკავშირებული ეს ამბავი?

- ბუნებრივია, ეს დაეტყობა ამ კომპანიების შემოსავალს, გაყიდვებს, სამაგიეროდ, ახალ კეთილსინდისიერ მწარმოებლებს ბაზარზე შესასვლელად კარგი შანსი მიეცემათ.

- ღმერთმა იცის, კიდევ რამდენი ასეთი პროდუქციაა დახლებზე... - მომხმარებელზე ბევრი რამაა დამოკიდებული. მისი აქტიურობა მწარმოებლებს აიძუUლებს რაღაც განაახლოს

და შეცვალოს.

"სუდანი" ძირითადად გამოიყენება დიზელის საწვავისა და ბურთულებიანი პასტების წარმოებაში"

რამაზ გახოკიძე, პროფესორი: - "სუდანი" მიეკუთვნება ე.წ. აზოსაღებავების ჯგუფს, რომელიც არასაკვები საღებავია, მისი სხვადასხვა ვარიაცია იძლევა ყვითელ, წითელ და ფორთოხლისფერ შეფერილობებს. ძირითადად გამოიყენება დიზელის საწვავის, ბურთულებიანი პასტების წარმოებაში, ასევე საპოხი მასალების და ქსოვილების შესაღებად. "სუდანი" განსაკუთრებით საშიშია, რადგან ცხიმში ხსნადია და ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ცხიმოვან უჯრედებში გროვდება. კანცეროგენური ნივთიერება მოქმედებს გენეტიკურ აპარატზე, რაც იწყებს დეფორმაციას და ხდება მუტაციები, მუტაციამ კი ადვილად შესაძლებელია საფუძველი დაუდოს ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნას.

საკვები დანამატების ჩამონათვალში ფიგურირებს E 110 - ფორთოხლისფერი "სუდანი", რომელსაც ბევრ სასმელში ვხვდებით - განსაკუთრებით ხშირად უალკოჰოლო ფორთოხლისფერ სასმელებში. ასე რომ, ერიდეთ ფორთოხლისფერ სასმელებს.

ლიმონათებსა და ნაყინებში ხშირად გამოიყენება სინთეზური საღებავი, "სუდანის" ტიპის მსგავსი ტარტრაზინი Е102, რაც ბავშვებში იწვევს ალერგიას, კანის დაავადებებს, ყურადღების დაქვეითებას, ჰიპერაქტიურობას, მხედველობისა და ძილის დარღვევას. ის კანცეროგენია, კიბოს წარმომქმნელი. ამიტომაა, რომ ლიმონათის დალევას ყველას ვუკრძალავ, თუ მაინცდამაინც, ფერადს ნუ დალევთ, ლიმონის დალიეთ. ის უფერულია.

აზორუბინი E 122-ც "სუდანის" ტიპის აზოსაღებავია, წითელი ფერის. ბავშვებში იწვევს ყურადღების გაფანტვას, ზრდის კიბოს წარმოქმნის ალბათობას, ღვიძლის, თირკმელებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევას, მარილების დაგროვებას. ამ საღებავებს იღებენ ქვანახშირის ფისისგან. აზოსაღებავები ძალიან იაფია და ყველგან ვხვდებით - როგორც საკვებში, ასევე კოსმეტიკაში, პირადი ჰიგიენის საშუალებებში, შამპუნებში, დეზოდორანტებში, თმის საღებავებში.

გარდა აზოსაღებავებისა, ვიღებთ სხვა მომწამლავ პროდუქტებსაც, მაგალითად, ტყვიას. ტყვია მოქმედებს თავის ტვინზე, იწვევს გონებრივ ჩამორჩენას, სიმსივნეს, სმენის დაქვეითებას, ზრდაში შეფერხებას, აგრესიას. იმ რეგიონებში, სადაც გარემო ტყვიითაა დაბინძურებული, 4-ჯერ მეტია დანაშაულის დონე, ვიდრე იქ, სადაც ტყვიის კონცენტრაცია მინიმალურია.

საშიშია შაქრის შემცვლელებიც. მაგალითად, საქარინი E954 . არ ასუქებს, მაგრამ ამწვავებს ნაღველკენჭოვან დაავადებებს, იწვევს შარდის ბუშტის კიბოს. არაკალორიულია ასპარტამის დამატკბობელიც - E951 და ათასობით დასახელების პროდუქტში გამოიყენება. მისი ხანგრძლივად გამოყენება იწვევს ტვინის კიბოს, საჭმლის მონელების სისტემის დარღვევას, ალერგიას, დეპრესიას, უძილობას, ოდნავი შეთბობით კი მასში ისეთი შხამები გამოიყოფა, რომ კანცეროგენურ ნივთიერებად გარდაიქმნება.

დიდი ხანი არ არის, რაც ჩვენს კულინარიაში პალმის ზეთი შემოვიდა. ის ძალიან სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, მაგრამ საშიშროებას წარმოადგენს ტექნიკური, გაუფილტრავი პალმის ზეთი, რაც გაფილტრულზე 5-ჯერ იაფია და იწვევს ონკოლოგიური დაავადებების პროვოცირებას, ქოლესტერინის ბალთების წარმოქმნას. ჩვენს პროდუქტებს აწერია, რომ შეიცავს პალმის ზეთს, მაგრამ არავინ იცის, გაფილტრულია თუ არა. ბოთლს კი აწერია "მცენარეული ზეთი", მაგრამ წადი და გაარკვიე, მზესუმზირისაა, ზეითუნის თუ პალმის გაუფილტრავი.