"შვილის სიცოცხლის საზღაური არ არსებობს და არც ვაპირებ საკომპენსაციო თანხის აღებას..." - კვირის პალიტრა

"შვილის სიცოცხლის საზღაური არ არსებობს და არც ვაპირებ საკომპენსაციო თანხის აღებას..."

"10 წელი ვიარე სიმართლის დასადგენად, მაგრამ ამ უსამართლო ქვეყანაში ვერაფერს გავხდი..."

2009 წლის 26 აპრილს "რუსთავი 2"-ის პროექტ "ვარსკვლავების აკადემიის" მიმდინარეობისას შენობა ჩამოინგრა და ორი ახალგაზრდა დაიღუპა. ორი მემონტაჟის, ნიკა გელაშვილისა და გიორგი გაბუნიას ცხედრები მხოლოდ 14-საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ იპოვეს.

მაშინ ტრაგედიის ერთ-ერთ ვერსიად სამშენებლო კომპანიისა და მშენებლების დანაშაული გამოიკვეთა - მშენებლებმა საყრდენი კედელი მოანგრიეს, რამაც შენობის ნგრევა გამოიწვია, თუმცა თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ "დამნაშავე" არავინ იქნებოდა, რადგან კომპანია "არტიქსს", რომელიც შენობის რეკონსტრუქციაზე მუშაობდა, იმდროინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მფარველობდნენ. მას შემდეგ 10 წელი გავიდა, მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში, დღემდე გაურკვეველია...

"კვირის პალიტრასთან" საუბარში ნიკა გელაშვილის დედა, ნუცა თოფჩიშვილი ამბობს, რომ იმედოვნებდა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყველაფერი გაირკვეოდა, თუმცა...

- რკინის ქალამანი ჩავიცვი, რკინის ჯოხი დავიჭირე და 10 წელი ვიარე სიმართლის დასადგენად, მაგრამ ამ უსამართლო ქვეყანაში მაინც ვერაფერს გავხდი. შვილმკვდარმა დედამ ამ დროის განმავლობაში უამრავი დამცირება, ტყუილი და აგდებული დამოკიდებულება ავიტანე. დანაშაული აშკარა იყო - მშენებელი დავით გვასალია დააპატიმრეს და ბრალდებად წაუყენეს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მაგრამ სასამართლო პროცესი არც ჩატარებულა, ისე გაათავისუფლეს დარბაზიდან და საპროცესო გარიგება გაუფორმეს. წარმოიდგინეთ, ჯარიმაც კი არ დაუკისრებიათ. "რუსთავი 2"-ის მაშინდელი გენერალური დირექტორი ირაკლი ჩიქოვანი კი ამ ამბიდან ორ კვირაში მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ დანიშნეს. არადა, პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობდა, 10 დღეში ყველაფერი გამოიძიეთ და დამნაშავეები დასაჯეთო.

- კომპანიის წარმომადგენლებს თუ შეხვდით?

- მათი ცინიზმით გაოგნებული ვიყავი. ტრაგედიიდან რამდენიმე ხნის შემდეგ გიგა ბოკერიას ქვისლი მოვიდა, რომლის მეუღლეც ამ ფირმის ერთ-ერთი დამფუძნებელია, გვარად ნინუა, და ირონიულად მითხრა, რაო, როგორ ამბობ ჟურნალისტებთან, მეორე ირინა ენუქიძე გავხდებიო?.. იმ მშენებელს ადვოკატსაც ავუყვან, ვუპატრონებ კიდეც და თუ გინდა, შენც დაგიქირავებ ადვოკატსო... ამ დამოკიდებულებას განანებთ-მეთქი, შევპირდი, მაგრამ ვერ შევასრულე. ღმერთმა დამიფაროს, გავბოროტდე, მაგრამ არ მინდა ამ ქვეყნიდან ისე წავიდე, ის პირები, ვისაც ჩემს უბედურებაში წვლილი მიუძღვით, დაუსჯელი დარჩნენ...

- რა ხდება ახლა? - თუ მაშინ "ნაციონალების" ცინიზმსა და ზემოდან ყურებას ვიტანდი, შემდეგ ჩემი შვილის საქმეზე სრული დუმილი გაგრძელდა. სიმართლე გითხრათ, რომელი ჯობია, არ ვიცი... "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლას დიდი იმედით შევხვდი. 2012 წელს ხელახლა შევიტანე საჩივარი პროკურატურაში, ვფიქრობდი, სიმართლეს დაადგენდნენ, მაგრამ როგორც სხვა უამრავი შემოდეს თაროზე, არც ამ საქმით დაინტერესებულა ვინმე. მეგონა, ჩემი დამცირება დასრულდა, მაგრამ მერე მივხვდი, პროკურატურას ჯერ კიდევ "ნაციონალები" მართავდნენ და ასეა დღემდე...

2012 წელს საქმე ახალ პროკურორს, მოსეშვილს გადასცეს. დიდი ენთუზიაზმით შეუდგა საქმეს - თამარ ჩერგოლეიშვილის დას უწყება რომ გაუგზავნა, ის ისე შეშინდა, საფრანგეთში წავიდა. დაიწყო ხელახალი დაკითხვები, მე და ჩემი რძალიც არაერთხელ დაგვიბარეს და მეგონა, საქმის ძიებას ხელახლა დაიწყებდნენ, მაგრამ ძალიან მალე მოსეშვილი შეცვალეს. ამის შემდეგ იყვნენ ვახტანგ ჭიბალაშვილი, ამირან გულუაშვილი, გუმბერიძე, კუტალაძე - ეს იმ პროკურორების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ამ საქმეზე მუშაობდნენ.

- ყოველი ახალი პროკურორი ხელახლა იწყებდა ძიებას? - არ ვიცი, იწყებდა თუ არა. ერთხელ პროკურორ გუმბერიძესთან საუბრისას მივხვდი, რომ საქმის შესახებ არაფერი იცოდა. წაკითხული მაინც თუ გაქვთ-მეთქი? იმდენი საქმე მაქვს, ქალბატონო, ამისთვის სად მცალიაო. პროკურორმა ჭიბალაშვილმა კი მკითხა, პირდაპირ მითხარით, რას ითხოვთო? ისიც არ იცოდა, რომ ორი ახალგაზრდა ვიღაცების შეცდომას შეეწირა. რას უნდა ვითხოვდე, სიმართლის პოვნა მინდა-მეთქი. ჭიბალაშვილი სამი წლის განმავლობაში მამშვიდებდა, ნუ ნერვიულობთ, საქმეს არ დავხურავთო, მაგრამ ერთხელაც საქმის მოსაკითხად რომ დავრეკე, უკვე დახურულიაო, მითხრეს. ეს იყო 2015 წელს... ვის აღარ მივმართე - გია ვოლსკის, ეკა ბესელიას... მხარს მიჭერდნენ, მაგრამ საქმე წინ ვერ წავიდა. პროკურატურიდან მუდმივად ტრაფარეტული პასუხები მოდიოდა: სანამ ახალი გარემოებები არ გამოიკვეთება, ძიებას ვერ დავიწყებთო... ვეუბნებოდი, არის ახალი გარემოებები-მეთქი, მაგრამ ყურს არავინ მიგდებდა. ახლაც ასეა.

- რა ახალი გარემოება გამოიკვეთა? - ის, რომ "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ თავისი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე არ იზრუნა და არც თვითმხილველები, ანუ დაცვის თანამშრომლები დაუკითხავთ. ადრე ამბობდნენ, ისე ირყეოდა ყველაფერი, ღამე მინები ჩაიმსხვრაო და ჩამონგრევამდე რამდენიმე ხნით ადრე დაცვას შენობა დაუტოვებია. გამოძიება კი, ფაქტობრივად, არ ჩატარებულა. სამი დღის განმავლობაში სარესტავრაციო სამუშაოების გამო შენობა ყანყალებდა და არ გამოჩნდა არც ერთი სპეციალისტი, რომელიც გააფრთხილებდა შენობაში მყოფებს. ირაკლი ჩიქოვანმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩააყენა "ვარსკვლავების აკადემიის" მონაწილეები, რადგან მათ არ ჰქონდათ საშუალება შენობა დაეტოვებინათ.

სადღა არის ჩიქოვანი, რამდენი დირექტორი გამოიცვალა "რუსთავი 2"-მა, ვინ სად წავიდა, არავინ იცის...

- იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა არ გიცდიათ? - როგორ არა, 2013 წელს წულუკიანსაც შევხვდი და ავუხსენი ყველაფერი. იმ დროს უკვე სტრასბურგში მქონდა საქმე გაგზავნილი და ამის შესახებაც ვუამბე. გამოითხოვეთ სტრასბურგიდან საქმე, დაწერეთ განცხადება, რომ ახალი ხელისუფლება ამ საქმეს გამოიძიებს და გპირდებით, სამართალს გაპოვნინებთო.

არადა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ჩემი ერთადერთი იმედი იყო, რადგან ჩემს ქვეყანაში ვერაფერს გავხდი... თუმცა შემდეგ გავარკვიე, რომ არც სტრასბურგის იმედი უნდა მქონოდა, რადგან ჩემი საქმის ადვოკატებმა რეაგირებისთვის არაფერი გააკეთეს. არ ვიცი, ეს უვიცობით მოუვიდათ თუ "ნაციონალებთან" იყვნენ შეკრული. მას შემდეგ არაერთი წერილი გავუგზავნე წულუკიანსაც და ირაკლი შოთაძესაც, მაგრამ არც ერთი არ შემხვდა.

- მეორე დაღუპულის ახლობლები საქმეში თქვენთან ერთად არიან?..

- არა, მიზეზთა გამო გიორგი გაბუნიას ოჯახი თავიდანვე არ აპირებდა ჩივილს. 2017 წელს, მას შემდეგ, რაც საქმე დაიხურა, თავად "ვარსკვლავების აკადემიის" მონაწილეებმა შეიტანეს საჩივარი და ერთ-ერთ მონაწილეს გამომძიებელმა ჰკითხა, აქამდე სად იყავითო? ნიკა გელაშვილის დედას ველოდებოდით, მაგრამ რადგან პროკურატურა ამდენი წელია არაფერს აკეთებს, ახლა ჩვენ ვითხოვთ საქმის გამოძიებასო. ის, ვინც საჩივარი შეიტანა, ბერა ივანიშვილთან მუშაობს, თუმცა ჯერჯერობით წინსვლა არ არის. საჩივარი შეტანილია, მაგრამ არც იძიებენ და არც გამოძიებაზე ეუბნებიან უარს.

- ახლა რას აპირებთ? - დანებებას არ ვაპირებ, სექტემბრიდან ისევ ახალი საჩივარი უნდა შევიტანო. შვილი დავკარგე და დაზარალებულის სტატუსიც არა მაქვს, ადვოკატის აყვანის უფლებაც კი არ მომენიჭა. მაინტერესებს, როდემდე გაგრძელდება ეს ცირკი. იქნებ ეყოთ ვაჟკაცობა და პირდაპირ თქვან, ვიცით, რომ მართალი ხართ, მაგრამ რა ვქნათ, ასეთი საცოდავები ვართ, ვერაფერს ვახერხებთო. ორი ადამიანი დაიღუპა ვიღაცის გულგრილობისა და არაპროფესიონალიზმის გამო და არავინ დასჯილა...

- ოჯახს არავითარი კომპენსაცია არ მიუღია? - ჩემმა რძალმა საქალაქო სასამართლოში შეიტანა საჩივარი, სამოქალაქო დავა დაიწყო, ჩემი შვილიშვილისთვის კომპენსაცია და პენსია მოითხოვა. კომპენსაციაზე უარი უთხრეს და ბავშვს ოთხმა სუბიექტმა - "არტიქსმა", რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის დის, რუსუდანის და დავით კეზერაშვილის ცოლის სამშენებლო კომპანიაა, "ჯორჯიან ბილდინგ კორპორეიშენმა," "რუსთავი 2-მა" და მშენებელმა დავით გვასალიამ - ჩემს შვილიშვილს, სანამ ზრდასრული არ გახდება, პენსია დაუნიშნა. მე სიმბოლურად კომპენსაციის თანხად 1 ლარი მოვითხოვე, რადგან ამით სამართალი ნაპოვნი მექნებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მივაღწიე, თორემ შვილის სიცოცხლის საზღაური არ არსებობს და არც ვაპირებ საკომპენსაციო თანხის აღებას. ამ ქვეყანაში არეულობა, აქციები არასდროს წყდება და ჩემნაირად უსამართლოდ დაჩაგრულებისთვის არასდროს სცალიათ.