"იქნებ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც "ახალგორის" რედაქციას ძველი რიხით აამუშავებენ..." - კვირის პალიტრა

"იქნებ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც "ახალგორის" რედაქციას ძველი რიხით აამუშავებენ..."

"მინდა ტკივილითა და გამძლეობით სავსე სიცოცხლეზე გიამბოთ და ამ სიცოცხლის გადარჩენა გთხოვოთ. თუმცა წარმოიდგინეთ, არა ადამიანის, არამედ გაზეთის გადარჩენას გთხოვთ. ეს ჩვენი ოკუპირებული ულამაზესი ქალაქ ახალგორის გაზეთი "ახალგორია", რომელმაც ამ გამძლეობით 80 წლის განმავლობაში იცოცხლა და აცოცხლა მისმა გმირმა რედაქტორმა მერაბ ბალაშვილმა, ახლა კი ამ გაზეთის გამოცემა შეწყდა. არადა, გარწმუნებთ, დღევანდელი ახალგორის ტერიტორიაზე დარჩენილ და იქიდან დევნილ ქართველებს, ვერც ვერაფერი დააკავშირებს და ვერც ვერაფერი დააიმედებს ისე, როგორც ეს გაზეთი. ხომ თავადაც მოგეხსენებათ, რომ ახალგორთან სატელეფონო კავშირიც კი ძალზე გართულებულია, რის შენარჩუნებასაც ეს გაზეთი სასწაულად ახერხებდა. გთხოვთ, დაინტერესდეთ ამ თემით. ამით მხოლოდ გაზეთისთვის კი არა, ქვეყნისთვისაც გააკეთებთ დიდ საქმეს", - მოგვწერეს ახალგორიდან დევნილებმა.

და ჩვენც გული როგორ გაგვიძლებდა, რომ წეროვნის ლტოლვილთა დასახლებაში კოლეგას, "ახალგორის" რედაქტორს მერაბ ბალაშვილს არ დავკავშირებოდით. როგორც გვითხრა, ამ ხნის განმავლობაში გაზეთის რედაქციას სამუშაო ოთახიც არ ჰქონია და ყველა საკუთარ სახლში ფურცლებზე წერდა წერილებს.

- სარედაქციო მუშაობის ფუფუნება 2008 წლიდან აღარ გაგვაჩნია, ჩვენ ხომ დევნილთა დასახლებაში ვცხოვრობთ?! თუმცა არ გვიწუწუნია, რადგან გაზეთის გამოცემას შარშან კიდევ ვახერხებდით. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა გამძლეობა გვჭირდებოდა, განსაკუთრებით აგვისტოს ომის პირველ ხანებში. 2008 წელს თბილისის "დინამოსთან" ახლომდებარე ბაგა-ბაღში შეგვასახლეს და იქ ვწერდით რედაქციის თანამშრომლები, სულ 4 კაცი. მთავარი სირთულე გაზეთის ახალგორში გადატანა იყო. ლტოლვილობის პრობლემებზე ვწერდით. წერილები სტამბაში მიგვქონდა და გაზეთსაც იქ გვიწყობდნენ. ამას მიზერული თანხებით ვახერხებდით - თითო ნომრის გამოსაცემად 150 ლარი გვჭირდებოდა.

- გაზეთის გადატანას როგორ ახერხებდით? - სანდო ადამიანების წყალობით. მათ ახალგორში გაზეთი ჩაჰქონდათ, იქიდან კი პრობლემებით დატვირთული მოდიოდნენ, რომელზეც ისევ ვწერდით და ადამიანებს ტვირთს ვუმსუბუქებდით. ახალგორში დღეს 20% ქართველია დარჩენილი და უნდა ნახოთ, როგორ ელოდებიან ჩვენს გაზეთს. ეს არის მათი ერთადერთი სულიერი საყრდენი. სამწუხაროდ, გაზეთს წელიწადზე მეტია ვეღარ ვაკეთებთ, მიზეზი კი იმ მცირე ფინანსების უქონლობაა, რითაც ბოლო დრომდე ვმუშაობდით... თავდაუზოგავად ვიბრძვი, ამჟამად თანამედროვე მედიაგანვითარებისთვის პროექტს ვამზადებ, იქნებ გაგვიმართლოს. გარდა ამისა, უკვე რამდენი ხანია ვეძებ ადამიანებს, რომლებიც კომპიუტერებს გვაჩუქებენ, თუნდაც მეორადს. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიხარულს მიანიჭებს ახალგორელების ორივე მხარეს ამ გაზეთის გამოცემა. გმადლობთ, რომ თქვენი კოლეგების ბედით დაინტერესდით. იქნებ ამ მტკივნეული თემის გახმაურებამ სიკეთე მოგვიტანოს, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც "ახალგორის" რედაქციას ძველი რიხით აამუშავებენ.