გამხმარმა წიწვოვანმა მთელი ქალაქი დაფარა - კვირის პალიტრა

გამხმარმა წიწვოვანმა მთელი ქალაქი დაფარა

"დედაქალაქის ქუჩებში გადამხმარი კორომები ისე "ამაყად" დგანან, გეგონება, ჩვენს სირცხვილსა და გულარხეინობაზე კი არა, საამაყო საქციელზე მეტყველებენ. მათი შემხედვარე ადამიანს ლამის ინფარქტი მოგივიდეს სიმბოლური და პირდაპირი გაგებითაც!"

რამდენი წელია თბილისის წიწვოვანი უღვთოდ ხმება. გამხმარმა მრავალწლოვანმა საფარმა უკვე ლამის მთელი ქალაქი მოიცვა. ექსპერტების თქმით, თუ ასე გაგრძელდა, დედაქალაქში 4-5 წელიწადში ერთი ძირი ფიჭვიც აღარ იქნება. თბილისის მერია კი სულ რამდენიმე წლის წინ ამ მაცოცხლებელი საფრის გადარჩენას გვპირდებოდა, მაგრამ... დაავადებულმა ხეებმა ერთმანეთი იმაზე სწრაფად დააავადეს, ვიდრე ქალაქის მერიის დარგული მილიონი ნერგიდან ნახევარი მაინც გახმებოდა. კეთილი ნება რომ ყოფილიყო, ამ პრობლემას მერიის 18-სართულიანი შენობიდანაც კარგად დაინახავდნენ, საიდანაც გაუბედურებული ხეები ხელისგულივით ჩანს. "პალიტრამედია" მერიიდან სულ რამდენიმე მეტრშია და მეხუთე სართულის ვერანდიდანაც კი დაგცემთ თავზარს გამხმარი წიწვოვანების დანახვა.

"ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განაცხადეს, წიწვოვანის მოვლას ვიწყებთო, ამის ნაცვლად, ახალდარგული ნერგებიც დაახმეს"

რატომ ხმება დედაქალაქში წიწვოვანი ხეები კატასტროფული ტემპით და სად არის საშველი, ამ თემაზე სასაუბროდ მცენარეთმცოდნე ნანა თაბაგარს დავუკავშირდით:

- დედაქალაქის წიწვოვან საფარს (და არა მხოლოდ!) ანადგურებენ ხის ტოტებსა და ქერქის ქვეშ დაბუდებული პარაზიტები, სოკოვანი დაავადებები, კლიმატი და ა.შ., მათთან ბრძოლა იოლი არ არის, მაგრამ დედაქალაქის მერია მუშაობას დროულად რომ შესდგომოდა, ამ დღეში არ ვიქნებოდით.

2011 წელს დაავადებული ხეების სანიტარიული ჭრისა და მკურნალობის ღონისძიებებიც დაისახა, მაგრამ საქმე წინ აღარ წასულა - არც ჭრა დაწყებულა, არც სამკურნალო ღონისძიებები. ასე რომ, დედაქალაქის წიწვოვანის 90%-მდე უკვე გამხმარი და დაავადებულია. თბილისის ქუჩებში გადამხმარი კორომები კი ისე "ამაყად" დგანან, გეგონება, ჩვენს სირცხვილსა და გულარხეინობაზე კი არა, საამაყო საქციელზე მეტყველებენ. მათ შემხედვარეს ლამის ინფარქტი მოგივიდეს სიმბოლური და პირდაპირი გაგებითაც!

- ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, 4-5 წელიწადში ქალაქში ერთი ძირი წიწვოვანიც აღარ დარჩება.

- ერთადერთი გამოსავალი ჯერჯერობით ისევ გამხმარი და დაავადებული ხეების სანიტარიული ჭრაა. მათი გადარჩენა შეუძლებელია, მერე კი ჯანსაღ ხეებს უნდა ჩაუტარდეს სამკურნალო ღონისძიებები, რისი საშუალებაც თანამედროვე სამყაროში არსებობს და მერიას აქამდე უნდა მოეძიებინა. კარგად მახსოვს, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განაცხადეს, წიწვოვანის მოვლას ვიწყებთო, ამის ნაცვლად, ახალდარგული ნერგებიც დაახმეს მოუვლელობით. მერე კი მოჭრილი ხეების ნაცვლად აუცილებლად დიდი ნერგები უნდა დაირგოს, რათა ოდნავ მაინც შეარბილოს ამ კატასტროფის მძიმე შედეგი.

"უახლოეს მომავალში მდგომარეობას რადიკალურად შევცვლით"

...თუ რას აპირებს დედაქალაქის მერია ამ კატასტროფის შესაჩერებლად, ამის გასარკვევად თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსს გიგა გიგაშვილს დავუკავშირდით.

- წიწვოვანების დაავადებასთან ბრძოლას სწორი მართვა სჭირდებოდა, რაზეც წლების განმავლობაში არავის უფიქრია, ჩვენ არაერთი ღონისძიება დავსახეთ. უპირველესად გამხმარი წიწვოვანი დავითვალეთ და სანიტარიული ჭრით დავიწყეთ - უკვე 18 000 ხე მოვჭერით, დანარჩენი 2 000 მოსაჭრელი გვაქვს.

- სანამ თქვენ დათვლილს ჭრიდით, მანამდე წიწვოვანი ლამის სრულად გახმა.

- თუ ასეა, იმასაც მოვჭრით. გამოსავალი მარტო სანიტარიული ჭრა როდია. დავსახეთ პროგრამა, რომელიც უახლოეს მომავალში მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის. ვაპირებთ, უცხოეთიდან ტყის სამკურნალო ინიექციების შემოტანას. გარდა ამისა, მოჭრილ წიწვოვანს აუცილებლად ჩავანაცვლებთ ახალი, მოზრდილი ხეებით.

პ.ს. დრო არ ითმენს, იმედს არ ვკარგავთ, რომ ეს დაპირება დაპირებად არ დარჩება და ჩვენი დედაქალაქი გაუდაბნოებას გადაურჩება.