"ღვთისნიერი ადამიანების იმედიღა მაქვს"
"ღვთისნიერი ადამიანების იმედიღა მაქვს"
ფოტო:ვასილ სილაგაძე
"31 წლის ვიყავი, მანქანა რომ დამეჯახა, ახლა 47-ის ვარ. ძალიან მინდა ხვალინდელი დღის იმედი მქონდეს, არ ვიყო სხვაზე დამოკიდებული. დავიჯერო, ოცნებები ხდება?..."

15 წელია ჩვენი კოლეგა ვასილ სილაგაძე დღეებს ავადმყოფობასა და სიძნელეებთან ჭიდილში ატარებს. 2003 წელს ავტოსაგზაო შემთხვევამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა - ქალა-ტვინის ტრავმის შედეგად მარჯვენა ხელ-ფეხი გაშეშებული აქვს, უჭირს მეტყველებაც. 6 წელი ინვალიდის სავარძელს იყო მიჯაჭვული, მერე წამოდგა, თუმცა დამოუკიდებლად გადაადგილება ტკივილისა და დიდი ძალისხმევის ფასად უჯდება. წლებია
უშედეგოდ ითხოვს უცხოეთში მკურნალობის დაფინანსებას, მანამდე კი ტკივილს ურეკში სარეაბილიტაციო კურსით იამებს. ამბობს, წლიდან წლამდე ეს მასულდგმულებსო.

ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ ერთხანს ტელევიზიაში მუშაობდა, მერე კი სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემაში. მოკლედ, ჟურნალისტის ყოველდღიურობითა და ოცნებებით ცხოვრობდა, მაგრამ 2003 წლის 31 ოქტომბერს სამსახურიდან გასული შინ ვეღარ მივიდა...
ღამის 3 საათზე სასტუმრო "აჭარასთან"" დასისხლიანებული და გონდაკარგული ახალგაზრდა იპოვეს, ვასილ სილაგაძე გამვლელმა ამოიცნო, რომელიც მისი დეიდაშვილის მეგობარი ყოფილა. თვითმხილველების თქმით, სილაგაძეს უნომრო "ოპელი" დაეჯახა და მიიმალა. სამწუხაროდ, ამაზე წინ გამოძიება ვერ წავიდა...

ვასილ სილაგაძე რამდენიმე თვე აპარატზე იყო შეერთებული და სამი თვის შემდეგ სიკვდილს სასწაულით დაუსხლტა კლანჭებიდან. როგორც ამბობს, მხოლოდ 21-ე დღეს აღმოუჩენიათ ექიმებს, რომ მარჯვენა ფეხიც ჰქონია მოტეხილი.

- ექვსი წელი ეტლს ვიყავი მიჯაჭვული, რამდენიმე ოპერაცია ხორხზეც დამჭირდა მეტყველების აღსადგენად. პირველად ფეხზე 2009 წელს დავდექი. ამ დროისთვის ბევრს უკვე ცოცხალი აღარც ვეგონე... ახლა ხელჯოხით ვახერხებ სიარულს. მამა რომ მომიკვდა, უკანასკნელ გზაზეც ვერ გავაცილე. მის საფლავზე ორიოდეჯერ ვარ ნამყოფი..."

- ექიმები რას ამბობენ თქვენს დღევანდელ მდგომარეობაზე?
- საზღვარგარეთის არაერთ კლინიკაში გავგზავნე ჩემი მონაცემები. მეუბნებიან, განკურნების შანსი 80%-ია, თუმცა საამისო სახსრები არ გამაჩნია. უშედეგოდ დავდივარ პარლამენტში, ჯანდაცვის სამინისტროში, იქნებ ოპერაცია დამიფინანსონ, მაგრამ... გასული წლის ნოემბერში პროტესტის ნიშნად პარლამენტთან დავჯექი. 6 დღის მერე ჯანდაცვიდან დამირეკეს, პარლამენტიდან დაგვიკავშირდნენ, - ახლავე ადექი, ფორმა 100 გააკეთე და მოგვიტანეო. გამიხარდა, მივიტანე და დღემდე არაფერი...

უკვე მეშვიდე წელია, რაც ურეკში დავდივარ. მეგობარმა რენტგენოლოგმა მირჩია. სპეციალური კურსი ქვიშაში, ზედ სანაპიროზე მიკეთდება. ურეკის ქვიშაში უჯოხოდ გავლა შემიძლია. ბუნებრივია, ვერ განვიკურნები, მაგრამ ურეკი ჩემთვის დიდი შვებაა. ერთი კურსის მერე რამდენიმე თვე ტკივილისგან ვისვენებ. ბოლო კურსი შარშან ამ დროს ჩავიტარე და ახლა უკვე ტკივილმა მიმატა, დროდადრო მუხლი მოულოდნელად მეკეცება.

ღვთისნიერი ადამიანების იმედიღა მაქვს. რამდენჯერმე მოვძებნე სხვადასხვა კლინიკა, რომლებიც გამოჯანმრთელების იმედს მაძლევენ, მაგრამ საამისო თანხა ვერაფრით მოვიძიე. თუ წელსაც ღვთისნიერი ადამიანების დახმარებით შევძლებ ურეკში თუნდაც მასაჟის კურსის ჩატარებას, რამდენიმე თვით დამიამდება ტკივილი. ამ ყველაფრისთვის 700 ლარი მჭირდება.
31 წლის ვიყავი, მანქანა რომ დამეჯახა, ახლა 47-ის ვარ. ძალიან მინდა ხვალინდელი დღის იმედი მქონდეს, არ ვიყო სხვაზე დამოკიდებული. დავიჯერო, ოცნებები ხდება?...

საქართველოს ბანკი:

GE80BG0000000125594000

ვითიბი ბანკი:
GE37VT1000003439614506

მიმღები: ვასილ სილაგაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები