მერიის მიერ ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგებისთვის გამოცხადებული ერთი ტენდერი არ შედგა, ხოლო მეორე ტენდერით მხოლოდ ერთი კომპანია დაინტერესდა - კვირის პალიტრა

მერიის მიერ ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგებისთვის გამოცხადებული ერთი ტენდერი არ შედგა, ხოლო მეორე ტენდერით მხოლოდ ერთი კომპანია დაინტერესდა

თბილისის მერიის მიერ მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგებისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, ხოლო მარცხენა სანაპიროზე მდებარე ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერით მხოლოდ ერთი კომპანია - შპს "ეკოლუქსი" - დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაცია შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

თბილისის ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების შესყიდვის მიზნით, მერიის მიერ 7 აგვისტოს გამოცხადებულ ორ ტენდერზე წინადადებების მიღება 16 აგვისტოს დასრულდა.

შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგებისთვის გამოცხადებული 17 002 058 ლარის ღირებულების ტენდერი არ შედგა. რაც შეეხება მარცხენა სანაპიროს, ამ შემთხვევაში შესყიდვის სავარაუდო ღრებულება 43 265 221 ლარი იყო, ინტერესი კი მხოლოდ ერთმა კომპანიამ - შპს "ეკოლუქსმა" - გამოხატა, რომელიც მერიას მარცხენა სანაპიროზე მდებარე ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგებას ზუსტად სატენდერო პირობებით განსაზღვრული თანხის სანაცვლოდ სთავაზობს.

სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერის შედეგად შერჩეული კომპანიები მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მდებარე ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტებით 2019 წლის 16 სექტემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოამარაგებენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტით მომმარაგებელ კომპანიას - შპს "ნილს" - ხელშეკრულება შეუწყვიტა. მერის მოადგილის განცხადებით, კომპანია ბაღებს უხარისხო საკვებს და თანაც, დაგვიანებით აწვდიდა.

"ინტერპრესნიუსი"