როდის დასრულდება კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია - კვირის პალიტრა

როდის დასრულდება კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია

კახეთის გზატკეცილის ცენტრალური სავალი ნაწილის ორივე მიმართულების კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, პროექტის დასრულების ვადა ოქტომბერი იყო და ეს ვადა არ გადაიწევს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილში დაიწყო და შვიდი თვის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო. პროექტის ფარგლებში აეროპორტისკენ მიმავალი ცენტრალური გზა სრულად უნდა მოწესრიგდეს. გზის სიგრძე დაახლოებით, 23 კილომეტრს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ჯეო გრუპი" ასრულებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა 360 ჭა, ბორდიური და ტროტუარი. გზის სავალ ნაწილზე, ჯამში, 280 000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარის სამი ფენა დაიგება. რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე, გარე განათების ქსელი სრულად გამოიცვლება და ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED სანათები დამონტაჟდება. პროექტი ასევე, ითვალისწინებს გამწვანების ღონისძიებებს.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 42 937 537 ლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება კახეთის გზატკეცილზე სათადარიგო ზოლს, რომლის რეაბილიტაციაც მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გასულ წელს განახორციელა, სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას "ბლექსი გრუპს" ხარვეზების გამოსწორება დაევალა. როგორც 31 ივლისს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, შარშან კახეთის გზატკეცილის მარცხენა და მარჯვენა სათადარიგო ზოლების რეაბილიტაციაზე 15 მილიონი ლარი დაიხარჯა, დღეს კი კატასტროფული შედეგი დგას. კახა კალაძის განცხადებით, როგორც კი ცენტრალური მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია დასრულდება, ეს კომპანიები საკუთარი სახსრებით სათადარიგო მონაკვეთებს რეაბილიტაციას ხელახლა გაუკეთებენ.

"ინტერპრესნიუსი"