"ერთ კვირაში ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დგება: ველოდები შვილებს" - რას ამბობს ნოდარ მელაძე "რუსთავი 2"-იდან გათავისუფლების შემდეგ - კვირის პალიტრა

"ერთ კვირაში ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დგება: ველოდები შვილებს" - რას ამბობს ნოდარ მელაძე "რუსთავი 2"-იდან გათავისუფლების შემდეგ

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ადასტურებს, რომ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლებულია.

როგორც სალიამ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არხს ტოვებს კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელიც ამ ეტაპზე შვებულებაში იმყოფებიან, მათ შორის ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი. სალია ადასტურებს არხიდან ნანუკა ჟორჟოლიანის წასვლასაც.

"ერთი თვე და ორი დღე მოვახერხეთ, პირადად მე შევძელი შემენარჩუნებინა "კურიერი" ისეთი, როგორიც იყო. 2 წელი და რამდენიმე თვე ვიმუშავე "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელძღვანელად, არასრული 6 წელი "რუსთავი 2"-ში და ეს არის ჩემთვის ყველაზე საამაყო პერიოდი ჩემს სატელევიზიო კარიერაში.

ძალიან მიმძიმს ახლა "კურიერზე" საუბარი წარსულ დროში, რადგან ბოლო 2 წლისა და რამდენიმე თვის განმავლობაში, მთელი ჩემი ენერგია, მთელი ჩემი დრო ჩავდე იმაში, რომ "კურიერი" ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის - ნომერ პირველი საინფორმაციო გამოშვება საქართველოში. სწორედ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში იყო "კურიერის" ისტორიული, პიკური რეიტინგები, რაც ადასტურებს, რომ ჩვენ ვქმნიდით პროდუქტს, რომელიც საზოგადოების მოწონებას და ნდობას ემსახურებოდა.

დღეს პაატა სალიამ დამიძახა და მითხრა, ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე, რომ მე ვარ გათავისუფლებული სამსახურიდან და ეს არის ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს არ იყო დღეს მიღებული გადაწყვეტილება, ისინი ეძებდნენ საბაბს და ძალიან ინტენსიურად, რომ ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიეღოთ. თუმცა, ძალიან გაუჭირდათ ამ საბაბის მოძებნა", - აცხადებს მელაძე.

რაც შეეხება იმას, თუ სად გააგრძელებს მუშაობას ნოდარ მელაძე, ამასთან დაკავშირებით "რუსთავი 2"-ის საინფორმაციოს ყოფილმა უფროსმა განაცხადა:

"სამუშაოს გაგრძელებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა შემოთავაზება მაქვს. თუმცა კონკრეტულად სად გავაგრძელებ მუშაობას არ გადამიწყვეტია. შემოთავაზებაა სხვათაშორის ერთ-ერთი მოქმედი ტელევიზიისგანაც, ასევე სხვადასხვა მედიასაშუალებებისგან. არ მიმიღია გადაწყვეტილება, ჯერ უნდა დავფიქრდე. ერთ კვირაში ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დგება: ველოდები შვილებს და ერთ კვირის მერე გადავწყვეტ, სად გავაგრძელებ მუშაობას" - აღნიშნა მელაძემ.