"ჩემთან შეხვედრა ჰქონდა ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილ წარმომადგენელს" - რას ამბობს თანამდებობიდან გათავისუფლებული ნოდარ მელაძე?
"ჩემთან შეხვედრა ჰქონდა ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილ წარმომადგენელს" - რას ამბობს თანამდებობიდან გათავისუფლებული ნოდარ მელაძე?
შემომთავაზეს, რომ მე თანამდებობაზე არ შემეხებოდნენ, უბრალოდ მათთვის უნდა მიმეცა საკომუნიკაციო არხი. იქნებოდა ადამიანი, რომელთან შეთანხმებითაც უნდა დამეგეგმა კონკრეტული თემატიკა, - ამის შესახებ "რუსთავი 2" - ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ნოდარ მელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ტელეკომპანიის წილების ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში გადაფორმებიდან 2 კვირაში, მას ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელი შეხვდა და გარკვეული პირობები შესთავაზა.

ნოდარ მელაძის ინფორმაციით, შეთანხმების პირობების მიხედვით, ადამიანი, რომელთანაც მელაძეს კომუნიკაცია ექნებოდა,
არ იქნებოდა არც კოკა ყანდიაშვილი და არც ლაშა ნაცვლიშვილი.

ამასთან, მელაძის განცხადებით, მათი პოზიცია იყო, რომ "რუსთავი 2"-სგან "იმედის" გაკეთება არ უნდათ.

"ქიბარ ხალვაშის სახელზე ტელევიზიის გადაფორმებიდან ზუსტად 2 კვირაში ჩემთან შეხვედრა ჰქონდა ( ამის შესახებ "კურიერის" ჟურნალისტების უმრავლესობამ იცის) ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით
აღჭურვილ წარმომადგენელს, რომელიც პირდაპირ კავშირზე იყო. მისი პოზიცია იყო, რომ "რუსთავი 2"-სგან "იმედის" გაკეთება არ უნდათ და კრიტიკის რაღაც დოზა "კურიერში" დარჩება, მე თანამდებობაზე არ შემეხებოდნენ და გავაგრძელებდი მუშაობას "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად, უბრალოდ მათთვის უნდა მიმეცა საკომუნიკაციო არხი. ეს ადამიანი არ იქნებოდა არც ლაშა ნაცლიშვილი და არც კოკა ყანდიაშვილი, რომელიც დღეს სახელისუფლებო მედიას მართავს. იქნებოდა კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ჩემთან გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაცია ექნებოდა და კონკრეტული თემატიკა ამ ადამიანთან კონსულტაციის მიხედვით უნდა დამეგეგმა. "რუსთავი 2" -ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გეგმავს აბსოლუტურად ყველა გამოშვებას და შესაბამისად, მას მიუწვდება ხელი ყველა რეპორტაჟზე. აქედან გამომდინარე, მათთვის ძალიან მარტივი გამოსავალი იქნებოდა, თუ მე დავთანხმდებოდი მათ წინადადებას. ოფიციალურად დაარქმევდნენ, რომ ისევ მე ვარ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, მაშასადამე, არ შეიცვლებოდა სარედაქციო პოლიტიკა, თუმცა მათი თქმით: "ჩამოიწეოდა ტემპერატურა და კრიტიკულობის ხარისხი".

მათ ასევე მითხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედიოდა გარკვეული ჩინოვნიკების მიერ თანხების დატაცებასა და შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით რეპორტაჟების მომზადება იმიტომ, რომ ის თავად ებრძვის ბიუჯეტის ქურდებს, თუმცა იყო რაღაც თემები, რომელსაც ჩვენ არ უნდა გავკარებოდით," - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

მისივე განცხადებით, მან აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადა და დასძინა, რომ სახელისუფლებო მედიაში მუშაობას აღარასდროს აპირებს.

"მე ამ წინადადებაზე მათ უარი ვუთხარი. ჩემს ცხოვრებაში მქონია პერიოდი, როდესაც სახელისუფლებო ტელევიზიაში ვმუშაობდი და აღარ ვაპირებ უკან დავუბრუნდე წარსულს. ტელევიზია და მედია, რომელშიც ვიმუშავებ, ის ყოველთვის იქნება ხელისუფლების მიმართ კრიტიკული," - აღნიშნა მელაძემ.


"ინტერპრესნიუსი"

taso
21 აგვისტო 2019 13:22
მართლა ხომ არ ფიქრობ რომ შენ ამ ქვეყანაში "ტემპერატურის"ამწევი ხარ?შეხედე ერთი ამას რამხელა წარმოდგენა ქონია თავის თავზე?ხომ დაგიფდეს "ტემპერატურა".ჯერ სად ხართ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?