საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს 8 მოქალაქე გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს 8 მოქალაქე გაათავისუფლეს

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე თავისუფალია. ისინი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ ერგნეთის საგუშაგოსთან შიდა ქართლის გუბერნატორი და შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი მერაბ ბეძენიშვილი დახვდნენ.

გათავისუფლებული საქართველოს რვა მოქალაქე ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში იმყოფება. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ისინი საკუთარ ოჯახებში დაბრუნდებიან.

ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულებს მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულები იყვნენ: ზურაბ გერკეული, ილია მიღრიჯანაშვილი, კობა ვარდანაშვილი, ლაშა გერკეული, ილია ბაინდურაშვილი, გიორგი ნასყიდაშვილი, ოთარ ელიაური, სოსო დვალიშვილი.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბანში მცხოვრები 7 და მეჯვრისხევში მცხოვრები ერთი პირი 17 -18 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა ედებათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

"ამისათვის ამ პროცესში ჩართული იყვნენ შსს-ს, უსაფრთხოების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები, რომლებმაც გადადგეს აქტიური ნაბიჯები და გამოიყენეს ყველა ის ქმედითი ზომები, რათა აღნიშნული პირები დაბრუნებოდნენ მშვიდობიანად თავიანთ ოჯახებს. ასევე, მათი გათავისუფლებისას გამოყენებული იქნა ცხელი ხაზის მექანიზმი. ცხინვალის სასამართლოში სავარაუდოდ, მათი ახლობლების მიერ გადახდილი იქნა შესაბამისი ჯარიმა. აღნიშნული პირები შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების მიზნით გადაყვანილნი არიან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, რის შემდგომაც დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს" , - განაცხადა სირაძემ.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიგი ხოჯევანიშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ რვავე პირი ოჯახებში რამდენიმე საათის შემდეგ დაბრუნდება.

"სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული საქმიანობის შედეგად საბოლოოდ მიღწეული იქნა შედეგი, უკანონოდ დაკავებული რვავე პირი გადმოვიდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და რამდენიმე საათში დაბრუნდებიან თავიანთ ოჯახებში", - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"