"კურიერის" წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა "რუსთავი 2" დატოვეს - კვირის პალიტრა

"კურიერის" წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა "რუსთავი 2" დატოვეს

"კურიერის" წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2" დატოვეს. მათ წასვლის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ კურიერის დაწყებისას გააკეთეს. მათ "რუსთავი 2" - ის ეთერიდან მაყურებელს ბოლოჯერ მიმართეს, რის შემდეგაც დღეს კურიერი ეთერში აღარ გასულა.

"13 წელია ამ სტუდიიდან გესალმებით და დღეს იმაზე მეტად ვღელავ, ვიდრე მაშინ, როდესაც პირველად ვთქვი - ეთერშია კურიერი 9 საათზე. სწორედ 13 წლის წინ შევუერთდი გუნდს, რომელიც დაარსებიდან დღემდე წერდა ქვეყნის ისტორიას. მოვედი საკმაოდ ემოციურ ფონზე. მახსოვს, მოვედი ბევრი შინაგანი განცდით, როგორ მიმიღებდნენ და მივიღებდი ადამიანებს, რომლებთან ერთადაც 13 წელი ვიმუშავე. ამ ხნის განმავლობაში იყო კრიზისები, იყო სიმწვავე, იყო შერბილებული ტონი ან კომპრომისი. მე და ჩვენმა გუნდმა ამ არხზე ბევრი ომი გამოვიარეთ. რუსთავი 2 და კურიერი არ დამიტოვებია არც მაშინ, როდესაც ახალი ამბების სტუდია რუსული ბობმდამშენების სამიზნე იყო. არასოდეს დამავიწყდება უამრავი გაფრთხილების მიუხედავად, გაუტეხელი ადამიანებით სავსე შენობა, ფრონტის წინა ხაზზე ჩემი თავგანწირული კოლეგები, ურყევი შემართება, ყველა რუსთავი 2-ელის უშიშარი მზერა და ქვეყნის სადარაჯოზე დგომის სურვილი. ეს ყველაფერი იყო და ეს არის რუსთავი 2-ის ისტორია.

მე ამ სივრცეში გამოვიარე ყველაფერი, ყველა დრო და განსაკუთრებული თავისუფლება მოიტანა ბოლო 7-მა წელმა, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა ნიკა გვარამიას. კურიერის სარედაქციო პოლიტიკის, თავისუფლების ხარისხის გარანტი ჩემთვის, ასევე, იყო ნოდარ მელაძე. ის დღეს ივანიშვილის რეჟიმმა გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, ჩემთვის მასთან მუშაობის 2 წლის განმავლობაში მივხვდი, რა არის პროფესიონალიზმი და თავისუფლება. რუსთავი 2 არ არის ლოგო. ეს იყო ჩვენი ცხოვრება და როგორც ნოდარ მელაძემ თავის ერთ-ერთ ბოლო ეთერში თქვა - თავისუფლების ტერიტორია. ეს არხი ადამიანებია, პროფესიონალი და ერთგული ადამიანების ერთობა. ყველას წარმატებას ვუსურვებ, მათ შორის მათ, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში შეინარჩუნებს თავისუფლებას.

მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერანაირი დაშვებით, ვერავითარი გამართლებით ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილისაა. დღეს მე იძულებული ვარ გითხრათ ნახვამდის. ჩვენ ვიომეთ, თუმცა დღეს ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ მოახდინა არხის ოკუპაცია. ჩვენ წაგვართვეს თავისუფალი სიტყვა. მე არ ვიმუშავებ ტელევიზიაში, საიდანაც ვეღარ გეტყვით, რეალურად რა ხდება ქვეყანაში, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება. ამიტომაც ვტოვებ ადგილს, რომელიც იყო ჩემი მეორე სახლი. ვტოვებ ჩემს საყვარელ კურიერს და ადამიანებს, რომლებთან ერთადაც 13 წელი ვიცხოვრე. წარმატებები ყველა "რუსთავი 2"-ელს და მას, ვინც აქ, ჩემს ადგილას დაჯდება და ყოველ საღამო ეტყვის ქვეყანას, რომ ეთერშია "კურიერი". დაბოლოს, მადლობა იმ ადამიანს, რომლებთან ერთადაც ვაკეთებდი ქვეყნის ყველაზე რეიტინგული არხის ყველაზე მაგარ საინფორმაციო გამოშვებას და რა თქმა უნდა, მადლობა თქვენ - ჩემს მაყურებელს, მადლობა ნდობისთვის მადლობა, რომ ირჩევდით "რუსთავი 2"-ს. მე გემშვიდობებით, შევხვდებით სხვა სივრცეში და სხვა არხზე. ქვეყნის გადარჩენისთვის ომი გრძელდება", - განაცხადა დიანა ჯოჯუამ.

იხილეთ ვიდეო