"ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს უკვე აცნობეს გაბუნიას განთავისუფლების ამბავი?" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუკში" "რუსთავი 2"-დან ჟურნალისტების გაშვებას - კვირის პალიტრა

"ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს უკვე აცნობეს გაბუნიას განთავისუფლების ამბავი?" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუკში" "რუსთავი 2"-დან ჟურნალისტების გაშვებას

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს ტელეკომპანიაში გამართულ ბრიფინგზე "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ არხის საინფორმაციო სამსახური ნოდარ მელაძე გათავისუფლებულია. მასთან ერთად არხიდან გაუშვეს ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე, გიორგი ლაფერაშვილი და გიორგი გაბუნია.

მოგვიანებით, არხი თავიანთი სურვილით დატოვეს კურიერის წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. მათ შესაბამისი განცხადება "კურიერის" 9-საათიანი გამოშვების დაწყებისას გააკეთეს, რის შემდეგაც საინფორმაციო გამოშვება შეწყდა.

მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა ტელეკომპანიის მფლობელი ქიბარ ხალვაში, რომლის შეფასებითაც "რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება".

გთავაზობთ "ფეისბუკ-გამოხმაურებებს":

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "რუსთავი-2-დან რუსთავი-2 წავიდა..."

ნინო ჯანგირაშვილი, ჟურნალისტი: "ყველაზე სასაცილო რაც დღეს მოვისმინე რუსთავი2–ის თანამშრომლების სამსახურიდან გამათავისუფლებლის და გათავისუფლებულების განცხადებიდან ის არის, თითქოს ივანიშვილი აპირებს რუსთავი2 მთლად იმედს არ დაამსგავსოს, ცოტა კრიტიკულიც დატოვოს და მხოლოდ რაღაც მნიშვნელოვან თემებზე დაუდოს ტაბუ. არა ბატონო ბიძინი, არ გამოვა ეგ. უკვე ისეთ ფაზაში ბრძანდებით, სიმართლის მინიმალური დოზაც განგრევთ. აღარ გაქვთ უკვე არჩევანი და კეკლუცობის დიაპაზონი. ან მედიის სრულ იმედიზაციას უნდა მიაწვეთ ისევ, ან დამთავრდებით. ბუნებრივია, სრული იმედიზაცია გამორიცხულია, და რომც მოახერხოთ, მაინც დამთავრდებით. დიახ, დიახ, უსათუოდ დამთავრდებით. თუმცა, თქვენი ნებაა, შეგიძლიათ ეს ერთი წელი იცოდვილოთ რამდენიც გნებავთ"

რომან გოცირიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი: "რუსთავი 2-ის მეპატრონის, 91 პროცენტი წილის მფლობელის თანხმობით გაცემული ფინანსური თუ სხვა სახის ბონუსის გაცემა იმ წამყვან ჟურნალისტებზე, რომელთა წყალობით რუსთავი 2-ზე სარეკლამო დროის ერთი წუთი მრავალი ათასი ლარი ჯდებოდა თავიანთი ზერეიტინგის გამო, წარმოაჩინო დანაშაულად და ეს გახადო მათი განთავისუფლების საბაბი, არის ნაძირლობა.

ადრე თუ გვიან მათი წამოსვლა გარდაუვალი რომ იყო, ეს ყველამ იცოდა, მაგრამ რა ფორმითაც ეწევიან რეპრესიებს და ანგრევენ რუსთავს, არის დანაშაული და ამაზე ყველა მონაწილე აგებს პასუხს"

გოგი გვახარია, კინომცოდნე: "ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს უკვე აცნობეს გაბუნიას განთავისუფლების ამბავი? "მოლოდცი ოცნება, ტაკ დერჟატ"

ზვიად კირთავა, ბლოგერი: "რუსთავი2 მიშას დროიდან იყო ცრუსთავი2.

იმედია, ხვალიდან ის არ გახდება ყრუსთავი2.

რუსთავი2-ს ფასი და რეიტინგი ექნება მხოლოდ მაშინ, თუ იგი ხელისუფლებისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას შეინარჩუნებს.

ვფიქრობ, დღეს ამის გაკეთება დავით დვალს შეუძლია... და არხის მმართველად მისი დანიშვნა იქნებოდა სწორი პოლიტიკურადაც და კომერციულადაც. სამართლებრივ მხარეზე რომ არაფერი ვთქვათ..."

იხილეთ ასევე: გვარამია "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს: "დარჩენა თუ გინდათ, ღიად უნდა თქვათ, რომ რჩებით ივანიშვილის ტელევიზიაში - გეყოფათ მაიმუნობა"