"ნადზორად" ბებიაჩემი გალენა გამომაყოლეს. მისთვის მიუღებელი იყო ჩემი და თაზო თოლორაიას ასაკის ახალგაზრდების რესტორანში ყოფნა, ცეკვა" - სახალისო ამბები ლეგენდარული ფილმების გადასაღები მოედნიდან - კვირის პალიტრა

"ნადზორად" ბებიაჩემი გალენა გამომაყოლეს. მისთვის მიუღებელი იყო ჩემი და თაზო თოლორაიას ასაკის ახალგაზრდების რესტორანში ყოფნა, ცეკვა" - სახალისო ამბები ლეგენდარული ფილმების გადასაღები მოედნიდან

მოგეხსენებათ, გადასაღებ მოედანზე არაერთი სახალისო ამბავი ხდება, გთავაზობთ რამდენიმე ამბავს, რომელიც ცნობილი ქართული ფილმების გადაღებისას მოხდა:

გია ჯაფარიძე, მსახიობი:

- გ. შენგელაიას ფილმში - "ხარება და გოგია" ერთ-ერთი ყაჩაღი, მეტსახელად "ჩორტ ევო ზნაეტ" განვასახიერე. მახსოვს, ბაკურციხეში პოლიციელების დახოცვის ეპიზოდის გადაღებისას, როდესაც მღვდელი დაჭრილებს ჭრილობებს უხვევდა, ერთი კახელი წამოგვადგა: უპატივცემლოდ არ მინდა, გაგიშვათო და ღვინით სავსე 20-ლიტრიანი ბოცა დაგვიტოვა.

გია ჯაფარიძე

ის ბოცა ოთხმა თუ ხუთმა კაცმა თვალის დაუხამხამებლად დავცალეთ და შეზარხოშებულები ღამის 3 საათზე ავტობუსით რომ ვბრუნდებოდით სასტუმროში, გზად საბჭოთა ავტოინსპექტორს გადავეყარეთ, ფულის გასაკეთებლად იდგა (იცინის). გაგვაჩერა. გადავიდა მძღოლი და რაღაცას უხსნის. ჩანს, ინსპექტორი არ ტყდება - ფულის წაგლეჯა უნდა. ლევან თედიაშვილმა თქვა, წამო, ჩავიდეთ, მგონი, ესა ჩვენს მძღოლს ფულსა სთხოვსო. და გადავედით ავტობუსიდან ჩოხებით, ხანჯლებით, პატრონტაჟებით, მაუზერებითა და ნაგნებით, ანუ კბილებამდე შეიარაღებული ყაჩაღები. ეგე, ხომ გითხარი-მეთქი, - უთხრა მძღოლმა ზურგით მდგარ ინსპექტორს. კახელი საბჭოთა ინსპექტორი მობრუნდა და, - ვაა, მაგი დედა კი ვატირე! მე რო სამორიგეოდ გამოვალ, მაშინ გაცოცხლდება ყველა კაკო ყაჩაღი! წადით, თავი დამანებეთო, - ხელი აიქნია და წავიდა (იცინის)...

გოჩა ლომია, რ. ჩხეიძის "ღიმილის ბიჭებში" "ბოლოკას" როლის შემსრულებელი:

- კარგა ხანს კრასნოდარში ვიყავით გადაღებაზე, ბატალურ ეპიზოდებს იქ იღებდნენ. "ნადზორად" ბებიაჩემი გალენა გამომაყოლეს. ბებო დაწყებით კლასებში ასწავლიდა და მისთვის მიუღებელი იყო ჩემი და თაზოს (მსახიობი თაზო თოლორაია) ასაკის ახალგაზრდების რესტორანში ყოფნა, ვიღაც-ვიღაცებთან ცეკვა და ა.შ. ერთხელაც, მასობრივი ეპიზოდის გადაღებისას მე და თაზო ტანკით "ვსეირნობდით", ომი იყო, რა... ბებოს თურმე, თვალში მოვაკლდი და ყველა ფეხზე დააყენა, აქვს ერთი ვაი-ვიში. რაციით გადმოგვცეს, ბებო ცუდად არის და აქეთ წამოდითო. მივატრიალებინეთ ტანკი და მისკენ გავქანდით. ამასობაში ქალი მოასულიერეს, თავი წამოწია და მისკენ დიდი სიჩქარით მიმავალი ლულაშემართული ტანკი რომ დაინახა, ისევ მიესვენა (იცინის)... ბოლო ეპიზოდი, გერმანიამდე რომ მხოლოდ მე ჩავაღწიე, ხომ გახსოვთ? რა გერმანია, რის გერმანია, ძველ კინოსტუდიაში, პირველ პავილიონში პენოპლასტისგან იყო აშენებული ის რაიხსტაგი: დავაწვებოდი კარგად ცარცით დასაწერად და ოპერატორი, ცხონებული ფილიპაშვილი დაიძახებდა: "სცენა შატაეტსა!" არ დავაწვებოდი და არ იწერებოდა. ბოლოს "კედელს" მეორე მხრიდან ხალხი მხრებით აწვებოდა და მე ვწერდი: თემური, ლევანი, ჭკუისკოლოფა, ბაადური... ბოლოს, გიორგი, მერე ხომ გახსოვთ, ხაზს ვუსვამ და ვწერ - "ბოლოკა"...

ფილმიდან 'ღიმლის ბიჭები'

გიგლა ცინცაძე, ბ. წულაძის "ფეოლაში" ხვედელიძის როლის შემსრულებელი:

- ერთ-ერთი მთავარი გმირი რატომღაც მე მათამაშეს. სასინჯი გადაღებისთვის ბათუმიდან თბილისშიც წამიყვანეს და, როგორც ჩანს, ეკრანმა ჩემი სახე კარგად აიღო, სამაგიეროდ, ჩემი შავი თმა "არ მოეწონა" და ამიტომაც გამიღიავეს, მგონი, "ლონდატონით" (იცინის).

ბატონ იპოლიტე ხვიჩიასთან მაგარი დუეტი კი გამოვიდა. მაგარი კაცი იყო, ძალიან კარგი ადამიანი. მისი მიმიკებისა და ხუმრობების გამო ბევრჯერ ჩაშლილა გადაღება. ბატონი ბაადური სულ გვაფრთხილებდა, არ გაიცინოთო, მაგრამ თავის შეკავება არ გინდოდა? ერთხელ სტადიონზე იმ კადრს ვიღებდით, ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ჩემი გმირი - ხვედელიძე ფეოლასთან რომ მიდის და დარცხვენით ეუბნება: მოვიგეთ, ფეოლაო. უცებ იპოლიტე მომიბრუნდა და მეუბნება: ფეოლა მამაშენიაო. კინაღამ გადავყირავდი სიცილისგან (იცინის)...

კადრი ფილმიდან 'სიყვარული ყველას უნდა'

ამირან ქადეიშვილი, მსახიობი:

- გიორგი შენგელაიას ფილმში "სიყვარული ყველას უნდა" ჩემი გმირის, ხირხალას კვახის ამბავი სცენარში არ ყოფილა, მე მოვიგონე. მახსოვს, ეპიზოდის სამი თუ ხუთი დუბლი გადავიღეთ და ბოლო დუბლის გადაღებისას გიორგის ვუთხარი: ნიკოლაევიჩ, ეს ხირხალა ისეთი "ნაგლია", არც კვახს დატოვებს ქეთოსთან-მეთქი, - დავავლე ხელი და წამოვიღე (იცინის).

(სპეციალურად საიტისთვის)