"ეს არის დანაშაული" - რას ურჩევს კახა კალაძე იმ მძღოლებს რომელთაც ე.წ. სტაიანშჩიკების მხრიდან პრობლემები ექმნებათ - კვირის პალიტრა

"ეს არის დანაშაული" - რას ურჩევს კახა კალაძე იმ მძღოლებს რომელთაც ე.წ. სტაიანშჩიკების მხრიდან პრობლემები ექმნებათ

თბილისის მერი, კახა კალაძე მძღოლებს ურჩევს, ე.წ. სტაიანშჩიკების მხრიდან პრობლემების შექმნის შემთხვევაში, საპატრულო პოლიცია გამოიძახონ.

კალაძემ ე.წ. სტაინშჩიკების მხრიდან ავტომანქანის პარკირებისას მძღოლებისთვის შექმნილ პრობლემაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მათ ამის უფლება არ აქვთ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ე.წ. სტაინშჩიკების მხრიდან მძღოლებისთვის კონკრეტული თანხის მოთხოვნა დანაშაულია, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეაგირება უნდა მოახდინოს.

"მარტივი ქმედებაა განსახორციელებელი - თუ ასეთი რამ ხდება, ეს არის დანაშაული. ვინც ასეთ სიტუაციაში ხვდება, უნდა აიღოს ტელეფონი და მიმართოს შესაბამის უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოხდება რეაგირება. "სტაიანშჩიკები" არ ექვემდებარებიან არავის. კეთილი ნებაა ადამიანების, თუ უნდათ ფულს გადაუხდიან, თუ უნდათ - არ გადაუხდიან. ეს არის ელემენტარული. არავის აქვს უფლება მძღოლს კონკრეტული თანხა მოსთხოვოს. ეს არის დანაშაული და მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ შესაბამის სამსახურებს",- განაცხადა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, დაახლოებით ერთი წლის წინ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, რომ "ე.წ. სტაიანშჩიკების ქუჩაში დგომა უკანონო საქმიანობაა და შესაძლოა, აიკრძალოს".

"ე.წ. სტაიანშჩიკების ყოფნა დედაქალაქში თქვენი ბრალიც არის, ჩემიც და იმ ჩინოვნიკებისაც, ვინც ამ ადამიანებს შეცოდების გამო ფულს უხდის. ეს არის ჩვენი შექმნილი პრობლემა. დარწმუნებული ვარ, ესეც მოგვარდება და კონკრეტული ზომები იქნება მიღებული. არანაირი ვალდებულება არ გვაქვს ამ ადამიანებს თანხა გადავუხადოთ. ეს არის მათი უკანონო შემოსავალი. ნება და პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება, რომ ადამიანები დარჩნენ შემოსავლის გარეშე. რეალურად, "სტაიანშჩიკების" ქუჩაში დგომა აკრძალულია და კანონდარღვევაა, ეს არის მათი აღურიცხავი შემოსავალია. ხალხის ნება თუ იქნება, ესეც აიკრძალება", - განუცხადა მამუკა მუმლაძემ "ინტერპრესნიუსს" რამდენიმე თვის წინ.

შეგახსენებთ, რომ მძღოლების ნაწილი ე.წ. სტაიანშჩიკების მხრიდან შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და თბილისის მერიას და შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" არაერთმა მძღოლმა განუცხადა, ე.წ. სტაიანშჩიკები ავტომანქანის პარკირებისას "სერიოზულ პრობლემებს უქმნიან". კერძოდ, მათი ინფორმაციით, ისინი მძღოლებისგან "20 თეთრს არ კმაყოფილდებიან და მათგან გაცილებით მეტ თანხას ითხოვენ, რაც ხშირად კონფლიქტური სიტუაციის მიზეზი ხდება".

"გუშინ, ახმეტელის მეტროსთან, ხიზანიშვილის ქუჩაზე ე.წ. სტაიანშჩიკთან შელაპარაკებამ ისეთი მწვავე ხასიათი მიიღო, პატრულის გამოძახებასაც კი ვაპირებდი. ამ ტერიტორიაზე სპორტდარბაზში დავდივარ და კვირაში 3-ჯერ მაინც მიწევს მანქანის გაჩერება და როგორც წესი, ე.წ. სტაიანშჩიკებს 20 თეთრს ვაძლევ. როგორც ჩანს, დაიმახსოვრეს, რომ 20 თეთრის მეტს არ ვუხდი და მათთვის ამის გამო არასასურველი კლიენტი ვარ და გუშინ უკვე მანქანის გაჩერებაში სერიოზული პრობლემა შემიქმნეს. პარკინგისთვის განსაზღვრული რამდენიმე ადგილი ცარიელი იყო, თუმცა ვერ ვაჩერებდი, რადგან ე.წ. სტაიანშჩიკებს მასზე ამკრძალავი საგზაო ნიშანი ჰქონდათ განთავსებული. როცა აღნიშნული საგზაო ნიშნის აღება ვთხოვე იმ არგუმენტით, რომ მქონდა მანქანის გაჩერების უფლება, ე.წ. სტაიანშჩიკი გაღიზიანდა. ავუხსენი, რომ არ ჰქონდა უფლება, არც ჩემთვის მანქანის გაჩერების აკრძალვის და ამის სანაცვლოდ არც კონკრეტული თანხის მოთხოვნის, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, ეს ყველაფერი მწვავე კამათში გადაიზარდა.

პრობლემა ისაა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ე.წ. სტაიანშჩიკები ასე იქცევიან. მე, როგორც მძღოლს უკვე სერიოზული დისკომფორტი მექმნება. არათუ ვთხოვ, მოვუწოდებ თბილისის მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს და მოგვცეს მძღოლებს პარკინგისთვის განკუთვნილ ადგილებზე მანქანების თავისუფლად გაჩერების საშუალება. კონკრეტული რეგულაციების შემოღებაა საჭირო ან მინიმუმ ე.წ. სტაინშჩიკების ინფორმირება, რისი უფლება აქვთ და რისი - არა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მძღოლმა.

ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობს კიდევ ერთი მძღოლი. მეტიც, მისი თქმით, ე.წ. სტაიანშჩიკმა მანქანის პარკირებაში, საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ლარი გამოართვა.

"თავისუფლების მოედანზე, მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანის გაჩერება ხუთი ლარი დამიჯდა. ე.წ. სტაიანშჩიკს, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე იდგა და მანქანის გასაჩერებელი ადგილი ჩაკეტილი ჰქონდა, რადგან მის უნებართვოდ ვერავინ შესულიყო, ვთხოვე გაეწია ბარიერი, რომ მანქანის გაჩერება შემძლებოდა. მან მანქანის გაჩერებისთვის 5 ლარი მთხოვა და მითხრა, რომ 2 საათით შემეძლო გაჩერება. როდესაც ვკითხე, რატომ უნდა გადამეხადა აღნიშნული თანხა, მითხრა, რომ ამ ადგილზე გაჩერება ასე ღირს. საბოლოოდ, იძულებული გავხდი 5 ლარი მიმეცა, რადგან ვერც სხვა ადგილი ვიპოვე და თან ძალიან მეჩქარებოდა", - აღნიშნა კიდევ ერთმა მძღოლმა.

მანქანის პარკირებაში პრობლემების შექმნისა და თანხის მოთხოვნის გარდა, სხვა პრობლემაზე მიუთითებს კიდევ ერთი მძღოლი, რომლის ინფორმაციითაც, ე.წ. სტაინშჩიკი "ჯარიმებს უმალავდა".

"მოგეხსენებათ, თბილისში პარკინგის პრობლემა მუდმივად დგას და ეს განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებს ეხება. სწორედ ამიტომ ვაკეში ერთ-ერთ ქუჩაზე ე.წ სტაიანშჩიკის დახმარებით ავტომობილს სისტემატურად ერთი და იგივე ადგილზე ვაჩერებდი. იმ ადგილზე არ იყო აკრძალვის ნიშანი, თუმცა არც საპარკინგე ადგილი იყო მონიშნული. ე.წ. სტაინშჩიკის მტკიცებით, აღნიშნულ ადგილზე გაჩერება პრობლემას არ წარმოადგენდა და იქ მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები შემოწმებას არ ახდენდნენ. როგორც რამდენიმე თვის შემდეგ აღმოჩნდა, არასწორი პარკირებისთვის სისტემატურად მაჯარიმებდნენ, "სტაიანშჩიკი" კი ჩემს ჯარიმებს ყრიდა. რა თქმა უნდა, მანქანის გაჩერებისას ე.წ. სტაიანშჩიკს ფულს ყოველთვის ვუხდიდი", - განაცხადა ვაკის ერთ-ერთმა მცხოვრებმა "ინტერპრესნიუსმა" საუბრისას.

კიდევ ერთი მძღოლის თქმითაც, ე.წ. სტაიანშჩიკებთან მუდმივად კონფლიქტური სიტუაცია აქვს.

"ბავშვები წავიყვანე კინო "რუსთაველში". გუდიაშვილზე, ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთ ფილიალთან მანქანა პარკინგისთვის დახაზულ ზოლში გავაჩერე, როცა ე.წ. სტაინშჩიკი მოვიდა და მითხრა, რომ 2 ლარი უნდა გადამეხადა, თან წინასწარ. ზოგადად, ვაძლევ ხოლმე ხან 20 თეთრს, ხან 50 თეთრსაც, როცა გაჩერებაში ან მანქანის გამოყვანაში მეხმარებიან, მაგრამ იმდენად გავღიზიანდი, რომ თვითონ მომთხოვა თანხა და თან მის მიერვე დაწესებული ტარიფი, რომ... სერიოზული ჩხუბი მოგვივიდა. საბოლოოდ, არც 2 ლარი და 20 თეთრიც კი არ გადავუხადე. ვფიქრობ, ამ ხალხის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან, რომელთა ჯიბეშიც მიდის ჩვენს მიერ ე.წ. სტაიანშჩიკებისთვის გადახდილი თანხები. ამით შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაინტერესდეს. საქმეში აუცილებლად უნდა ჩაერთოს მერია. მე პირადად არ ვაპირებ ე.წ. სტაიანშჩიკების უმსგავსოებასთან შეგუებას. ვიჩხუბებ იქამდე, ვიდრე შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ამ პრობლემის მოგვარებას არ დაიწყებენ. ასე გაგრძელება წარმოუდგენელია", - აღნიშნა სააგენტოსთან საუბრისას ერთ-ერთმა მძღოლმა.

"ინტერპრესნიუსი"