"გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება-მეთქი... ზღვა "ვაჩუქე" - კვირის პალიტრა

"გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება-მეთქი... ზღვა "ვაჩუქე"

მართალია, მსახიობი ჯანო იზორია ზაფხულს ზღვისპირა ქალაქში - მშობლიურ ფოთში ატარებს, მაგრამ დილიდან საღამოს 6 საათამდე თეატრში, რეპეტიციას გადის. ამბობს, - საყვარელი საქმის კეთებით უფრო ვისვენებო. ჯანოს მაშინ შევეხმიანეთ, როცა მის ძმაკაცს და მეჯვარეს, "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობ გიორგი სურმავას ვაჟი შეეძინა...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"სასიხარულო ამბავი გვაქვს: ჩემს ძმაკაცს - გია სურმავას ("ჩემი ცოლის დაქალებში" ტონის როლს თამაშობს) ბიჭი შეეძინა - პატარა იოანე დაიბადა!.. ხვალ თეატრში ისევ რეპეტიცია გვექნება (იცინის)..."

"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი. ზღვა "ვაჩუქე" (იცინის)... ჩემს ძმისშვილთან და რძალთან ერთად ზღვაზე დადის, როდესაც რეპეტიციას გავდივარ: ისვენებენ, მზეს ეფიცხებიან... მუშაობას დილით ვიწყებთ. საღამოს 6 საათის მერე, დრო მრჩება, რომ გვანცასთან ერთად, სადმე გავიდე..."

"დაქვრივებული ქალი მინახავს, გუთანს როგორ უძღვებოდა, ცხენს როგორ კაზმავდა, ყანაშიც მუშაობდა... ქვრივ ქალს თავისი ცხოვრება ბოლომდე ღირსეულად მიუყვანია, შვილებისთვის სწავლა-განათლება არ მოუკლია. ჩემს ქვეყანაში არავის არაფერი უნდა შეეშალოს და არ გაუკვირდეს. რაღაცებს ვაბუქებთ ხოლმე. თითქოს ვიღაცებმა ველოსიპედი ახლა გამოიგონეს..."

"იდეას აქვე "ვაპატენტებ" (იღიმის): ღამით ზღვაზე ვიყავი. უცებ დავინახე, ცოლ-ქმარი ნავში (ის ნავი დღესაც დგას) ჩასხდნენ. წყალში ნიჩბებს ორივე ერთად უსვამდნენ და ზღვაში, მთვარის შუქზე სათევზაოდ შედიოდნენ (არის სეზონი, როცა თევზაობა დასაშვებია, ოჯახის სარჩოდ). მეგობრებთან ერთად ვიყავი და ვთქვი: აი, ქალისა და კაცის თანასწორობის ყველაზე მაგარი მაგალითი-მეთქი. ნავი თანაბარი ძალით თუ არ ატარე, ზღვაში ვერ შეხვალ..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 22 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

იხილეთ ასევე: "პირველი ქორწინება დასრულდა, ახლახან მეორედ გავბედნიერდი"

ეთო ყორღანაშვილი