როგორ შექმნა რეზო გაბრიაძემ კოშკი საათით, რომელიც ამერიკულმა გამოცემამ მსოფლიოს 17 მონუმენტურ საათებს შორის შეიყვანა? - კვირის პალიტრა

როგორ შექმნა რეზო გაბრიაძემ კოშკი საათით, რომელიც ამერიკულმა გამოცემამ მსოფლიოს 17 მონუმენტურ საათებს შორის შეიყვანა?

ბევრ თქვენგანს უმოგზაურია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში და მრავალ ღირშესანიშნაობასთან ერთად თვალში მოხვედრია ლამაზი, უჩვეულო ან სულაც მარადიული საათები. ახლახან ამერიკულმა ინტერნეტ-გამოცემა - Atlas obscura-მ საკუთარი ფორუმების მკითხველებს შესთავაზა, დაესახელებინათ თავიანთი უსაყვარლესი მონუმენტური საათები, რომელმაც მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. გამოცემის მესვეურები ფიქრობენ, რომ მკითხველების შემოთავაზებებით შერჩეული თითოეული საათის ისტორია ბევრ ადამიანს ამოგზაურებს დროში და ახალ-ახალი ადგილების დათვალიერებასაც შთააგონებს.

მკითხველების მიერ შერჩეულ 17 მსოფლიოს საუკეთესო ღირსშესანიშნავ მონუმენტურ საათს შორის რევაზ გაბრიაძის მარიონეტების თეატრის საათიანი კოშკიც მოხვდა. იგი გამოცემის მკითხველმა, ვინმე midnighttraveller-მა წარადგინა. ამ უკანასკნელს 2016 წელს უმოგზაურია საქართველოში. გამოცემის გვერდზე, საათის ფოტოს ქვეშ იგი თავის შთაბეჭდილებას ასე გადმოგვცემს: "2016 წელს შესანიშნავი ქვეყნის დედაქალაქ თბილისში სეირნობისას გადავაწყდი გასაოცარ და ულამაზეს დახრილ კოშკს საათით. ეს საათი კოშკთან ერთად ქალაქის ცენტრში, გაბრიაძის თეატრის გვერდით დგას და ამ უკანასკნელის - გამოჩენილი "მეთოჯინის", რეზო გაბრიაძის შექმნილია. საათში ერთხელ კოშკის ზემოთ სარკმელი იღება და ანგელოზი ზარს რეკავს. საათის ქვეშ იხსნება ეკრანი, რომელიც გვიჩვენებს ახალგაზრდა წყვილის ცხოვრების წრეს, ქორწილით, ბავშვებითა და დაკრძალვით"...  წყარო

გამოცემის მესვეურები ფიქრობენ, რომ მკითხველების გამოძახილი, შემოთავაზებები მათ დროში მოგზაურებად აქცევს და ამ ღირსშესანიშნავი საათების ფოტოების დათვალიერებით კიდევ უამრავი ადამიანი მოისურვებს მოგზაურობას იმ ადგილებში, სადაც ეს გასაოცარი საათები დგას.

ზოგადად, რევაზ გაბრიაძის თეატრის საათიანი კოშკი კარგა ხანია, თბილისის მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცა. ეს კოშკი მაესტრომ 2010 წელს ააგო და მის მიერ დაარსებული მარიონეტების თეატრის 30 წლის იუბილეზე, იმავე წლის 6 ნოემბერს სადღესასწაულოდ გახსნა. თუმცა იგი ამ უჩვეულო "პრემიერის" არა მარტო რეჟისორ-ფერმწერ-დრამატურგ-სკულპტორ-სცენარისტი გახლდათ, არამედ - არქიტექტორიც!

კოშკის აგების იდეა ბატონ რეზოს რამდენიმე წლით ადრე გასჩენია. ალბათ, მიაჩნდა, რომ ყველა ქალაქს უნდა ჰქონოდა საკუთარი საათიანი კოშკი. ადგილიც დიდებული შეურჩია: საათიანი კოშკი მან ძველ თბილისში, VI საუკუნის ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი ანჩისხატის ბაზილიკის სიახლოვეს, მისივე თეატრის გვერდით ააგო და კიდევ უფრო დაამშვენა ის პეიზაჟი.

დანგრეული სახლებიდან ძველ აგურებს, ხოლო ქვის კარიერებიდან - ქვებს ეზიდებოდნენ, რადგან ბატონ რეზოს მიაჩნდა, რომ აგურისა და ქვის ნაზავი გაცილებით თბილ ტონს შექმნიდა. ოთხი წლის განმავლობაში ჰარმონიის შესაქმნელად სათითაოდ უწყობდნენ ერთ ქვას მეორეს, რადგანაც დიდი ხელოვანის თქმით, ქვებიც ადამიანების მსგავსად უნდა შეერწყან ერთმანეთს - სიყვარულით, კონფლიქტებით ან ჩახუტებით, და ასე თუ ისე, ამით უნდა გადმოიცეს ნამდვილი ცხოვრებაო. რევაზ გაბრიაძე აგებდა საათის კოშკს, რომლის თითოეული აგური ტილოზე გაკეთებულ თითო მონასმს წააგავდა.

კოშკის ქვედა მხარეს ორი კერამიკური პანოა, რომლის შემადგენელი რამდენიმე ასეული ფილა რეზო გაბრიაძემ საკუთარი ხელით დაამზადა და მოხატა. ყოველი საათის ბოლოს მოხატული კარიდან გამოდის ანგელოზი და პატარა ჩაქუჩით ზარს რეკავს. მცირე თოჯინების თეატრი თავად კოშკშიც არის განთავსებული და დღეში ორჯერ, 12:00 საათსა და 19:00 საათზე, შესაძლებელია საოცარი თოჯინური წარმოდგენის – "ცხოვრების წრებრუნვის" ნახვა.

(სპეციალურად საიტისთვის)