"იმ დროს, როდესაც კომპანიის თანამშრომლების ხელფასები გაყინული იყო, გვარამიას, ანჯაფარიძეს, მელაძეს, გაბუნიას... ასიათასობით ლარი აქვთ მიღებული" - კვირის პალიტრა

"იმ დროს, როდესაც კომპანიის თანამშრომლების ხელფასები გაყინული იყო, გვარამიას, ანჯაფარიძეს, მელაძეს, გაბუნიას... ასიათასობით ლარი აქვთ მიღებული"

გვარამიას, ანჯაფარიძეს, მელაძეს, ლაფერაშვილს, გაბუნიას, ასევე ყოფილ თანამშრომელ უდუმაშვილს, იმ დროს, როდესაც კომპანიის თანამშრომლების ხელფასები გაყინული იყო, ასიათასობით ლარი აქვთ მიღებული. ახლა ცდილობენ ეს თანხები ბონუსად წარმოაჩინონ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის განცხადებაში წერია, რომელიც ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

როგორც ხალვაში წერს, ნიკა გვარამია მიხელ სააკაშვილთან ერთად ცდილობდა, „რუსთავი 2“-სთვის ტელევიზიის სახე დაეკარგა და ის პარტიული პროპაგანდის იარაღად გადააქცია, რაც მისი შეფასებით კომპანიის ნგრევას ისახავდა მიზნად.

„უმძიმესი დარტყმა იყო ის ფინანსური მაქინაციები, რომლებმაც ტელეკომპანია ამ ვითარებამდე მიიყვანა. მათ შორის იყო ის ერთ-ერთი ეპოზოდი, რის გამოც მოხდა რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება. გვარამიას, ანჯაფარიძეს, მელაძეს, ლაფერაშვილს, გაბუნიას, ასევე ყოფილ თანამშრომელ უდუმაშვილს, იმ დროს, როდესაც კომპანიის თანამშრომლების ხელფასები გაყინული იყო, ასიათასობით ლარი აქვთ მიღებული. ახლა ცდილობენ ეს თანხები ბონუსად წარმოაჩინონ, თუმცა აშკარაა, რომ ასეთი ბონუსები კომპანიას არ გაუცია და სწორედ „რუსთავი 2“-ის კუთვნილი, მაგრამ სხვა კომპანიაში დალექილი თანხები მიიღეს, ჩუმად, სხვა თანამშრომლებისგან მალულად, გადასახადების გადაუხდელად“,- ნათქვამია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.