რამდენიმე წუთის წინ, გორის რაიონის სოფელ საყავრესთან გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში კვლავ სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი ჩაერთო.სალიკვიდაციო სამუშაოებში გუშინ საღამოს ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი და დაღამებამდე მათ 6 გაფრენა განახორციელეს.გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყო 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანება 40 ჰა. ფართობზე შეინიშნებოდა, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაციით, ხანძრის ფართობი 10 ჰექტარს არ აღემატება.საყავრესთან გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთნენ გორის და კასპის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებიც.ღამის განმავლობაში საყავრეში იმყოფებოდნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელები, შიდა ქართლის გუბერნატორი, გორის მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია."ინტერპრესნიუსი"