საყავრესთან გაჩენილი ხანძრის კერები ჩამქრალია, ვერტმფრენებმა მუშაობა შეაჩერეს - კვირის პალიტრა

საყავრესთან გაჩენილი ხანძრის კერები ჩამქრალია, ვერტმფრენებმა მუშაობა შეაჩერეს

გორის რაიონის სოფელ საყავრესთან გაჩენილი ხანძრის კერები ჩამქრალია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საზღვრის დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა განუცხადეს.

ამ წუთებში საზღვრის დაცვის პოლიციის სამივე ვეტმფრენი გაჩერებულია.

"ცეცხლის კერები ჩამქრალია, თუმცა ქარია და გავრცელების საშიშროება არსებობს. შესაბამისად ვერტმფრენებიც ადგილზე რჩებიან. საჭიროების შემთხვევაში კვლავ ჩავერთვებით", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" ვერტმფრენების ეკიპაჟის წევრებმა.

შეგახსენებთ, რომ გორის რაიონის სოფელ საყავრესთან გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი დილიდან ჩაერთო.

სალიკვიდაციო სამუშაოებში გუშინ საღამოს ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი და დაღამებამდე მათ 6 გაფრენა განახორციელეს.

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყო 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანება 40 ჰა. ფართობზე შეინიშნებოდა, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაციით, ხანძრის ფართობი 10 ჰექტარს არ აღემატება.

საყავრესთან გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთნენ გორის და კასპის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებიც.

ღამის განმავლობაში საყავრეში იმყოფებოდნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელები, შიდა ქართლის გუბერნატორი, გორის მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია.

"ინტერპრესნიუსი"