"რაღა ცოტნე დადიანი და რაღა ჩემი პაციენტები" - კვირის პალიტრა

"რაღა ცოტნე დადიანი და რაღა ჩემი პაციენტები"

"წელს ბავშვების დამწვრობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. სამი წლის პაციენტიც გვყავდა. ბუნებრივია, მათ გარუჯვა სულ არ აინტერესებთ, უბრალოდ, მშობლებს ახლდნენ..."

ზღვის სეზონის დადგომასთან ერთად გარუჯვის მსურველმა იმატა და ზომიერების დაცვა აუცილებელია, რადგან შესაძლოა მზემ შვებულება ჩაგაშხამოთ...

გუგა ქაშიბაძე, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი:

- სახესა და კიდურებზე პირდაპირ თუ ირიბად მაინც ხვდება მზის სხივები, ის ადგილები კი, რომლებიც ნაკლებად დაფარულია, ადვილად იწვება, ამიტომ საჭიროა რეჟიმის დაცვა და კრემის წასმა.

- თუ მაინც დავიწვით, როგორ უნდა გავიყუჩოთ ტკივილი? - უპირველესად უნდა მოერიდოთ მზის სხივებს და დალიოთ ბევრი სითხე, ტკივილგამაყუჩებელი და დამწვარ სხეულზე წაისვათ დამწვრობის საწინააღმდეგო გელი ან კრემი. უნდა მოერიდოთ იმ საშუალებებს, რომლებსაც შინ ხშირად მოიხმარენ, მათ შესაძლოა დროებითი შვება მოგგვაროთ, მაგრამ სამკურნალოდ არ გამოდგება. თუ დამწვრობას თან ახლავს გონების დაბინდვა, ღებინება ან ძილიანობა, კლინიკას უნდა მიმართოთ.

- შეგიძლიათ თვითმკურნალობის ყველაზე უცნაური შემთხვევები გაიხსენოთ.. - ადამიანის ფანტაზია უკიდეგანოა, სამზარეულოს წიგნში ვერ შეხვდებით ინგრედიენტს, რომელსაც არ ისვამენ: იოგურტს, ზეთს, სოდას, სპირტს, სხვადასხვა სასმელს, შარდს... ყველაფრის ჩამოთვლა არც მინდა, მეშინია, არ გაიმეორონ. მინახავს ისეთი პაციენტებიც, რაღა ცოტნე დადიანი და რაღა ისინი - თავგანწირვამდე მიდიან. პირველი ხარისხის დამწვრობა მიუღიათ, სითხით სავსე ბუშტუკები გასჩენიათ და მეორე დღეს ისევ მზეს მიჰფიცხებიან.

- რა დროა საჭირო დამწვარი კანის აღსადგენად? დავუშვათ სახე ძალიან დამეწვა, ნაწიბურები დამრჩება? - დამწვარი კანის აღსადგენად დაახლოებით ორი კვირაა საჭირო, თუმცა დამწვრობის ხარისხს გააჩნია. სოლარული ანუ მზის სხივებით დამწვრობა ზედაპირული დამწვრობების კატეგორიას განეკუთვნება. პირველი და მეორე ხარისხის დაზიანება კვალს არ ტოვებს. როცა სხეულის 60-80% იწვება, კანის აღდგენას ორ კვირამდე სჭირდება. ამ დროს ორგანიზმის გაუწყლოება ხდება, თბორეგულაცია ირღვევა, რასაც თან ახლავს კანკალი, შემცივნება, ძლიერი ტკივილი... მქონია შემთხვევები, როცა ასეთ პაციენტებს რეანიმაციული მკურნალობაც დასჭირვებიათ. აი, ასეთი სპორტული სიჯიუტე და საოცარი ნებისყოფა აქვს ჩემს რამდენიმე პაციენტს.

თუ დამწვარი შეხორცებული არ არის და მაინც გადიხართ მზეზე, ჩნდება პიგმენტური ლაქები, რომლებიც ძალიან რთული მოსაცილებელია. გახსოვდეთ, დამწვრობის შემდეგ კატეგორიულად აკრძალულია განმეორებითი გარუჯვა.

- როგორც ვიცი, ლეღვის ნახარშის მომხმარებელთა რიცხვი შემცირებულია... - წელს მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო და იმედია, აღარ განმეორდება. ვფიქრობ, ეს ქართული "ტრადიციაა". რატომ უნდა მოგივიდეს თავში აზრად, როცა პრესით თუ ტელევიზიით მუდმივად გეუბნებიან, რომ ლეღვის ფოთლების ნახარში დაგწვავს?! წელს 22 წლის გოგონა დაიწვა. დაახლოებით ათი წელია, რაც ლეღვის ნახარში "მოდური" გახდა და ამ ხნის განმავლობაში ბევრი მამაკაციც დამწვარა, ძირითადად, ახალგაზრდები. ყველაზე პატარა 12 წლის გოგონა იყო, ყველაზე ხანდაზმული - 65 წლის ქალი. თუმცა უფრო ასაკოვანიც დამწვარა - 82 წლის ბებიას სახსრები აწუხებდა და შვილიშვილი ბოროტად ეხუმრა, მოატყუა, ლეღვის ფოთლების ნაყენი გიშველისო... ვერც სახსრები მოირჩინა და დამწვრობაც მიიღო. ბოროტი ხუმრობა კი არა, ეს მავნებლობაა.

- დღის რა მონაკვეთში და რამდენი ხნით შეგვიძლია გავიყვანოთ მზეზე ბავშვები? - წელს ბავშვების დამწვრობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. სამი წლის პაციენტიც გვყავდა. ბუნებრივია, მათ გარუჯვა სულ არ აინტერესებთ, უბრალოდ, მშობლებს ახლდნენ.

არავისთვის არ არის რეკომენდებული 11-დან 5 საათამდე მზის გულზე ყოფნა. უცხოეთში ბავშვებს არა მარტო სპეციალურ ლოსიონებს უსვამენ, არამედ კომბინეზონებსაც აცმევენ, რომ მაქსიმალურად იყვნენ დაცული. ამასთან, კრემის ერთხელ წასმა საკმარისი არ არის და ბავშვს 2 საათში ერთხელ უნდა წაუსვათ.

- ნამზეურს რაიმე დადებითი თვისება თუ აქვს, გარდა იმისა, რომ კარგ ფერს ვიღებთ? - მზის სხივები საჭიროა ორგანიზმისთვის. ამ დროს სხვადასხვა ნივთიერება გამომუშავდება, მაგალითად, ვიტამინი, რომელიც ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

რაც შეეხება ესთეტიკურ მხარეს, ნამზეური სხეულს უფრო ლამაზსა და გამხდარს აჩენს. გოგონებს მოსწონთ გარუჯული ბიჭები და პირიქით. ეს მოდა კოკო შანელმა შემოიტანა. მანამდე არისტოკრატიულობის სიმბოლოდ თეთრი კანი ითვლებოდა.

ნამზეური იწვევს კანის გამოშრობასა და ნაადრევ ნაოჭებს. არსებობს კანის დაავადებები, რომელთა შემთხვევაშიც კატეგორიულად აკრძალულია გარუჯვა, ამიტომ გირჩევთ ერთი კონსულტაცია მაინც გაიარეთ დერმატოლოგთან, რათა შეისწავლოს თქვენი კანის ტიპი, ხალები და ა.შ.

ნათია სიბაშვილი