"თუ გინდა, რომ მეუღლემ შინიდან არ გამაგდოს, მისი თანდასწრებით არ მკითხო" - ვინ არის ახალციხელი კონსტრუქტორი, რომელმაც უკვე სამი მანქანა ააწყო? - კვირის პალიტრა

"თუ გინდა, რომ მეუღლემ შინიდან არ გამაგდოს, მისი თანდასწრებით არ მკითხო" - ვინ არის ახალციხელი კონსტრუქტორი, რომელმაც უკვე სამი მანქანა ააწყო?

"ჯეირანი" და "ახალციხელი" აქაა, თავისუფალი ადგილი კი "წიქარასთვისაა" დარჩენილი და მალე ხელზე მთელი პანო მექნება"

მანქანის აწყობას პირველად "ზაპოროჟეცის" ნაწილებით 20 წლის ასაკში შეეჭიდა, მაგრამ თავადვე არ მოეწონა. ხაზვა, გეომეტრია და მათემატიკა თურმე ბავშვობიდან ძალიან უყვარდა, მერე იმჟამინდელი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი დაამთავრა და ავტოინჟინერი გახდა, მაგრამ ცოდნა რომ ვერსად გამოიყენა, საკუთარი თავის რეალიზებისთვის მანქანების აწყობა დაიწყო - ნელ-ნელა ხელსაწყო-იარაღებიც შეიძინა, თუმცა ბევრი იარაღი არც სჭირდებოდა, მითხრა, მე ხომ ქარხნულის დონეზე არ ვაკეთებ, მხოლოდ მოყვარული ვარ და თუ მოჩხრეკ, 5-მილიმეტრიან ცდომილებას ყოველთვის იპოვი.

მანქანების აწყობით დიდ სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ მანქანის ასაწყობად დრო და ფული მაინც აუცილებელია, არ უნდა ფიქრობდე, დღეს ოჯახს რა ვაჭამოო. ამ სოციალური კონდიციის მისაღწევად მას 20-25 წელიწადი დასჭირდა, ამიტომაც პირველი მანქანის აწყობიდან მართლაც უჩვეულოდ ლამაზი და სრულყოფილი მანქანის აწყობამდე 20-წლიანი შუალედი გააკეთა. პირველად მასთან მეც მისი შემოქმედების სწორედ ამ პირველმა სრულყოფილებამ შემახვედრა - ახალციხის ქუჩაში უჩვეულო, ულამაზესი ყვითელი მანქანა რომ შევნიშნე, აღვფრთოვანდი. მეგობარმა ამიხსნა, ასეთი მანქანა ერთადერთია, რადგან საჭესთან ვინც ზის, მანვე ააწყო საკუთარი ხელითო. ასე გავიცანი იმხანად 49 წლის გურამ სუდაძე, რომელიც ახალციხეში ოჯახთან ერთად მოკრძალებულად ცხოვრობს და სახელოსნოც საკუთარი სახლის პატარა ეზოში მოუწყვია. მას შემდეგ წლები გავიდა და გურამმა კიდევ ორი, სრულიად განსხვავებული მანქანა ააწყო, ამიტომაც ვუწოდე მის შემოქმედებას ტრილოგია, რომლის "მესამე ნაწილს" "კვირის პალიტრა" ექსკლუზიურად გთავაზობთ, რადგან ცხელ-ცხელი ამბავია - მისი "წიქარა" ახლახან ვიხილე. მუსიკალური მანქანაა, გურამს გამაძლიერებლებიც დაუყენებია - მიქრის და უკრავს.

"ეს ჩემი გატაცებაა და... ჟინი: შევძლებ საოცნებო მანქანის გაკეთებას თუ ვერა?"

გურამ სუდაძე: - ეს ტრაიციკლია. ვიყიდე დამტვრეული მოტოციკლი, ცხვირი მოვაჭერი და ერთადგილიანი გავაკეთე. ჩვეულებრივ მანქანასავით მართავ - აქვს სატერფულები, საჭე, სიჩქარეები... მოტოციკლს ხომ ყველაფერი ხელზე აქვს, მე ეს ყველაფერი ფეხებზე და წინ გადავიტანე. ატარებ მოტოციკლს, მაგრამ ზიხარ როგორც მანქანაში. სამბორბლიანია - უკან ერთია წამყვანი და წინ ორი - სამართავად. გამოცდისას მივხვდი, რომ სიჩქარის აკრეფისას სამი ბორბალი სახიფათო ხდება, ამიტომ ერთადგილიანს დავჯერდი. ჯობია, მარტომ გავრისკო, ვიდრე უკან სხვაც მეჯდეს და ისიც ხიფათში ჩავაგდო. ბაიკერებმა რომ გაატარეს ჩემი ტრაიციკლი, თქვეს, ეს სულ სხვა რამეაო. ამიტომ ჯერ მეც კარგად უნდა ვისწავლო მისი ტარება.

- რა სიჩქარეს ავითარებს?

- 260 კმ/სთ-ს, აქვს 12 ათასი ბრუნი, ძრავას - 98 ცხენის ძალა და 450 კილოგრამს იწონის. დინამიკური მანქანაა. ამ მანქანით შეგიძლია ფინტები აკეთო, თავი წარმოაჩინო. მაგალითად, ბათუმის ბულვარში რომ გააქროლებ, მუსიკასაც რომ ჩართავ, შეუძლებელია, ვერ შეგამჩნიონ.

ჩემი წინა ორი მანქანა ორივე ოცნების მანქანა იყო. მინდოდა ბაგი მყოლოდა და "ჯეირანი" გავაკეთე; მინდოდა "ჰოთ როდი" და "ახალციხელი" ავაწყვე. ეს უკანასკნელი 1933 წლის "ფორდის" რეპლიკაა - "ფორდ-კუპე", რომელიც ბავშვობიდან ძალიან მომწონდა და ვფიქრობდი, რომ აუცილებლად უნდა მყოლოდა. ჩემი "ახალციხელი" ძალიან ჰგავს ორიგინალს, მხოლოდ მოცულობით უფრო პატარაა.

ამერიკაში არის მანქანების საწარმო Factory Five-ი, სადაც ასაწყობი მანქანებიც იყიდება და მზაც. იქ ასეთი მოდელი 30-დან 45 ათას დოლარამდე ღირს, მე კი დაახლოებით 2 ათას დოლარად და 4-წლიან შრომად დამიჯდა. "ჰოთ როდების" მფლობელებს "ფეისბუქზე" ჯგუფი აქვთ. იმ ჯგუფში გავწევრდი და ჩემი "ახალციხელის" ფოტოები გამოვფინე. ჩემს მანქანას გასაწევ-გამოსაწევი ფანჯარა გავუკეთე, ქარხნულს კი ასეთი ფანჯარა არ მოჰყვება. ჯგუფში ამერიკელებმა მომწერეს, სად შეიძინეო? ვუპასუხე, თვითონ გავაკეთე-მეთქი. რა ღირს, ჩვენც გაგვიკეთეო. ავუხსენი, თქვენი მანქანის ზომას ეს არ შეესაბამება, ხელით მაქვს გაკეთებული-მეთქი. გაიკვირვეს, როგორ თუ ხელითო?

მერე სამუშაო პროცესის ფოტოები გავუგზავნე, თაბაშირში რომ გავლესე, მერე მატრიცა რომ ავიღე, მასში ფორმები ჩამოვასხი და ა.შ. გაგიჟდნენ, ჩვენ Kit car-ის აწყობაზე რამდენი ვიწვალეთ და შენ თავიდან ბოლომდე საკუთარი ხელით როგორ გააკეთე ან რატომ დაგჭირდაო? რა უნდა მეთქვა? 30 ათასი დოლარი ამერიკელისთვის შეიძლება ორი თვის ხელფასი იყოს, ამიტომ იოლად ყიდის სასურველ მანქანას, ჩემთვის კი ის მხოლოდ დოლარებად არ ფასობს, ეს ჩემი გატაცებაა და... ჟინი: შევძლებ საოცნებო მანქანის გაკეთებას თუ ვერა? ამ კეთება-კეთებაში თანდათან ხომ ბევრ რამეს ვსწავლობ, მერე მენანება, რომ ეს გამოცდილება უქმად დამრჩეს და ამიტომ ახალს ვიწყებ, სადაც უკვე ბევრ რამეს ვითვალისწინებ. მიუხედავად იმისა, რომ სამივე სრულიად განსხვავებული მოდელია, ადრე თუ ორჯერ-სამჯერ მიწევდა რაიმეს გადაკეთება და მიზანს ძალიან დიდი შრომის შემდეგ ვაღწევდი, ახლა პირველ ჯერზევე ვაღწევ შედეგს. ჟურნალისტი ირმა ხარშილაძე და ,ჯეირანი'

ახალციხეში ბაიკერთა კლუბი გვაქვს. მის წევრ ბიჭებს ძალიან დავუმეგობრდი და კლუბშიც გამაწევრეს, მაგრამ წესდებით ან მოტოციკლი უნდა მყოლოდა, ან ტრაიციკლი. რადგან მოტოციკლი არ მყავდა და არც მინდოდა, ამიტომ ტრაიციკლის შექმნა გადავწყვიტე, თან ძალიან მაინტერესებდა, გამომივიდოდა თუ არა. სამი წლის განმავლობაში ვაკეთებდი, თუმცა ყოველდღიურად არ ვმუშაობდი და აქაური კლიმატისა და საკურორტო სეზონის გამო ზამთარსა და ზაფხულშიც ვერაფერს ვაკეთებდი. ასე რომ, გამოდის, სუფთად ერთი წელიწადი მიმუშავია. ეს შემოქმედებითი სამუშაოა და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, ხოლო ზამთრის ყინვაში რომ გამოვიდე და ვაკეთო, ვერაფერ სიამოვნებას ვერ მივიღებ.

მე დიზაინერი კი არა, უფრო კონსტრუქტორი ვარ. შემიძლია სურათის მიხედვით ავაწყო მანქანა, მაგრამ... მესამე პროექტი რომ დავიწყე, მანქანა ჯერ კონსტრუქციულად ავაწყვე, გამოვცადე და დიზაინზე რომ გადავედი, თავდაპირველად შუა ნაწილი გამოვლესე თაბაშირით, მაგრამ ცხვირის ლესვამ ძალიან გამაწვალა - მინდოდა ხარის დინგი ყოფილიყო, მაგრამ ხან ზვიგენს დაემსგავსა, ხან - რას. მივხვდი, დიზაინზე მუშაობა ძალიან მიძნელდებოდა. ამ დროს ერთმა ახალციხელმა ბიჭმა, იმედა აფციაურმა, შემომიარა და ჩემი ნამუშევარი დაათვალიერა. იმედას სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და ძალიან ნიჭიერი ბიჭია. დახმარება შემომთავაზა და როდესაც ავუხსენი, რისი გაკეთება მინდოდა, მკითხა, გავართულოო? ეს ჩემთვის გამოწვევა იყო და, ცხადია, დავეთანხმე. მერე, ესკიზი რომ მომცა, ძალიან მომეწონა და საქმესაც შევუდექი. სხვათა შორის, ორივენი ძიებაში ვიყავით. იმედას ძალიან ვემადლიერები - სრულიად უანგაროდ დამეხმარა.

"გურამმა კარგად იცის, როგორ გახდეს ისტორიის ნაწილი"

იმედა აფციაური, დიზაინერი:

- გურამი ნამდვილად შემოქმედია, ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, ამქვეყნად რომ მოევლინა, დრო და შესაძლებლობები როგორ გამოიყენოს, როგორ გახდეს ისტორიის ნაწილი და არ ცხოვრობდეს მხოლოდ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. რომ ვნახე, ასეთ საინტერესო პროექტზე მუშაობდა, როგორც დიზაინერს არ შემეძლო მისთვის შორიდან მეცქირა. მისი ძალიან მადლობელი ვარ, რომ მეც მომცა შესაძლებლობა, მცირე წვლილი შემეტანა ამ პროექტში.

"მეოთხე? მაგაზე ვეღარაფერს ვიტყვი..."

გურამის "ჯეირანი" ყვითელია, "ახალციხელი" - წითლისა და თეთრის კომბინაცია, "წიქარა" - სტაფილოსფერია, სამივე სასეირნო მანქანაა, ექსკლუზიური. პროექტებიც დაბალბიუჯეტიანია. როგორც მითხრა, სამივე მანქანა თავისი ბუნებითა და ფორმით სრულიად ამართლებს სახელწოდებას - "ჯეირანი" ბაგია და მართლაც ქურციკივით დახტის და დარბის; "ახალციხელი" რეტროა და ამით ჩემს უძველეს ქალაქს - ახალციხეს ეხმიანება; "წიქარა" კი ქართული ზღაპრის გმირი ხარივითაა, დრუნჩიც აქვს, ჩლიქებიც და რქებიც, ოღონდ ახალგაზრდაა, გიჟი მოზვერიაო. ამ უნიჭიერეს კაცს ისეთი ავტოფარეხიც კი არა აქვს, სამივე რომ გააჩეროს, გასაყიდად კი ერთსაც ვერ იმეტებს.

ვინ იქნება მეოთხე-მეთქი? - ვეკითხები გურამს.

- ამაზე ჯერ არ ვფიქრობ. თუ გინდა, რომ მეუღლემ შინიდან არ გამაგდოს, მისი თანდასწრებით არ მკითხო. ხომ ხედავთ, რა პატარა ეზო მაქვს, მხოლოდ პირობითი საზღვარია - აქეთ, სადაც ყვავილებია, ლენას ტერიტორიაა, იქით პატარა გარაჟია, გარეთ კი საღებავები, დანადგარის ყუთები და ა.შ. მიწყვია. წარმოიდგინე, როგორია, რკინას რომ გაჭრი, "გაშკურკავ" და ეს პატარა ეზო მტვრით აივსება, მერე იმის დალაგება-დასუფთავება არ გინდა?! თუმცა ლენას თანადგომის გარეშე არაფერი გამომივა, აშკარად მიძლებს და იტანს ჩემს მანქანებით გატაცებას, მაგრამ მეოთხე? მაგაზე ვეღარაფერს ვიტყვი...

საუბრის ბოლოს აღმოვაჩინე, რომ ჩემს მასპინძელს ხელზე ორიგინალური ტატუები ჰქონდა. სიცილით ამიხსნა, მოსკოვიდან ჩამოსულმა ძმაკაცმა მთელ ჩემს შემოქმედებას ერთ ხელზე მოუყარა თავი: "ჯეირანი" და "ახალციხელი" აქ არის, თავისუფალი ადგილი კი "წიქარასთვისაა" დარჩენილი და მალე ხელზე მთელი პანო მექნებაო.