"ვიცოდი, რომ შვილი ავარიაში დამეღუპებოდა"
"ვიცოდი, რომ შვილი ავარიაში დამეღუპებოდა"
"როცა აღვიკვეცე, უწმინდესს ვთხოვე, შეიძლება ღმერთს ვთხოვო, ხედვებისგან­ გამათავისუფლოს-მეთქი. პატრიარქმა მითხრა, არ გაბედო, დედაო, ღვთისგან ნაბოძებ ნიჭზე უარს რომ ამბობ, უარესად გაგიმძაფრდებაო. მასაც ძალიან ხშირად აქვს ხილვები. ერთხელ მკითხა, თქვენი ვაჟი ახლა სად არისო?­ გამიკვირდა, რადგან მაშინ 22 წლის გარდაცვლილი იყო. არ ვიცოდი, რა მეპასუხა და თავად მითხრა, თქვენი ვაჟი აქ არის, ახლა მე ვარ თქვენი ვაჟიო. არ ვიცი, რა იგულისხმა, შესაძლებელია უწმინდესს ჩემი ვაჟი შემოჰყვა..."

დედა თამარი ჯვრის მამის
მონას­ტერში ცხოვრობს. მასთან ყოველდღიურად უამრავი ადამიანი დადის, რომელთაც ის სულიერ თუ ფიზიკურ განკურნებაში, მოსალოდნელი სირთულეების შეცვლაში ეხმარება.

- დედა თამარ, როდის აღმოაჩინეთ თქვენში წინასწარმეტყველების ძალა?

- ძალიან პატარამ დავიწყე ბავშვისთვის მიუღებელ რაღაცებზე საუბარი. ყველა ეუბნებოდა დედაჩემს, სულ
ლაპარაკობს, მაგრამ ყურს რომ არავინ უგდებს, იქნებ მაგიტომაც ლაპარაკობს ამდენსო. რას ვლაპარაკობდი, არ მახსოვს, მაგრამ ის მახსოვს, რომ ღამით ცას შევყურებდი და ღრუბლებზე რაღაცებს ვხედავდი. დედაჩემისთვის ეს დიდად საინტერესო არ იყო, ვერც გაიგებდა, რადგან ეგონა, ბავშვური წარმოსახვით ვლაპარაკობდი.­

ოთხი წლისაც არ ვიქნებოდი, როცა ვთქვი, ახლა მიწა იქანავებს და მეც ვიქანავებ-მეთქი და ამ დროს მართლაც მოხდა მიწისძვრა. ამის მერე დააკვირდნენ ჩემს ნათქვამებს. დედაჩემს სამი შვილი ვყავდით, როცა ვუთხარი, კიდევ ორი ძმა გამიჩნდება და პატარას, ხუთი წლისას, მანქანა გაიტანს-მეთქი, მართლაც ასე მოხდა. ასევე ვამბობდი, რომ მეყოლებოდა ლამაზი, მწვანეთვალება შვილი.

- შვილი გყავთ გარდაცვლილი, მის სიკვდილს თუ გრძნობდით წინასწარ?
- ბიჭის გარდაცვალებამდე ბოლო ხუთი წელი საშინლად გავატარე. გამიჩნდა შიში, რომ შვილი დამეღუპებოდა ავარიაში. ხუთი წუთის შემოსული რომ ყოფილიყო სახლში, მაშინვე უკან მივდევდი და უკვირდა, რატომ მომდევო, მაგრამ ვერაფერს ვამბობდი. დრო რომ ახლოვდებოდა, სულ "სასწრაფოები" მედგა კართან.
დედა-შვილის განშორებაზე ტრაგიკული არაფერია, თან იცი, რომ ეს უნდა მოხდეს.

- როგორ დაიღუპა?
- იმ დღეს, როდესაც თანაკლასელმა სთხოვა, ჩემი მეჯვარე უნდა იყოო, ჩემმა შვილმა უთხრა, ოჰ, შე ჩიჟიკა, ჩემი სიკვდილის დღე რომ დააყენეო...

- ჰკითხეთ, ეს რატომ თქვა?
- არ მიკითხავს და ეს წყევლაა ჩემთვის. როგორ უნდა იცხოვრო ასეთი შეგრძნებით, როცა შვილი გეუბნება ხოლმე: "მე რომ წავალ... მე რომ იქ ვიქნები... ჩვენ რომ დავცილდებით და მერე შევხვდებით"...
იმ დღეს, ქორწილში მეჯვარედ რომ წავიდა, მზიანი დღე იყო, საღამოს კი მუხლამდე თოვლი მოვიდა. ვტიროდი, ჩემი თემური სად არის, ხომ არ მომიკვდა-მეთქი. უცებ დავინახე, სადარბაზოებიდან ნელ-ნელა ხალხი გამოდის. მთელი უბანი შეკრებილია, თურმე ჩემს სახლს დარაჯობენ, ვინმემ არ უთხრას, უცებ გული არ გაუსკდესო. ეჰ, რა ბედნიერი ვიქნებოდი, ასე რომ მომხდარიყო. მე თვითონ დავიწყე ყვირილი, ხალხო, რატომ არ მეუბნებით, რომ თემური მომიკვდა-მეთქი. მართლაც, ცოტა ხანში მომისვენეს ჩემი შვილი, რომელიც ავარიაში დაიღუპა. როდესაც საფლავს ვაკეთებდი, ჩემდა უნებურად მივახატე სურათი, მე, მონაზონი, ჩემი შვილის წინაშე მუხლებზე ვდგავარ, ქვეშ მივაწერე "დედა".



- ეს რატომ გააკეთეთ?
- მე არაფერი გამიკეთებია. ეს უფლის ნება იყო. მე მას უკვე გამორჩეული ვყავდი ამ გოლგოთისთვის.

- მონაზვნად შვილის გარდაცვალების შემდეგ აღიკვეცეთ?
- ერთ დღეს მივედი პატრიარქთან და ვუთხარი, მონაზვნად უნდა აღვიკვეცო-მეთქი. ეს უფლის ნება იყო. მას არ მოუცია კურთხევა, თუნდაც ერთი დღე ვყოფილიყავი მორჩილებაში და მერე აღვეკვეცე მონაზვნად. საეკლესიო ცხოვრება კი ვიცოდი, მაგრამ სამონასტრო ცხოვრება ძალიან რთულია. როცა სიონში მოვდიოდით მე და ჩემი შვილი, ვამბობდი, აქ მონასტერი იქნება და მე ამ აივანზე უნდა ვიცხოვრო-მეთქი. ჩემი შვილი მეკითხებოდა, დე, ვინ მოგცემს აქ საცხოვრებელსო. მართლაც იმ აივანზე ვცხოვრობდი...

- პატრიარქი რას გეუბნებოდათ თქვენს ხედვებზე?
- როცა აღვიკვეცე, უწმინდესს ვთხოვე, შეიძლება ღმერთს ვთხოვო, ხედვებისგან­ გამათავისუფლოს, იქნებ სხვა ადამიანი გავხდე-მეთქი. პატრიარქმა მითხრა, არ გაბედო, დედაო, ღვთისგან ნაბოძებ ნიჭზე უარს რომ ამბობ, უარესად გაგიმძაფრდებაო. მასაც ძალიან ხშირად აქვს ხილვები. ერთხელ მკითხა, თქვენი ვაჟი ახლა სად არისო?­ გამიკვირდა, რადგან მაშინ 22 წლის გარდაცვლილი იყო. არ ვიცოდი, რა მეპასუხა და თავად მითხრა, თქვენი ვაჟი აქ არის, ახლა მე ვარ თქვენი ვაჟიო. არ ვიცი, რა იგულისხმა, მაგრამ მას მერე ვფიქრობ, შესაძლებელია უწმინდესს ჩემი ვაჟი შემოჰყვა.

- გარდაცვლილები გვხედავენ?
- წუთითაც არ გვტოვებენ. იცი, რამდენჯერ მითხრა პატრიარქმა, როდესაც შვილგარდაცვლილი მონაზონი ლოგინში წევს, ლოცულობს და იხსენიებს მიცვალებულებს, უფალი მას უსმენს, მით უმეტეს, შვილმკვდარ დედასო. დაახლოებით ხუთას მიცვალებულს ვიხსენიებ. ლოცვას რომ დავასრულებ, მერე ვეფერები მათ: ახლა წადით, ჩემო სიცოცხლეებო, ჩემო სიხარულებო, თქვენს ადგილებზე ხვალამდე.

- ვის აქვს თქვენთან მოსვლის უფლება?
- ვისაც უფალი დაუშვებს.

- კითხვებს გისვამენ თუ თქვენით ეუბნებით?
- კითხვებსაც მისვამენ და ჩემითაც ვეუბნები. რასაც ყველაზე მეტად მალავ, შეიძლება ის გითხრა. არაფერს ვაკეთებ, მხოლოდ ვესაუბრები, მაგრამ ჩემგან ვინც გადის, ყველა ამბობს, რომ აღარაფერი აწუხებთ. თუ დედას შვილი უნდა მოუკვდეს, იმას ვერ ვეტყვი. შეიძლება ვუთხრა, რომ გაუფრთხილდეს, თუმცა რაც უფლისგან არის დაშვებული, ვერ შეცვლი.

- თქვენ პატრიარქისგან გაქვთ კურთხევა, რომ უწინასწარმეტყველოთ ადამიანებს?
- ამაზე სულ მედავებოდა პატრიარქი, ჩაიკეტე, ამდენი ინფორმაციის მატარებელი ხარ და არ გასცემო.

- სიზმრების სახითაც ნახულობთ მომავალს?
- ეკლესია უარყოფს სიზმრებს, მაგრამ განა ვინმეს ეღვიძა, ვისაც ხილვები ჰქონდა? ერთხელ მესიზმრა: ოთახში თეთრკვართიანი ბავშვები არიან და ვიღაც მეუბნება, დედა თამარ, ნუ იმალებით, აიღეთ თქვენი აღკვეცის ჯვარი, რომელსაც ძალიან დიდი ძალა აქვს, დაადეთ ამ ბავშვებს თავზე და ისინი განიკურნებიანო. ძალიან შემეშინდა... ჯვარზე იესოა გამოსახული, ვიფიქრე, იქნებ იესოს უნდა ჩემი ხელით მოხდეს სასწაული, მაგრამ სად ვიპოვო ეს ბავშვები-მეთქი... ჩემი ძმა ავადმყოფობს და ყოველდღე მოდიოდა ჩემთან, მეუბნებოდა, შენ რომ ჯვარს თავზე დამადებ, იმ დღეს კარგად ვარო. ვიცი, რომ ჩემს ჯვარს დიდი ძალა აქვს.

- როგორც ვიცი, მამა გაბრიელის საფლავის გახსნისას ხილვა გქონდათ...
- ძალიან მინდოდა საფლავის გახსნას დავსწრებოდი. ღამის 11 საათზე საშვი გამომიგზავნეს და წავედი. წასვლამდე ძალიან ცუდად გავხდი, ყველაფერი ამტკივდა, რაღაც ბოროტი ძალა მებრძოდა და წასვლის ნებას არ მაძლევდა. ხერხემალი მაწუხებს და ქარიან ამინდში ნაბიჯის გადადგმაც მიჭირს. ვიფიქრე, არ წავალ, უარესად არ გავხდე-მეთქი, მაგრამ ბოროტი ძალა მაინც დავამარცხე. ხალხი სასწაულს ელოდა და მეც ამ რწმენით წავედი. მცხეთაში რომ ჩავედი, სანამ საფლავამდე მივიდოდი, დროდადრო სკამზე ვჯდებოდი და ვისვენებდი. ერთ მომენტში მაყვლოვნის პირდაპირ დავჯექი, წმინდა ნინოს ტაძართან. მამა გაბრიელი იქ ხშირად ლოცულობდა. უცებ დავინახე, რომ ტაძრის კარზე ბერი იყო გამოსახული და თავისი საფლავისკენ დაღონებული იყურებოდა. ჩემ გვერდით მომღერალი დათო გველესიანი იდგა და პირველად მას გავანდე ჩემი ხილვის შესახებ, ძალიან მინდოდა მასაც დაენახა, მაგრამ მხოლოდ მე ვხედავდი.

- ჩვენი ქვეყნის ბედზე რას იტყვით?
- ასეთი ხილვა მქონდა: რომ ერთი დღე-ღამე ერმა და ბერმა, დიდმა და პატარამ, იმარხულოს და ერთი დღე-ღამე ილოცოს და საქართველოს ეშველება.

"ხშირად რაღაც რომ ხდება, ამბობს, სისხლის სუნი მცემსო"


ექიმი ქეთევანი (გვარის დასახელება არ ისურვა) დედა თამარზე იხსენებს:

- დედა თამარი ამოუცნობი ფენომენით არის დაჯილდოებული. ერთხელ ფეხის სახსრის სამკურნალოდ მივფრინავდი ამერიკაში. მივედი დედა თამართან დასალოცად, დასამშვიდობებლად. მითხრა, რომ ოპერაციას გაიკეთებო. არა, დედაო, ნამდვილად არა მაქვს საოპერაციო-მეთქი. მე ვხედავ, შენ აქ გამართული შემოხვალო. მართლაც, ოპერაცია რომ გავიკეთე და გამოვფხიზლდი, გამახსენდა დედა თამარის სიტყვები.
ერთხელ ძალიან დამწუხრებული დამხვდა. ვკითხე, დედაო, რა გჭირთ-მეთქი? რომ გითხრა, დამიჯერებ? იაპონიას ვჯავრობო. რაღაცას რომ იტყვის, არ უნდა შეეკითხო. მეც გავისუსე და მეუბნება, დაიჯერებ, რომ იაპონიას ვჯავრობო? რა ხდება-მეთქი და ამბობს, ვაიმე, როგორ ნაფოტივით ცვივა სახლები, ხალხი დარბისო. მერე გამოვიდა ხილვიდან და გავაგრძელეთ ამქვეყნიური საუბრები. ორ დღეში გამოაცხადეს, რომ იაპონიაში ცუნამი მოხდა. ხშირად რაღაც რომ ხდება, ამბობს, სისხლის სუნი მცემსო და მართლაც ორ დღეში რაღაც ისეთი მომხდარა. უცებ სხვა თემაზე საუბრის დროს შეიძლება რაღაც თქვას.

- შეუძლია ცხოვრებაში რაღაცები შეგიცვალოს?
- შეუძლია რაღაცები აგარიდოს, გაგაფრთხილოს, მაგრამ რაც უფლის ნებითაა დადგენილი, ვერავინ შეცვლის. გია მაისაშვილი მისი შვილობილი იყო. როდესაც გია ძალიან მძიმედ იყო ავად, პირველად თურქეთში წაიყვანეს. იქ ოპერაცია გაუკეთეს, მერე ამერიკაში მიჰყავდათ და დედა თამარი ძალიან დამწუხრებული იყო, გიას უკვე მკვდარს ვხედავო. მართლაც, წელიწადიც არ გასულა, რომ გია გარდაიცვალა.

"ვინც მივიყვანე დედა თამართან, გაოგნებულები გამოდიან"

დავით გველესიანი, მომღერალი: - დედა თამარს დიდი ხანია ვიცნობ. როდესაც მიდიხარ ასეთ პიროვნებასთან, სანამ რაღაცებში არ დარწმუნდები, რთულია დაიჯერო ეს ყველაფერი. დიდი ადენომური კვანძი აღმომაჩნდა, უკვე ბიოფსიას აპირებდნენ და მითხრა, ჩემთან მოდიო. დამადო ხელი და ილოცა. რამდენიმე დღეში ისევ მივედი ექოსკოპიაზე და ვეღარაფერი =იპოვეს, მერე მიზანდართან, ცნობილ ექოსკოპისტთან წავედი, იმანაც ვერ იპოვა. რამდენიმე დღეში სრულიად გამიქრა ადენომური კვანძი. ვინც მივიყვანე დედა თამართან, გაოგნებულები გამოდიან, ისეთ რაღაცებს ეუბნება, თვითონაც რომ არ ახსოვთ, თან ისეთი სიყვარულით, რომ ყველას ისევ უნდა მასთან მისვლა. გია ჯაჯანიძეც იყო. მახსოვს, თვალები ჰქონდა გაფართოებული, ისეთი რაღაცები მითხრა, მარტო მე რომ ვიციო. მისგან დიდ სიყვარულსა და მზრუნველობას ვგრძნობ. ძალიან ბევრი ცუდი მოვლენისა და არასაჭირო ხალხისგან დამიცვა...

ხათუნა კორთხონჯია
ნინო
06 ოქტომბერი 2019 13:50
ხომ არავინ იწის რომელ ეკლესიაშია,,თბილისშია
თემურ
29 სექტემბერი 2019 22:58
სად შეიძლება ნახვა რომელ დღეებში აქვს მიღება გმადლობთ
...
06 სექტემბერი 2019 01:26
გვიპასუხეთ სად შეიძლება დედა თამარის ნახვა.დაგვიწერეთ თუშეიძლება

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები