წინ, წარსულისკენ - XV-XVIII საუკუნეებში ქართველი მამაკაცები საყურესა და ბლანჟეს ატარებდნენ - კვირის პალიტრა

წინ, წარსულისკენ - XV-XVIII საუკუნეებში ქართველი მამაკაცები საყურესა და ბლანჟეს ატარებდნენ

ცნობილი გამონათქვამი, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო, მხოლოდ  მოდის ტენდენციებს არ ეხება, ის მთელ ადამიანურ ისტორიას წითელი ზოლივით გასდევს. ადამიანი გამუდმებით ეძებს გალამაზების საშუალებებს და მათ შორის ყველაზე ლამაზს მისივე ეპოქის შეხედულებით ამკვიდრებს. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პოლიტიკური ორიენტაცია ჯერ დიდგვაროვანთა მოდას ქმნიდა, მერე კი უბრალო მოკვდავებშიც ვრცელდებოდა. ჩვენი წარსულის მოდურ ტენდენციებს უმთავრესად ტაძრის ქტიტორთა (მშენებელთა) გამოსახულებებიდან ვიცნობთ, იქ კი უბრალო მოკვდავნი არ აისახებოდნენ.

ხელოვნებათმცოდნე ნინო დათუნაშვილი ქართული სამოსის, ვარცხნილობისა და სამკაულების ტენდენციებს იკვლევდა. როგორ გამოიყურებოდნენ XV-XVIII საუკუნეებში ქართველი მამაკაცები და რატომ ატარებდნენ საყურეს ან ბლანჟეს, ამ კითხვებზე პასუხი, ვფიქრობთ, ძალზე საინტერესოა.

ყურთან მოკვეცილი თმა და წვერი, ნაკურალეშის ეკლესიის უცნობი ქტიტორი

- ამ პერიოდის სამოსის კვლევა იმიტომაც ავირჩიე, რომ ნაკლებად იყო შესწავლილი. ზოგადად რთული პერიოდია - ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ე.წ. აღმოსავლური დაღმასვლა იწყება, პოლიტიკა იცვლება, რაც, ცხადია, ქართულ სამოსზეც მოქმედებს, სამკაულებსა და ვარცხნილობაზეც. თუმცა ქვეყანა ცოცხლობს და, ბუნებრივია, სილამაზედ იმას აღიქვამს, რაც მის გარშემო ხდება. რა და როგორ ეცვათ ქართველებს ამ ეპოქაში ან რა აქსესუარებს ატარებდნენ, ამაზე საკვლევი მასალები მწირია, მხოლოდ ტაძრებზე გამოსახული ქტიტორების (მაშენებლები) ან იტალიელი მისიონერების იშვიათი ჩანაწერები მოგვეპოვება, მაგრამ თუ პარალელებს შევაჯერებთ, ამ პერიოდის ე.წ. მოდურ ტენდენციებს ზოგადად მაინც აღვადგენთ.

- როდესაც ტაძრების პორტრეტებს ვაკვირდებით, სულ იმის განცდა მიჩნდება, რომ სამოსიცა და სამკაულებიც ძალიან სწრაფად, იმის მიხედვით იცვლება, თუ ვინ არის დამპყრობელი, ვისთან გვაქვს ურთიერთობა. ოშკზე გამოსახული ბიზანტიურმანტიიანი მეფე ბაგრატის შემხედვარე ქართველებს, ალბათ, აზრადაც არ მოუვიდოდათ აღმოსავლურად აჭრელებული ხალათის ჩაცმა. თუმცა შემდეგ საუკუნეებში ჭრელ ხალათებს, ჩალმებსა და საყურეებსაც კი მშვენივრად იხდენდნენ. რა არის ეს? ყველაფერ უცხოურის სწრაფად აყოლის ნიჭი თუ ისტორიული აუცილებლობა? - არა მგონია, ეს მხოლოდ უცხოურისთვის მიბაძვის ნიჭი იყოს, ყველაფერი პოლიტიკური მდგომარეობით იყო განპირობებული - შესაძლოა აღმოსავლური ხალათი ვინმეს უფრო მოსწონდა, ვიდრე ბიზანტიური მოსასხამი, მაგრამ ქართველი დიდგვაროვნებისაგან და მით უფრო, მეფეებისგან დამპყრობი მოითხოვდა, რომ ისე ჩაეცვათ, როგორც თავად იცვამდა. სამოსიცა და სამკაულებიც ოფიციალურ რეგალიებში შედიოდა და დიდგვაროვნებს საგანგებოდ ეგზავნებოდათ სხვადასხვა ქვეყნიდან. იგივე ითქმის ვარცხნილობაზე, წვერის ფორმასა და საყურეებზე.

აღმოსავლური თხელი ულვაში, ნაკურალეშის ეკლესია, კაცია ჩიქვანი

საყურიანი მამაკაცები ჩვენში XV საუკუნემდე არ ჩანან, ამ დროიდან კი ეს მოდა ნელ-ნელა შემოდის და XVII საუკუნეში სავალდებულო ხდება. ყოველთვის მხოლოდ წვერ-ულვაში იყო, ასე ვთქვათ, ქართული, უძველეს სტელებზეც კი წვერულვაშიანი გამოსახულებები გვაქვს.

სამწუხაროდ, ცნობები ამის შესახებ არ მოგვეპოვება, ვის მოსწონდა საყურეების ტარება და ვის არა.

ყველას რომ არ მოსწონდა, ის მაგალითიც მოწმობს, რომ XVII საუკუნეში, თვით საყურეებისბუმიან პერიოდში, ტაძრებზე ქტიტორთა შორის საყურიანებიც არიან და უსაყურონიც. ისე კი საყურის მოუწონებლობა რა გასაკვირია, როდესაც ჩვენი საზოგადოება ჩიხტიკოპის მოხსნასაც საშინელი კრიტიკით შეხვდა მაშინ, როცა ევროპული ტანსაცმელი მიიღო. იყო პერიოდი, როდესაც ქართველი ქალები ევროპულ კაბებს ატარებდნენ, მაგრამ თავზე აუცილებლად ჩიხტიკოპი ედგათ. რაც შეეხება საყურეებს, ქტიტორთა გამოსახულებებზე ძალზე ძვირფას - მარგალიტის, ლალისა და ზურმუხტის თვლებით შემკობილი მართლაც ულამაზესი საყურეები ჩნდება, ფორმათა საოცარი მრავალგვარობით.

- ანუ ქართველი დიდებულები ერთმანეთს ეჯიბრებიან ერთიმეორეზე ძვირფასი საყურეების ტარებაში. რომელ ტაძარში რომელ ქტიტორს ამკობს ყველაზე ლამაზი საყურე? - ერთ-ერთი პირველი და მდიდრული მარგალიტებიანი საყურით ნაბახტევის ტაძარში ქუცნა ამირეჯიბის ვაჟი, რამინია გამოსახული XV საუკუნის დასაწყისში. რამინი ნაბახტევის ტაძარში გრძელ საკიდზე ჩამოკიდებული მარგალიტებიანი საყურეებით არის გამოსახული. თუმცა არა მხოლოდ ის, მსგავსი საყურეებით არიან გამოსახული ქტიტორები: ჭალის ეკლესიის ქტიტორი ქაიხოსრო აბაშიძე, ნაკურალეშის ტაძრის ქტიტორი კაცია ჩიქვანი... ძალიან მდიდრული და ლამაზია წალენჯიხის ქტიტორ მხეცისძე/მხეიძის საყურე, მას წითელი, თეთრი და მწვანე ძვირფასი ქვები ამშვენებს. წალენჯიხის ტაძრებში უმდიდრესი საყურეებით არიან გამოსახული ლევან IIII დადიანის შთამომავლები. ასევე მზარეულთუხუცესი ქვაბალია ქველი, რომელსაც იმდენად გრძელი საყურე უკეთია, რომ ლამის მხრებამდე სწვდება. საყურე მარგალიტებიან რგოლზეა ჩამოკიდებული და წითელი თვლით ბოლოვდება, რომელსაც ირგვლივ შემოვლებული აქვს ყვავილის ფორმის თვლები.

ქუცნა ამირეჯიბის ვაჟი საყურით

- სხვა ტენდენციებში თუ მიჰყვებიან ქტიტორები აღმოსავლურ მოდას, მაგალითად, წვერ-ულვაშით. - წვერი სუფთა ქართული მოვლენაა, ის უძველეს სტელებზეც არის გამოსახული და ჩემი აზრით, არავის შემოუტანია. მაგრამ საქართველოში ჯერ კიდევ XV-XVI საუკუნემდე, ძირითადად, ხშირ წვერ-ულვაშს ატარებდნენ, უკვე XVII საუკუნეში დიდგვაროვანთა წვერ-ულვაში თითქოს აღმოსავლური ხდება - ულვაში უფრო აწკეპილი და თხელი. თუმცა ამ პერიოდის ქტიტორებიდან ზოგი წვერ-ულვაშს ატარებს, ზოგი კი მხოლოდ ულვაშს. ზოგიერთი სულაც უწვერულვაშოდ არის გამოსახული.

ბეთლევის ქტიტორი ისპაენი

- არსებობს გერმანელი მეცნიერისა და მოგზაურის იოჰან გიულდენშტედტის ჩანაწერები, რომელიც წერს, რომ XVII საუკუნეში სვანები წვერს მხოლოდ ნიკაპზე იტოვებდნენ, ანუ ბლანჟეს ატარებდნენ? - ჩანს, მან მართლაც ნახა სვანეთში მსგავსი რამ, იტალიელი მოგზაური დიონიჯო კარლი კი წერს, რომ XVII საუკუნის თბილისელებს თავი გადაპარსული ჰქონდათ. ასეთ "ვარცხნილობა" უმრავლეს ქტიტორში არ მოგვეპოვება. ამ პერიოდში მამაკაცები ყურთან მოკვეცილ თმას ატარებენ, მაგრამ, სავარაუდოდ, მსგავსი ვარცხნილობა წალენჯიხაში გიორგი I Iლიპარტიან-ჩიქვანსა და მარტვილში, გიორგი II ლიპარტიანს აქვთ, მათი თავსაბურავიდან არ ჩანს თმის მონახაზი. არანაკლებ საინტერესო ფაქტზე წერს ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი: "მაჰმადიან ქართველებსა და მეომრებს, რომლებიც ასე ბევრნი არიან შაჰის კარზე, ძალზე მოკლე წვერი და ისეთი გრძელი ბაკენბარდები აქვთ, რომ უმეტესობა მათ ყურებზე დახვეულს ატარებს". არა მგონია, მაინცდამაინც ყურებზე დახვეული ბაკენბარდები დაბრუნდეს მოდაში, მაგრამ მოდის ბევრი ტენდენცია დროდადრო ბრუნდება. ასეა ჩვენს ეპოქაშიც, მოგეხსენებათ, ახალგაზრდებში წვერი დაბრუნდა. თუმცა ჩვენს შორეულ წარსულში ისეთი ეპოქებიც იყო, რომელსაც ჯერ ვერ დავეწიეთ, მაგალითად, საქართველოს ელინური კულტურის სამკაულებს, კერძოდ, მათი მოცვარვის კულტურამდე ჯერ კიდევ ვერ მიგვიღწევია, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ტექნოლოგია გვაქვს. ასე რომ, წინ, წარსულისაკენ...