"თუ ადამიანი თვითმკვლელობას ცდილობს, მისი ადგილი სკოლაში ნამდვილად არ არის" - კვირის პალიტრა

"თუ ადამიანი თვითმკვლელობას ცდილობს, მისი ადგილი სკოლაში ნამდვილად არ არის"

მიხეილ სააკაშვილმა ახალი ტერმინი - "ოროსნების რევოლუცია" დაამკვიდრა, რაზეც, ალბათ, სკოლის ყოფილ დირექტორებს სიმწრით გაეღიმათ და გასულ არჩევნებზე ნაციონალების სასარგებლოდ შემოხაზული "ხუთიანები" გაახსენდათ. მათ ხომ ახლაც ხუთიანზე ჩააბარეს გამოცდა და თანამდებობიდან გადადგომის განცხადებას თვინიერად მოაწერეს ხელი, მას შემდეგ რაც "ოროსნებმა" საატესტატო გამოცდების გაუქმება მოითხოვეს.

რა გზა გაიარა განათლების "წარმატებულმა რეფორმამ" "ვარდების რევოლუციიდან" "ოროსნების რევოლუციამდე" და ვისი დამსახურებით გვყავს ამდენი წერა-კითხვის უცოდინარი მოსწავლე, ერთი პრობლემაა, მეორე კი ის, რომ მეთორმეტეკლასელებს თავზე პოლიტიკას ვახვევთ. არადა, რას ვერჩით?!

"ზოგიერთი ცდილობს, ოროსნების რევოლუციები და აჯანყებები მოაწყოს, ზოგიერთი კი ისწავლოს, ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიოს", - ბრძანა პრეზიდენტმა.

განათლების და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის აზრით, მოსწავლეებთან ლიბერალურმა დამოკიდებულებამ ნაყოფი ვერ გამოიღო, თავის დროზე კი თურმე მშობელს მისთვის სწავლა რომ არ დაეძალებინა, უფრო მეტ დროს ფეხბურთის თამაშს დაუთმობდა (ეს განცხადება მან რადიო "პალიტრის" ეთერში გააკეთა). ძნელი სათქმელია, ეშველებოდა თუ არა ამით ქართულ ფეხბურთს, მაგრამ საატესტატო გამოცდებით შეშინებულ ბავშვებს აშკარად გაუმართლებდათ.

სკოლის დირექტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი თეა თუთბერიძე: "ამაზრზენია, რაც განათლების სისტემაში ხდება. თამამად შემიძლია ვთქვა, განათლების რეფორმა არათუ შედეგიანი არ იქნება, არამედ საბჭოთა განათლების სისტემისკენაც მიგვაბრუნებს და შესაძლოა, უფრო უარესი შედეგიც მივიღოთ.

განათლების და მეცნიერების სამინისტრო კანონს არღვევს და დირექტორებზე ზეწოლას ახდენს მხოლოდ იმიტომ, რომ მოსწავლეებმა საპროტესტო აქციებში მონაწილეობა მიიღეს. არ ვიცი, ამას რა დავარქვა?

149-ე სკოლის დირექტორმა მაია გიორგაძემ გაბედა და არ დაემორჩილა გენერალური ინსპექციის მოთხოვნას, მოეწერა ხელი წინასწარ გამზადებულ ტექსტზე: "გთხოვთ გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან". ამიტომ მეორე დღესაც დაიბარეს სამინისტროში. მან კი ჟურნალები წარადგინა, რითაც დაადასტურა, რომ ყველა მოსწავლეს, ვინც აქციაში მონაწილეობდა, "არა" ეწერა.

ამის თაობაზე კლასების დამრიგებლებს დავავალე მშობლებთან დაკავშირება და ახსნა-განმარტების მოთხოვნაო, უთქვამს მაია გიორგაძეს, რის შემდეგაც განათლების მუშაკებმა მშობლების ახსნა-განმარტებითი ბარათების წარმოდგენა მოსთხოვეს. შემდეგ უკვე მაია გიორგაძის ქმარი დაიბარეს სამინისტროში, რომელიც ასევე ერთ-ერთი სკოლის დირექტორია და  მეუღლეზე ზემოქმედება მოსთხოვეს, რათა ამ უკანასკნელს თანამდებობიდან წასვლაზე ხელი მოეწერა(?!). ამ ხერხმაც რომ არ გაჭრა, აპრობირებული მეთოდი გამოიყენეს და 149-ე სკოლაში გენერალური ინსპექცია შეუშვეს იმ იმედით, რომ გიორგაძის საწინააღმდეგო სამხილს აღმოაჩენდა.

ასეთ დროს დირექტორი ცამდე მართალიც რომ იყოს, ვერაფერს გახდება, - სამეურვეო საბჭო მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს დააყენებს და მოხსნიან, მერე თუნდაც ამტკიცოს დირექტორმა, რომ ცამდე მართალი იყო. გენერალური ინსპექცია ერთ-ერთი სეიფის გასაღებს უკანონოდ ითხოვდა. ამას მოჰყვა ვნებათაღელვა. მაია გიორგაძეს ისედაც რთული პერიოდი აქვს, დედა  ჰყავს ავადმყოფი, გადატანილმა სტრესმა კი შეუძლოდ გახადა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ცოლ-ქმარზე ყოველდღე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებენ, გენერალური ინსპექციის თანამშრომლები წამდაუწუმ ურეკავენ და საკმაოდ აგრესიულად ელაპარაკებიან. არც დასვენების დღეებში აქვთ მოსვენება და არც ღამით.

განათლების და მეცნიერების სამინისტრო ხშირად არღვევს კანონს, მაგრამ ამას არასდროს აღიარებს. აცხადებენ, რომ დირექტორებზე ზეწოლა არ მოუხდენიათ, მაგრამ ამას ბავშვიც აღარ დაიჯერებს. ამასთან, სკოლებში მანდატურებს დირექტორებად ნიშნავენ. როგორც ვიცი, 157-ე, 130-ე საჯარო სკოლებში დირექტორები უკვე მანდატურები არიან".

მოგვიანებით, მედიასაშუალებებით გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მაია გიორგაძემ თვითმკვლელობა სცადა.

"კვირის პალიტრა" განათლების და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინს ესაუბრა:

- ბატონო დიმიტრი, დირექტორებზე ზეწოლა თუ მართლაც არავინ მოახდინა, ყველას ერთად თანამდებობის დატოვება როგორ მოუნდა?

- ამ შეკითხვით დირექტორებს მიმართეთ.

- თქვენი აზრი გვაინტერესებს, ამ ფაქტს როგორ ხსნით?

- რა გითხრათ, მე ხომ არ დამიწერია განცხადება?

- თქვენ რადიო "პალიტრის" ეთერში განაცხადეთ, რომ დირექტორებმა სასწავლო პროცესის მართვა ვერ უზრუნველყვეს. ე.ი. მათი თანამდებობებიდან წასვლა მაინც აქციებს უკავშირდება?

- ეს ჩემი სუბიქტური მოსაზრებაა, შემიძლია ვივარაუდო, რომ მათ სასწავლო პროცესის მართვა ვერ უზრუნველყვეს და ამიტომაც დატოვეს თანამდებობა.

- ეს გამოჩნდა იმით, რომ ბავშვებმა აქცია მოაწყვეს და საატესტატო გამოცდების გაუქმება მოითხოვეს?

- არა, არა! შემიძლია მხოლოდ სუბიექტურად ვივარაუდო, თუ რის გამო დაწერეს მათ განცხადებები. ერთ-ერთი სკოლის დირექტორის ინტერვიუც მოვისმინე ტელევიზიით, რომელმაც თქვა, როდესაც დავინახე, ბავშვები უარს ამბობდნენ სწავლაზე და აქციებს აწყობდნენ, ჩავთვალე, რომ ჩემი ადგილი მათთან არ იყოო. ფაქტობრივად, მან აღიარა, რომ ვერ უზრუნველყო სასწავლო პროცესის მართვა.

- ე..ი. სინდისის ქენჯნის გამო, შეთანხმებულად დატოვეს დირექტორებმა თანამდებობები?

- მე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრი გამოვხატე. დანარჩენი შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ.

- გავრცელდა ხმა, რომ ქალბატონმა  მაია გიორგაძემ თავის მოკვლაც სცადა.

- ეს არ არის მართალი. და თუ ასე მოხდა, ეს მისი ფსიქიკის პრობლემაა.

მიმაჩნია, რომ თუ ადამიანი თვითმკვლელობას ცდილობს, მისი ადგილი სკოლაში ნამდვილად არ არის.

გარდა ამისა, როგორც მინისტრი უფლებამოსილი ვარ გენერალური ინსპექცია შევუშვა ნებისმიერ სკოლაში.

- გავრცელებული ინფორმაციით, მან წარმოგიდგინათ ჟურნალები, სადაც მოსწავლეებს აქციების დღეს "არა" ეწერათ, რის გამოც მან კლასის დამრიგებლებს ვითარებაში გარკვევა და მშობლებთან დაკავშირება დაავალა. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- ამის თაობაზე არაფერი ვიცი.

- კულუარული ინფორმაციით, არის ყოფილი მანდატურების დირექტორებად დანიშვნის შემთხვევები. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

- ვადასტურებ, ყოფილი მანდატური დაინიშნა დირექტორად. მას იურიდიული განათლება აქვს. თუ იქნებიან ასეთივე უმაღლესდამთავრებული მანდატურები და სამეურვეო საბჭოც აირჩევს მათ დირექტორებად, ამას პრობლემად არ მივიჩნევ.

P.S. ჩვენ ვცადეთ მაია გიორგაძესა და მის მეუღლესთან დაკავშირება, მაგრამ ამაოდ. თეა თუთბერიძის განმარტებით, გენინსპექციისგან თავმობეზრებულ ცოლ-ქმარს ტელეფონი გათიშული აქვს. სკოლის დირექტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მაია გიორგაძის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტი არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ის "გადამწყვეტი ბრძოლისთვის" ემზადება.