აბა, დაბზრიალდით, ქალებო! - კვირის პალიტრა

აბა, დაბზრიალდით, ქალებო!

ამაზრზენი საქციელით გამოწვეული ბილწი მზერა...

ქალაქ ადანას პროვინციაში სამი ქართველი ქალის ასაყვანად სპეცოპერაცია ჩატარდა

რამდენიმე დღის წინ, ბათუმში სტუმრად ყოფნისას, სურვილი გამიჩნდა, საქართველო-თურქეთის საზღვარი გადამელახა. მასპინძელმა, ბავშვობის მეგობარმა მთხოვა, ეს სულელური აზრი თავიდან ამოიგდეო, მაგრამ ვერაფერს გახდა; თანაც მე ვერაფრით მივხვდი, რატომ ღელავდა ასე. შენ რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე იყო, არ შემეშინდებოდა, მაგრამ ქართველი რომ ხარ, სწორედ ეს არის სახიფათოო, - მითხრა და გადაწყვიტა, გამომყოლოდა.

სარფში, საბაჟო-გამშვებ პუნქტთან მისვლამდე ზღვის ცქერით ვტკბებოდი. მერე იქვე, სანაპიროზე გაჩერებული ტრაილერის უკან გავძვერი და ის იყო, ფოტოაპარატი მოვიმარჯვე, რომ  მანქანის სალონიდან ლაპარაკი და ქალების ხითხითი მომესმა. გარკვევით მესმოდა ქალის ხმა, მამაკაცს ეუბნებოდა ქართულ-თურქულად: - მადლობას გვეტყვი, არც გზაში მოგაწყენთ და ანკარაშიც ფეშქაში არ მოგაკლდებაო.

კაცის ხმა სუსტად ისმოდა, სიტყვებს ვერ ვარჩევდი. ღია კარიდან ჯინსის შარვალში გამოკვართული ქალის მოქანავე ფეხები ჩანდა. უცებ ამ ფეხების პატრონი ძირს დაეშვა, მას მეორეც მოჰყვა. იქნებოდნენ 30 წლამდე ასაკის,  გვარიანად გარუჯულები და არცთუ ურიგოდ ჩაცმულები. სალონიდან კაცის შავგვრემანი სახე და გაბურძგნილი თავიც გამოჩნდა. ლუკმის გადაგდების  მომლოდინე ქუჩის ძაღლებივით შესჩერებოდნენ ქალები კაცს.

იმანაც ხელის მოძრაობით ანიშნა,  დაბზრიალდითო და ქალებმა ხითხითით შეასრულეს მოთხოვნა. მძღოლმა ერთი მოიწონა, მეორე დაიწუნა, მაგრამ მერე ხელი ჩაიქნია, ჯანდაბასო და მოწონებულ-დაწუნებულ "საქონელს" ისევ სალონში უბრძანა ასვლა. ნირწამხდარი გავედი გამშვებ პუნქტზე. ჩემ წინ არცთუ გრძელი რიგი იდგა. ძირითადად - ქალების. "ესენი სავაჭროდ მიდიან ქემალ- ფაშაში, აქვე, საზღვართან ახლოს მდებარე თურქულ ბაზრობაზე. იქ ბათუმთან შედარებით ყველაფერი ძალიან იაფია," - მიხსნის მასპინძელი. მესაზღვრეს პასპორტს ვაწვდი.

სახელი და გვარი რატომღაც ხმამაღლა ამოიკითხა, ცოტა ხანს დამაკვირდა და ღიმილით მითხრა, შენ მოვაჭრეს არ ჰგავხარ, ალბათ რეპორტაჟის მოსამზადებლად მიდიხარ თურქეთშიო. გაოცებისგან ენა ჩამივარდა. გაეცინა, მაგიდის უჯრიდან "კვირის პალიტრის" ბოლო ნომერი გამოაძვრინა, ეს ახლახან ჩამომიტანეს ბათუმიდანო. დიდი ხნის მეგობარივით მოიკითხა თითოეული ჟურნალისტი და თურქეთიდან მშვიდობით დაბრუნება მისურვა. ვიფიქრე, ფოტოს გადავუღებ-მეთქი. ხელები გაასავსავა, სამსახურში ეს დაუშვებელიაო. ღიმილით დავემშვიდობე და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ თურქ მესაზღვრესთან გადავინაცვლე. უცნაურად კი  შემათვალიერა, მაგრამ არაფერი მითხრა.

თურქეთის ტერიტორიაზე გასულს თავი თბილისში, ავტოსადგურ "ოკრიბის" ბაქანზე მეგონა. თურქი ტაქსის მძღოლები თბილისელი კოლეგებივით მოცვივდნენ, ტაქსი არ გინდა, საით მიდიხარ, იაფად წაგიყვანო. ჩემმა მეგზურმა თურქი ტაქსისტები ერთი "არათი" მოიგერია. მერე მუქსათვალიანი მამაკაცი მოგვიახლოვდა და დამტვრეული ქართულით საკუთარი მანქანით მომსახურება შემოგვთავაზა. ინგლისურად ნაძალადევი ღიმილით ვუპასუხე, ტურისტები ვართ და თქვენი არ გვესმის-მეთქი.

ქართველი ხარ და გრცხვენია ქართველობის, იმიტომაც მელაპარაკები ინგლისურადო. გამწარებული ჩავეძიე, აბა ერთი მითხარი, რისი უნდა მრცხვენოდეს-მეთქი. ამ ტრაილერებს ხედავო? საბაჟო –გამშვები პუნქტიდან გამომავალ მანქანებზე მიმითითა. სავსე იქნება თქვენებური ბოზებით... მყისვე სარფის საქართველოს მხარეს ნანახი გამახსენდა, მაგრამ - რა უფლება გაქვს, შეურაცხყოფას რომ  მაყენებ-მეთქი, მაინც შევუტიე.

თქვენგან ბევრი ცუდი ქალი გადმოდის და სახეზე არავის არ გაწერიათ, ვინ ვინ ხართო. მერე ერთი მძღოლი მოვიდა, ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა, კარგ ადამიანს აქ ვერავინ შეაწუხებსო. ჩვენი ზოგიერთი თანამემამულის ამაზრზენი საქციელით "განებივრებულ" შორს მდგომთა ბილწი მზერის ატანა მაინც გამიჭირდა და მეგობარს ვთხოვე, ქემალ-ფაშასკენ ფეხით გავყოლოდით სანაპიროს. 20 წუთის სავალია; გზაზე ტრაილერები დგანან. ტაქსის მძღოლები დროდადრო აჩერებენ, ღია სარკმლიდან ყვირიან: წამოი, ფეშქაშ! ხელს ვუქნევთ უარის ნიშნად.

ქემალ-ფაშას პატარა დასახლების თითქმის მთელი ტერიტორია პატარა-პატარა ბაზრობებსა და მაღაზიებს უკავია. აქ ბევრი ქართველი ქალი მუშაობს. დილით საქართველოდან გადმოდიან, საღამოს კი შინ ბრუნდებიან. მაღაზიაში გამყიდველ გოგონას გავესაუბრე; მიმხელს, რომ თავიდან გაუჭირდა თურქებთან მუშაობა. ცუდი წარმოდგენა აქვთ ქართველ ქალებზე და ცდილობენ, როგორმე ფეხი დაგიცდეს. ვინც ღირსეულად უძლებს გამოცდას, დიდი პატივისცემით სარგებლობსო, - მეუბნება(!).

ქემალ-ფაშაში 8 ნოემბერს ჩავედი, 9 ნოემბერს კი ქართულმა და თურქულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია თურქეთში სამი ქართველი ქალის დაკავების შესახებ. სამივე მათგანს პროსტიტუცია ედება ბრალად. გავრცელებული ინფორმაციით, ქალების ასაყვანად სპეცოპერაცია ჩატარდა ქალაქ ადანის პროვინციაში. მათთან ერთად დააკავეს თურქი პროკურორიც, რომელსაც თურმე თურქეთში ქალების მოტყუებით (?!)  გადაყვანა ათი წლის წინ დაუწყია. ადგილზე ჩაყვანის შემდეგ ქალებს თურმე მეძაობას აიძულებდა. ქართველ მეძავებს ყველაზე ცოტა გასამრჯელოს უხდიდა!

სამწუხაროდ, ეს ფაქტი არც პირველია და არც უკანასკნელი. ოქტომბერშიც დააკავეს ქართულ-სომხური ჯგუფი; ისინიც ამბობდნენ, რომ მოტყუებით ჩაიყვანეს თურქეთში(?!).

საინფორმაციო საშუალებებით გამუდმებით ისმის: "ნუ ანდობთ თქვენს პასპორტს სხვას, ნუ გახდებით ტრეფიკინგის მსხვერპლი!" ნუთუ ასე ძნელია, მიხვდე, რომ ვიღაცას დაუფიქრებელი ნაბიჯით  ღირსების შელახვის უფლებას აძლევ?

თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ ბევრი მართლაც მსხვერპლია, სამწუხაროდ, ზოგი ნებით ადგება ამ გზას და შემდეგ კი თავი რომ გაიმართლოს, ათასგვარ გულის ამაჩუყებელ ისტორიას იგონებს.