"ექიმო, "ჩავრჩი"! - სადამდე მივყავართ კლუბურ ნარკოტიკს
"ექიმო, "ჩავრჩი"! - სადამდე მივყავართ კლუბურ ნარკოტიკს
"ეროვნული გამოცდების შედეგების აღსანიშნავად მეგობრები ღამის კლუბში­ წავედით. ვიცეკვეთ, გავერთეთ, ცოტა დავლიეთ, შემდეგ კი გარეთ გამოვედი, სადაც მეგობრებმა­ მომცეს ვარდისფერი ტაბლეტი, რომელსაც ხუმრობით "გოგოური" უწოდეს. ამის შემდეგ ისევ კლუბში შევბრუნდით. შემდეგ არაფერი მახსოვს... ცოტა ხანში­ ძალიან ცუდად გავხდი. მეგობრებმა­ ცოცხალ-მკვდარი ჰაერზე გამიყვანეს და პარკში, სკამზე დამაწვინეს. თუმცა, რომ ნახეს, გონებას ვკარგავდი, შეშინდნენ და დაიფანტნენ. ვიღაც ბიჭმა მიპოვა და მთელი ღამე პარკში გაათენა. გონზე მოვ­ედი, მაგრამ მხოლოდ ბუნდოვანი კადრები მახსოვს. გამთენიისას
მეხვეწებოდა, ვინმეს ნომერი მითხარი, სახლში წაგიყვანონო. ერთი სიტყვით, გადავრჩი... იმ ღამეს პირველად გავსინჯე კლუბური ნარკოტიკი, ჩემი მეგობრები კი ხშირი მომხმარებლები არიან და მოუთმენლად ელიან "პარასკევის პონტს"... მთელი კვირა რობოტებივით მუშაობენ და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როდის დადგება "პარასკევის რ
ესტარტი". ზოგი არ აღიარებს, რომ დამოკიდებულია, თუმცა ჩვენ ეს ისედაც ვიცით", - 18 წლის ნინა "კვირის პალიტრასთან" ამბობს, რომ იმ ღამეს პირველად გასინჯა კლუბური ნარკოტიკი, თუმცა, რა იყო ეს, არ იცის, მის მეგობრებში კი ძალიან პოპულარულია "კეტამინი".

სპეციალისტების შეფასებით, "კეტამინი" იწვევს დამოკიდებულებას,­ მკურნალობა კი მტკივნეული და ხანგრძლივი პროცესია. ნინას გაუმართლა, უამრავმა ახალგაზრდამ კი სიცოცხლე ძილში დაასრულა.

19 აგვისტოს, გამთენიისას, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა­ ბათუმის ბულვარში მდებარე ღამის კლუბიდან ოთხი ახალგაზრდა­ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათგან ერთი, 22 წლის ბიჭი, გარდაიცვალა. კლინიკა "ნეოგენის" დირექ­ტორის, ნარკოლოგ დავით ვადაჭკორიას შეფასებით, პრობლემა იმაზე მწვავეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

- საქართველოში კლუბური ნარკოტიკი ძალიან სწრაფად ვრცელდება და ეს არ ან ვერ კონტროლდება. მძიმე ვითა­რებაა ზღვისპირეთში, ასევე­ იმ რეგიონებში,­ სადაც ხშირად იმართება ფესტივალები.

- რა სახის ნივთიერებებს მოიხმარენ ახალგაზრდები?
- ეს ნივთიერებები ბოლომდე არ არის შესწავლილი, რაც მწვავე­ პრობლემაა­. კლუბების მეპატრონეები ცდილობენ ნარკოტიკები შენობაში არ გაიყიდოს, რადგან ამისთვის სასჯელი მძიმეა, სამაგიეროდ, მიმდებარე ტერიტორიაზე იყიდება. მათი მომხმარებლები გამანადგურებელ შედეგზე არ ფიქრობენ.

- თუ არსებობს სტატისტიკა, რამდენი ადამიანი მოიხმარს კლუბურ ნარკოტიკს?
- მათი რიცხვი საგანგაშოდ­ დი­დია. კლუბურ ნარკოტიკს ახალ­გაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიხმარს­. მათგან ბევრი დასაქმებულია - მუშაობენ ბანკებში, ოფისებში, ხელოვნების, სავაჭრო თუ სამედიცინო სფეროებში, აქტიური ცხოვრების წესი აქვთ და დასვენების დღეებში­ ცდილობენ ასე გაერთონ. არადა, არის შემთხვევები, როცა ერთჯერადი მოხმარებაც ფატალურად მთავრდება.

- ხშირად მოგმართავენ?
- დიახ. ბევრი აცნობიერებს, რა მოუტანა ვითომ უწყინარმა გართობამ და სადამდე მიიყვანა თითქოს მსუბუქი ნარკოტიკით დაწყებულმა­ განტვირთვამ. მათ ენგრევათ მომავალი, კარიერა და მხოლოდ განკურნებაზე ფიქრობენ, რაც არც ისე ადვილია. კლუბური ნარკოტიკი მძიმე ფსიქიკურ აშლილობას, პიროვნების გაორებას იწვევს. ისინი თავს "ჩარჩენილს" უწოდებენ. "ექიმო, ჩავრჩი",­ - ასე აღწერენ თავიანთ მდგომარეობას.

- უფრო ხშირად რა ასაკის მოქალაქეები მოგმართავენ?
- 18-დან 30-წლამდე, თუმცა არიან უფრო ასაკოვნებიც. მათ შორის ბევრია გოგონაც. ცდილობენ დამოკიდებულებას თავი დააღწიონ, მაგრამ ემოციური თავისებურების გამო, გოგონები უფრო ადვილად ხდებიან ნარკოტიკზე მიჯაჭვული, შესაბამისად, მათთან მუშაობა ძალიან რთულია. გარდა იმისა, რომ კლუბური ნარკოტიკი მძიმედ აისახება ორსულობაზე, ნაყოფზე, უმძიმეს კვალს ტოვებს გენეტიკაზეც. 60-იანი წლების ამერიკაში "ამფეტამინის" ხშირი მოხმარების გამო უამრავი ჩვილი თანდაყოლილი პრობლემებით დაიბადა, ამიტომაც ხელისუფლებამ ვითარების გამოსასწორებლად მკაცრი პოლიტიკა გაატარა.
კლუბური ნარკოტიკის მოხმარება საგანგაშოდ გახშირდა. თითქოს მოდური გახდა მისი გამოყენება. ზოგი კლუბურ ნარკოტიკს ალკოჰოლთან ერთად სვამს, რაც მის მოქმედებას ამძაფრებს და უფრო საშიში ეფექტი აქვს.

დღეს ნარკოტიკის ინტერნეტით შეძენა ძალიან მარტივია. შესაბამისად, სამართალდამცველებსაც საქმე გაურთულდათ.

- ამას ემატება ისიც, რომ ერთ-ერთი ვერსიით, მის შემოტანა­-გავრცელებას გავლენიანი პირები აკონტროლებენ.
- დიახ. დღეს ყველანაირი ნარკოტიკი, მათ შორის, სააფთიაქო და ვენური, ხელმისაწვდომია.­ არიან ისეთები, ვინც ადრე მოიხმარდა, შემდეგ 7-8 წელი არ გაჰკარებიან, მაგრამ ბოლო დროს იმდენად ხელმისაწვდომი გახდა, ისევ დაიწყეს მოხმარება.

წლების წინ ნარკოტიკი 200 დოლარი და მეტი ღირდა, ახლა 30-40 ლარად შეიძლება შეძენა.
იმდენად საგანგაშო ვითარებაა, გაჩუმება არ შეიძლება! საგანგებო ზომებია მისაღები, თუნდაც საკანონმდებლო ცვლილებები, სხვანაირად გაკონტროლება ვერ ხერხდება. აქციები სწორედ ამ საკითხზე უნდა იმართებოდეს, ყველამ ხმა უნდა ამოიღოს, ვიდრე უარესი შედეგი არ მიგვიღია.

- რომელი დასახელების კლუბური ნარკოტიკია საქართველოში ყველაზე გავრცელებული?
- "ექსტაზი". ის MDMA-ს სახელით არის ცნობილი და ჰალუცინაციებს იწვევს. ეფექტი 3-დან 6 საათამდე გრძელდება­ და შეიძლება დეჰიდრატაცია და სისხლის მიმოქცევის დარღვევა გამოიწვიოს,­ მაღალია გულის შეტევის რისკიც. MDMA-ს მოხმარებას თან ახლავს ტემპერატურის მომატება, წნევისა და გულისცემის მკვეთრი ცვლილება, პირის სიმშრალე, ციება, ბუნდოვანი მხედველობა, კუნთების უნებლიე მოძრაობა, განსაკუთრებით ქვედა ყბის კუნთის, რაც კრიჭას კრავს.

ICE-ის მოქმედება შეიძლება 10 საათს და მეტხანს გაგრძელდეს, კოკაინის მიღების შთაბეჭდილებას ქმნის და ფსიქიკური აშლილობის, უძილობისა და ა.შ. გამოწვევა შეუძლია. კლუბებში ასევე გავრცელებულია LSD - მისი მომხმარებლები ამბობენ, მუსიკის აღქმაში გვეხმარებაო.

GHB გულისცემასა და სუნთქვას ანელებს. მისი მოქმედება 4 საათს გრძელ­დება და ხშირად ეიფორიის მსგავს განცდას იწვევს.

duda
15 სექტემბერი 2019 12:17
მიმაჩნია,რომ ადაიანი,რომელიც ნარკოტიკს ყიდის (არ აქვს მნიშვნელობა,ძლიერს თუ შედარებით სუსტს)უნდა დაისაჯოს სიკვდილით,იმიტომ,რომ არ არსებობს დანაშაული რომელიც ნარკოტიკის გასაღებას შეედრება.
ლიკა
09 სექტემბერი 2019 16:52
ჭკუა იქონიონ მომხმარებლებმა ვინ არ იცის რა არის ნარკოტიკი ყველაფერს მთავრობას ნუ აბრალებთ შვილები გავზარდოთ ნორმალურად............
გიორგი
08 სექტემბერი 2019 21:22
მთავრობას სძინავს საღათას ძილით. ისინი მხოლოდ იმას ხედავენ, რომ ყველაფერი რუსეთის ბრალია. რუსეთის ბრალია ქართველი რომ ნარკოტიკს ღებულობს, მაშინ რატომ არ ამკაცრებს კანონებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები