"მიზანში კარგად ვისვრი, მთავარია, დამიზნება არ დამჭირდეს" - კვირის პალიტრა

"მიზანში კარგად ვისვრი, მთავარია, დამიზნება არ დამჭირდეს"

თავდაპირველად კონსერვატორიაში ჩაბარებაზე ფიქრობდა, ხატვაც ემარჯვებოდა და ახლობლები დიზაინერობას ურჩევდნენ - პირველი სილამაზის კონკურსი რომ ჩატარდა, ორგანიზატორებმა მისი შექმნილი სხვადასხვა მოდელი გამოიყენეს. პარალელურად სპორტსაც მისდევდა, ჯერ ტანმოვარჯიშე იყო, სპორტის ამ სახეობაში კარგი მიღწევები ჰქონდა, მაგრამ ხათუნა გაკაფაშვილმა იურისტობა აირჩია. დღეს ის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკია.

- პირველად სპორტის აკადემია დავამთავრე, პარალელურად ფიზიოთერაპიის ფაკულტეტზეც ვსწავლობდი. ინსტიტუტი ახალი დამთავრებული მქონდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა რომ დავიწყე. ძალოვანი სტრუქტურებისა და განსაკუთრებით პოლიციის მიმართ გულგრილი არასოდეს ვყოფილვარ, რადგან აწ გარდაცვლილი მამაც და ძმაც სისტემის პროფესიონალი თანამშრომლები იყვნენ და ამით ყოველთვის ვამაყობდი. იმ პერიოდში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოს ნაკრების წევრი ვიყავი, რეგულარულად მიწევდა სხვადასხვა შეჯიბრებაზე გამგზავრება. ერთხელ, როდესაც ძალოვან სტრუქტურებს შორის ტყვიით სროლაში ტარდებოდა შეჯიბრება და შს სამინისტროს სახელით მონაწილეობა შემომთავაზეს. ჩვენმა გუნდმა თასი მოიგო. მაშინ შსს კადრების მთავარ სამმართველოში დავიწყე მუშაობა. მერე პოლიციის აკადემიაც დავამთავრე. ბევრი შეიძლება თვლის, რომ ქალისთვის რთულია ეს საქმე, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად არ არის რთული, რადგან გუნდური მუშაობა ჩემთვის სრულიად მისაღებია და დიდ სიამოვნებას ვიღებ ამ პროფესიით.

- პოლიციელებს წვრთნებს უტარებთ.

- პოლიციელისთვის პროფესიონალიზმი გადამწყვეტია, ამიტომ მათ სისტემატურად უტარდებათ მეცადინეობები ცეცხლსასროლი იარაღის სროლაში. ასეთ დროს მთავარია უსაფრთხოებისა და იარაღის ხმარების წესების ცოდნა. პოლიციელი ვალდებულია დაიცვას როგორც საზოგადოებრივი წესრიგი, ასევე მეწყვილეც და საკუთარი თავიც, შესაბამისად, კრიტიკული ვითარებიდან გამოსვლა ოპერატიულად და უმტკივნეულოდ უნდა შეძლოს.

- რა თვისებები უნდა ჰქონდეს პოლიციელს? - უნდა იყოს განათლებული და ფიზიკურად მომზადებული, მდგრადი ფსიქიკის, მობილიზებული; უნდა შეეძლოს ურთულეს ვითარებაში კანონის შესაბამისად მოქმედება, რათა არ დაზარალდეს არც მოქალაქე და არც პოლიციის თანამშრომელი. კარგად უნდა იცოდეს კონსტიტუცია, ყველა სამოქმედო კანონი; ეთიკის კოდექსი.

- კონკრეტულად რა გევალებათ? - საქართველოს მასშტაბით დაცვის პოლიციის ოპერატიული რეაგირების ინკასაციისა და პირადი შემადგენლობის თანამშრომლების მომზადება და მეცადინეობების ჩატარება სხვადასხვა ტიპის ავტომატური და პისტოლეტის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის სროლაში.

- რა ასაკში დაიჭირეთ ხელში იარაღი? - ბავშვობიდან ტანმოვარჯიშე ვიყავი და შეკრებებზე სიარული ხშირად გვიწევდა. მაშინ უმეტესად გუმისთის ბაზაში, ეშერაში დავდიოდით. სროლის ჟინი იქ გამიჩნდა, რადგან ტირში სროლის შესაძლებლობა გვქონდა, ყოველთვის ვცდილობდი მევარჯიშა. პირველივე შეჯიბრებაზე გავხდი საქართველოს ჩემპიონი. მამას სანადიროდ ხშირად დავყავდი. მან შემასწავლა სროლა და ისე გავიწაფე, მამაკაცებს ტოლს არ ვუდებდი. ჩვენი მოპოვებული თასები, სიგელები და უამრავი პრიზი შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლაც ინახება. ერთი სიტყვით, მიზანში კარგად ვისვრი, მთავარია, დამიზნება არ დამჭირდეს.

- მამაკაცი ხშირად დაგიმარცხებიათ სროლაში? - ბევრჯერ. ერთ ძველ ამბავს გავიხსენებ: ბათუმის სამთავრობო დაცვის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე პოლიციის აკადემიასთან ერთად ყოველთვის ვატარებთ მეცადინეობებს. როდესაც ჩვენი დაცვის ბიჭების წვრთნა მიდის, ტერიტორიაზე სხვას შესვლის უფლება არა აქვს. ერთხელ იქაურმა ხელმძღვანელობამ გვითხრა, ჩვენი წარმომადგენელი აუცილებლად უნდა ესწრებოდეს უსაფრთხოების დაცვის მიზნითო. როგორც მერე გაირკვა, მათ ჩემი შესაძლებლობების გადამოწმება აინტერესებდათ. მოკლედ, დავუშვი ტერიტორიაზე სამთავრობო დაცვის ერთი თანამშრომელი და როგორც ჩანს, მან გაიტანა ამბავი. ორი დღის შემდეგ ცენტრის წარმომადგენელი მეუბნება, თანამშრომლებთან ნაძლევი მაქვს დადებული, რომ 50 მეტრზე ჩვენი პისტოლეტით სამიზნეს ათიანში გაარტყამთო. ვერ იჯერებდნენ, რომ ასეთი მანძილიდან ფარს მოვარტყამდი. მათ უთქვამთ, არ გვინდა 10-იანი, ფარს ნებისმიერ ადგილას მოარტყამსო. ლაპარაკი იყო პისტოლეტზე, რომელსაც ამ მანძილიდან გასროლისას ტყვიის ფრენის ტრაექტორია საკმაოდ მცირდება და კარგ შედეგს ვერ მიაღწევ. უარი ვუთხარი, რომ არ მომეშვნენ, შევეკითხე, ერთი გასროლა საკმარისია-მეთქი? - 3 ტყვია მომიტანეს, ერთიც რომ მოარტყა, კარგი იქნებაო. მოკლედ, სამი გასროლიდან სამივე 10-იანში მოხვდა. ამ ამბიდან მესამე დღეს სამთავრობო დაცვის უფროსმა სამთავრობო დაცვაში მუშაობა შემომთავაზა, მაგრამ არასოდეს მიცდია სამსახურის შეცვლა. ეს ამბავი სასიამოვნოდ გასახსენებელ მოგონებად დარჩა.

კარგი იქნება, შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტების მქონე ტყვიით სროლის ბაზა. ამისათვის საჭიროა თანხა და თუ რომელიმე ბიზნესმენი დაინტერესდება ამ საკითხით, სასიკეთო და საერთაშორისო დონის საქმეს ჩაუდგება სათავეში.