"გვესროდნენ, ხელები მიკანკალებდა, ამ დროს შევარდნაძე უცებ მომიტრიალდა და მითხრა, შახ, გადაიღე, შეიძლება ეს ბოლო კადრიც იყოსო" - კვირის პალიტრა

"გვესროდნენ, ხელები მიკანკალებდა, ამ დროს შევარდნაძე უცებ მომიტრიალდა და მითხრა, შახ, გადაიღე, შეიძლება ეს ბოლო კადრიც იყოსო"

"...იმ კადრებს ვერაფერს ვუხერხებ, უბრალოდ, მათთან ერთად ცხოვრებას ვეჩვევი"

"იყო შემთხვევები, როდესაც შორიდან ფოტოაპარატი იარაღი ეგონათ და უსვრიათ"

63 წლის განმავლობაში 7 ომს მოესწრო. შახ აივაზოვი აფხაზეთის, ჩეჩნეთის, ცხინვალის, დნესტრისპირეთის, ყარაბაღის, ავღანეთისა და ტაჯიკეთის საომარი მოქმედებების დროს ომის ამსახველ კადრებს იღებდა. მან საქართველოსა და მსოფლიოს უამრავი შთამბეჭდავი ფოტო შემოუნახა.

- სიტუაციამ მოიტანა, რომ ომის ჟურნალისტი დამერქვა. ნეტავ საერთოდ არ არსებობდეს ომი. სულ მგონია, როდესაც ადამიანები ერთი ომის მონაწილე ხდებიან, შემდეგ აღარასდროს მოუნდებათ იარაღის აღება-მეთქი, მაგრამ ყოველ ჯერზე ვცდები, ყოველ ჯერზე უარესს ვხედავ... ხშირად მეკითხებიან, ამა თუ იმ ომში რომელი მხარე უფრო ძლიერი იყოო. როდესაც ადამიანის სიცოცხლის ბოლო წამების გადაღება გიწევს, დაღუპულ ქალებსა და ბავშვებს ხედავ, ეს აბსურდული კითხვაა.  შახ აივაზოვი არც ერთ ომს არ ჰყავს გამარჯვებული - ორივე მხრიდან ყველაზე ძვირფასი - ადამიანების სიცოცხლე მიაქვს...

- როგორ დაიწყეთ ფოტოგრაფობა? - მე-7 კლასში მამამ ფოტოაპარატი "სმენა 6" მაჩუქა და 52-ე სკოლაში ფოტოგრაფიის წრეზე დავიწყე სიარული. მაშინ ფირებზე ვმუშაობდით. ახლა ხშირად ვეუბნები ჩემს სტუდენტებს, რომ სურათი მხოლოდ კადრის აღბეჭდვა არ არის. ეს არის ნიჭი, რომელიც თანდათან იხვეწება. ახლა ყველას აქვს აპარატი, მაგრამ ფოტოს ყველა ვერ იღებს.

სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში წავედი, ხმელნიცკში ვიმსახურე. როდესაც გაიგეს, რომ ფოტოგრაფი ვიყავი, დამიძახეს, გვჭირდებიო. ჯარისკაცურ ცხოვრებას ვიღებდი...

- ალბათ, ყველაფერი იფილტრებოდა... - დიახ, საბჭოთა წლებში ზედმეტს ვინ გადაგაღებინებდა, ყველაფერი კარგად უნდა წარმოგეჩინა - ახალი შენობები, სამხედრო ბაზები, "ბედნიერი" ცხოვრება...

ჯარის შემდეგ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მალე თბილისში ჩამოვიდა იმ დროს ცნობილი აზერბაიჯანელი მომღერალი ზეინაბ ხარლამოვა, რომელსაც კონცერტი ფილარმონიაში ჰქონდა. დავესწარი და ფოტოპორტრეტებიც გადავუღე. ვიღაც კაცმა მკითხა, ფოტოგრაფი ხარო? ვიწყებ-მეთქი. აზერბაიჯანული გაზეთის, "სოვეტ გურჯისტანის" თანამშრომელი ვარ, თუ ჩვენთვისაც გადაიღებ ფოტოებს, კარგი იქნებაო. დავბეჭდე და მივუტანე... მათი ნახვის შემდეგ მკითხა, ჩვენთან მუშაობა არ გინდაო? აზერბაიჯანული მესმის, მაგრამ კარგად ვერ ვლაპარაკობ-მეთქი. ლაპარაკი არა, ფოტოების გადაღება მოგიწევსო. ეს იყო 1977 წლის 7 მაისი. იმ დღიდან მოვიწამლე ფოტოგრაფიით და მას შემდეგ 7 ომი ვნახე.

- ამბობენ, რომ ომმა შეჩვევა იცის, თქვენც შეეჩვიეთ?.. - ვერა, ვერ შევეჩვიე, სულ ვცდილობ, უემოციოდ ვიმუშაო, კადრებზე ვიყო კონცენტრირებული, მაგრამ არ გამომდის... მძიმე კადრების გადაღება 1989 წლის 9 აპრილით დავიწყე და რომ არა ჩემი ფოტოები, კარგა ხანს სიზმარი მეგონა ყველაფერი... 1990 წლის 20 იანვარს ბაქოში გადავიღე "შავი იანვრის" სახელით ცნობილი ტრაგედია, როდესაც საბჭოთა ტანკებმა უიარაღო ხალხზე გაილაშქრეს. ხელშეკრულება მქონდა Associated Press-სა და reuter-თან და დღედაღამ ვმუშაობდი... მერე ომის კადრების გადაღება თითქოს ბედისწერად მექცა... იმ ამბებს თბილისის ომი მოჰყვა, შემდეგ იყო აფხაზეთი, მერე ყარაბაღიც დაემატა და ტაჯიკეთიც... კავკასიაში ყველგან მიწევდა მუშაობა და ვიღებდი სისასტიკეს, ცრემლს, სიკვდილს... "ომის ჟურნალისტი" ჩემი ნებით არ გავმხდარვარ, ასე გამოვიდა...

- ჟურნალისტის უსაფრთხოება რამდენად დაცული იყო? - არ იყო დაცული, ისევე, როგორც ახლა. ჯარისკაცის ფორმა არ უნდა გცმოდა და არც იარაღი უნდა გქონოდა, მაგრამ მაინც იყო შემთხვევები, როდესაც შორიდან ფოტოაპარატი იარაღი ეგონათ და უსვრიათ.

14 აგვისტოს, როდესაც აფხაზეთში პირველი ტყვია გავარდა, სოხუმის აეროპორტში ჩავფრინდით. ახლა ყოფილ ლიდერებზე საუბარს ერიდებიან, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კადრი იყო თვითმფრინავში შევარდნაძესთან ერთად გადაღებული ფოტო, სოხუმის ცაზე... გვესროდნენ, მეშინოდა, ხელები მიკანკალებდა, ამ დროს კი უცებ მომიტრიალდა და მითხრა, შახ, გადაიღე, შეიძლება ეს ბოლო კადრიც იყოსო. ეს არასდროს დამავიწყდება...

ხშირად მესმის, აფხაზეთის ომი წავაგეთო. მე კი მგონია, რომ იმ ომს მოგებული არ ჰყავს - სიკვდილი ყველამ ნახა. დანარჩენი, ვის რამდენი მოუკლეს, სტატისტიკაა. ომგამოვლილი თაობა ორივე მხარეს ერთნაირი ტრაგიზმით ცხოვრობს... მე ვნახე მგლოვიარე აფხაზებიც და ქართველებიც, ხალხი ერთნაირად განიცდიდა იმ უბედურებას. ერთი ჟურნალისტი გადამეკიდა, მეც მინდა გადაღებაო. გავაფრთხილე, ბაბუშერის აეროპორტის იქით არ წახვიდე-მეთქი. მაინც წასულა... მეორე დღეს გაჭაღარავებული იყო, ერთ ღამეში გათეთრებულა, სახე წაშლილი ჰქონდა, ეს ჩემი საქმე არ არისო. შემდეგ გავიგეთ, ბეწვზე მიუსწრიათ ჩვენს ბიჭებს, სიკვდილს ხელიდან გამოჰგლიჯეს.

- ავღანეთის ომშიც იყავით, არა? - დიახ, იქ სულ რამდენიმე ჟურნალისტი გაგვიშვეს. ჩასვლისთანავე ერთმა სამხედრომ ნახშირი და წყალი მოატანინა, თან გამაფრთხილა, ყურადღებით მიყურეო. ჩაყარა ნახშირი წყალში, მოურია და დალია. შენც დალიე და მერე აგიხსნი, რისთვისო... შემდეგ სამლიტრიანი ქილა მოიტანეს, შიგნით რაღაც თეთრი ეგდო. ვაშლი მეგონა. არაყში ჩაგდებული ნახშირი ყოფილა. ამ არყის დალევა შეიძლებაო, მითხრა და დაასხა. ავღანელებმა ჯარისკაცები ტყვიით კი არა, მოწამლული არყით დაგვიხოცეს - როდესაც ნახშირი ლურჯდება, არაყი მოწამლულია. თუ გათეთრდა, შეიძლება დალევაო. იქ ყველა სვამდა, სხვანაირად ვერ გაძლებდი... ერთხელ, ასე ვთქვათ, მშვიდობიანი ავღანელი გავიცანი. ავღანეთი არასდროს არავის დაუპყრია და ვერც საბჭოთა კავშირი მოგვერევა, შევაკვდებით, მაგრამ არ დავნებდებითო...

- ჩეჩნეთის ორივე ომი გააშუქეთ. ყველა ომი განსხვავდება? - ასეა. 1994 წელს ჩავედი ჩეჩნეთში, გროზნოში, სადაც 9 თვე ვიყავი და იქ ნანახის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ არაფერი გამიკვირდება... ეს იყო არაადამიანური სისასტიკე. ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ დაღუპულები ერთიანად ჩაყარეს სამარხში და რამდენიმე დღის მერე გახსნეს... როდესაც დავინახე, რომ რამდენიმე რიგად გაჭრილ სამარხში ასობით ცხედარი ესვენა, მათ შორის ქალები და ბავშვები, მუხლები ამიკანკალდა. შოკისგან პირდაპირ მიწაზე დავჯექი... ვიღაცამ გვკითხა, გინდათ ამის გადაღება, თუნდაც ამოსაცნობადო? შემძრა, მაგრამ უნდა გადამეღო. ომები მანამდეც მინახავს, მაგრამ ეს საშინელება იყო... რუსებს ეგონათ, რომ ყველა დახოცილი ჩეჩენი იყო, თუმცა შემდეგ გაარკვიეს, რომ უმეტესობა რუსი ყოფილა...

იმავდროულად, გროზნო ჩვეულებრივად ცხოვრობდა. შენობები, ქუჩები იბომბებოდა, მაგრამ ბაზარი მუშაობდა. ხალხი ქუჩაში ლოცულობდა. რუსები ირწმუნებოდნენ, ლოცვას ვაცდითო, არადა, პირდაპირ ბომბავდნენ... ხალხმრავალ მიტინგებზე ზედმეტი ხმა არ ისმოდა, მხოლოდ აღსაკალი ლაპარაკობდა, სხვები უსმენდნენ... ოჯახის წევრის სიკვდილის შესახებ ამბავს უხმოდ ხვდებოდნენ, იდგნენ გაქვავებული სახეებით. არადა, Associated Press-იდან მეუბნებოდნენ, ისეთივე ემოციური ფოტოები გვინდა, როგორსაც საქართველოს კონფლიქტებისას გვიგზავნიდი - ქალების ტირილი, მეტყველი სახეებიო... არ გამოხატავენ ემოციას და რა ვქნა-მეთქი. თავისთვის, გულში გლოვობდნენ, ალაჰმა ასე გადაწყვიტაო...

ჯოჰარ დუდაევზე ურთიერთგამომრიცხავი ჭორები ვრცელდებოდა და არავინ იცოდა, მკვდარი იყო თუ ცოცხალი. ერთხელ გვითხრეს, ჯოჰარი პრესკონფერენციას მართავსო. გროზნოდან დაახლოებით ას კილომეტრში, დაბა ვედენოში, დუდაევმა პრესკონფერენცია გამართა და გეგმებზე ილაპარაკა. უკანა გზაზე უცებ მანქანების კოლონა გაჩერდა, ჩეჩნებმა დაიძახეს, გადმოდით მანქანებიდან, დაბომბვა დაიწყება, შორს არ წახვიდეთ, გარშემო ნაღმებიაო. ცალი ფეხი ჰაერში გამიშეშდა. ჩეჩნები სადღაც გაქრნენ. მხოლოდ ჟურნალისტები და ფოტოკორესპონდენტები დავრჩით. არ მახსოვს, რამდენ ხანს, მაგრამ ცალ ფეხზე დიდხანს ვიდექით. შემდეგ ჩეჩნები დაბრუნდნენ, ჩვენს ნაკვალევზე იარეთო.

- 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიც ნახეთ. - 8 აგვისტოს საქართველოში არ ვიყავი და 9-ში შევედი კონფლიქტის ზონაში. გორის გზაზე შიშისგან გადიდებული თვალებით მშვიდობიანი მოსახლეობა მოდიოდა. სოფელში ვცხოვრობთ, ბაღებში ვმუშაობდით და უეცრად დაბომბვისა და სროლის ხმა გავიგონეთ, ყველაფერი მივატოვეთ და წამოვედითო. ზოგი ქართული სამხედრო ნაწილების შესახებ მეკითხებოდა, ხომ არ იცით, რა ბედი ეწიათ, იქ ჩემი შვილი მსახურობსო. უმწეო ვიყავი მათი უბედურების წინაშე. სულ ვფიქრობ, რამდენის გადატანა შეუძლია ადამიანს - დაკარგოს შვილი, მამა, ძმა, ოჯახის წევრი, საცხოვრებელი, თუმცა ცხოვრება უნდა გააგრძელოს ხელახლა, მეორედ, მესამედ...

- ალბათ, გქონიათ შემთხვევა - ფოტოკადრი თუ ადამიანის სიცოცხლე...

- არის მომენტები, როცა არჩევანი უნდა გააკეთო: ადამიანს დაეხმარო ან გადაიღო კარგი კადრი. ძალიან ხშირად მქონია ეს დილემა და მე ადამიანი გადამირჩენია. საკმარისზე მეტი სიკვდილი ვნახე ცხოვრებაში. არ მინდა საერთაშორისო პრიზები ფოტოჟურნალისტიკაში, ერთი ადამიანის სიცოცხლე და ბევრის მადლიერება მირჩევნია. თუმცა ისეთი მომენტებიც მქონია, ომში ჯარისკაცებისთვის ფოტოფირები დამიმალავს, ქალებისთვის გადამიცია და მითხოვია, შემინახეთ, რომ არ წამართვან-მეთქი. ასე უამრავი კადრი გადავარჩინე.

- ამბობენ, რომ ომგამოვლილები ამ სინდრომით ცხოვრობენ, ასეა?.. - ასეა, როდესაც ომში მიდიხარ, ყველაზე დიდი სირთულე ის არის, რომ ოჯახი აქ გრჩება და არ იცი, დაბრუნდები თუ არა... თითქმის ყველა სამხედრო ჟურნალისტს აქვს ომის სინდრომი, რომელიც არ იკურნება. ჩემი ცოლი სულ მეუბნებოდა, რამე უნდა ვიღონოთ, ღამე ისტერიკა გეწყება, ბოდავ, ყვირი, გარბიხარო... ვიცოდი, რომ ასე იყო, მაგრამ ფოტოგრაფია ავადმყოფობაა, რომლითაც ერთხელ თუ მოიწამლე, ვერასდროს განიკურნები. ვინ იცის, რამდენჯერ გადავაგდე სიგარეტი, მაგრამ მერე ისევ დავიწყე მოწევა... იმ კადრებს ვერაფერს ვუხერხებ, უბრალოდ, მათთან ერთად ცხოვრებას ვეჩვევი.

სტატიაში გამოყენებულია შახ აივაზოვის ფოტოები