"ბუტანი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ბედნიერების სამინისტრო არსებობს" - კვირის პალიტრა

"ბუტანი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ბედნიერების სამინისტრო არსებობს"

"ერთხელ ჟირაფების ჩხუბს შევესწარი, ერთმანეთს კისრებს ურტყამდნენ. ვნახე აფრიკული მოხატული ძაღლებიც, შევესწარი, როგორ მოინადირეს ანტილოპა"

მზია შარაშიძე, როგორც ჟურნალისტი, ყოველთვის საინტერესოა საზოგადოებისთვის, თუმცა რესპონდენტიც კარგი გამოდგა. ჩვენი ინტერვიუ, ვფიქრობ, ამის დასტურია.

- ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, მაგრამ არ მოგზაურობენ, რაც ძალიან მაკვირვებს. მე რომ ბევრი ფული მქონდეს, მსოფლიოს მოვივლიდი. ვიღაცას ურჩევნია ძვირფასი ნივთი შეიძინოს, ჩემთვის კი მოგზაურობით მიღებული შთაბეჭდილებები ბევრად ღირებულია.

- ევროპა, აზია, ამერიკა... სად უფრო მეტი შთაბეჭდილება მიიღეთ? - ევროპა, აზია, ამერიკა და აფრიკა, ავსტრალიასა და ანტარქტიდაზე ჯერ არ მიმოგზაურია... განსაკუთრებული, ალბათ, აფრიკაა. ევროპის ქვეყნები ერთმანეთს ჰგავს - არქიტექტურით, კულტურით, ხალხით. ყველაფერი დავარცხნილი და მოვლილია. ჩემთვის ბევრად საინტერესო ეგზოტიკური ქვეყნებია, მათი ტრადიციები, ყოველდღიურობა...

აფრიკაში მოგზაურობის დროს სამხრეთ აფრიკიდან ბოტსვანაში გადავედით, იქიდან ზამბიაში. მანქანით დავდიოდით, გარშემო კი ცხოველები დარბოდნენ. დროდადრო ეროვნულ პარკებში ვჩერდებოდით, ღამით კარვებში გვეძინა. იმ ველურ ბუნებაში, სადაც ლომები, მარტორქები, სპილოები და ჟირაფები არიან, ჩვენი ბანაკი იყო გაშლილი და ღამღამობით აფთრებიც დაცუნცულებდნენ. ამიტომ მკაცრად ვიყავით გაფრთხილებული, რაც უნდა გაგიჭირდეთ, კარვიდან არ გახვიდეთო.

ოკავანგოს დელტაში (ყველაზე დიდი შიდა დელტა ბოტსვანის ჩრდილო-დასავლეთში, მდინარე ოკავანგოს დასასრულს) სპეციალური ხის ნავებით მივცურავდით. გზადაგზა კუნძულებზე ვხედავდით სპილოებს, ჟირაფებს, ჰიპოპოტამებს. ჰიპოპოტამი აგრესიული ცხოველია და თურმე ბევრი ადამიანი ხდება მისი მსხვერპლი სწორედ ნავებით ცურვისას. ისინი თავიანთ ტერიტორიას იცავენ და ამიტომ გესხმიან თავს. თუ უეცრად თავი ამოყო, ჩუმად უნდა იყო, არ გააღიზიანო...

ერთხელ ჟირაფების ჩხუბს შევესწარი, ერთმანეთს კისრებს ურტყამდნენ. ვნახე აფრიკული მოხატული ძაღლებიც, იგივე აფთრისებრი ძაღლები, ბალანი თეთრი, შავი და წითური ლაქებით აქვთ მოხატული. შეიძლება 20-ჯერ იყო აფრიკაში და ერთხელაც ვერ ნახო. ჩვენ გაგვიმართლა, შევესწარით, როგორ მოინადირეს ანტილოპა.

მოსახლეობით ყველაზე დასამახსოვრებელი ინდოეთი იყო. ვიმოგზაურეთ დარჯილინგის მთიან რეგიონში, სადაც ყველაზე საუკეთესო ინდური ჩაი იკრიფება. ერთ სოფელში სახლების წინ პატარა რუ ჩამოდიოდა და მთელი სოფელი გარეთ იყო გამოფენილი - ერთი რუში თავს იბანდა, მეორე ჭურჭელს რეცხავდა, მესამე ფეხებს იგრილებდა... იქვე ბავშვები წუწაობდნენ. მხოლოდ ის აბადიათ, რაც აცვიათ, მაგრამ ბედნიერები არიან. დაგვინახავდნენ თუ არა, დაიყვირებდნენ, თეთრები მოვიდნენო, დაგვეხვეოდნენ და ყველა სურათს იღებდა.

სამაგიეროდ, მაროკოში არ უყვართ ფოტოების გადაღება, მიაჩნიათ, რომ ვისაც სურათს უღებ, იმის სულს იპარავ. მაროკოში რამდენჯერმე ჩავედით და ყოველ ჯერზე სხვადასხვა მარშრუტი გვქონდა. ერთხელ აქლემების ქარავნით ვიყავით უდაბნოში, მეორედ ატლასის მთები მოვიარეთ ფეხით. მაროკოში ჩვენ ბარგს ვირი დაათრევდა. გვყავდა არაჩვეულებრივი გიდი, რომელსაც ძალიან დავუმეგობრდით, და მზარეული, რომელიც საჭმელს გვიმზადებდა. ვსვამდით მაროკოს ტრადიციულ პიტნის ჩაის. დღის განმავლობაში 10 ჭიქას მაინც სვამენ. დასხმის განსაკუთრებული რიტუალი აქვთ - დიდი სიმაღლიდან გადმოუშვებენ ხოლმე და გგონია, გადმოიღვრება. ისეთი ტკბილი მანდარინი, როგორიც მაროკოშია, არსად მიჭამია.

უდაბნოში შაში მოგვახვიეს - მაროკოელების ტრადიციული თავსაბურავი, რომელიც მზისა და ქვიშისგან გიცავს. გზად ხშირად ვხვდებოდით მომთაბარე ტომებს. სადაც კი დაბანაკდები, 15 წუთში შორიახლოს ჩნდებიან მათი ბავშვები, გაშლიან ფარდაგებს და გამოფენენ ხელნაკეთ სუვენირებს. თავს არ მოგაბეზრებენ, სხედან და მოთმინებით ელიან, როდის მიხვალ და შეიძენ.

მარაქეშში, ყოფილ საიმპერატორო ქალაქში, ყოველ წელს ტარდება ცოლების ბაზრობა, სოფლებში მცხოვრები გასათხოვარი გოგოები ხალხში "გამოდიან". ჩვენი გიდი გვიყვებოდა, შარშან ერთმა უცხოელმა ამ ბაზრობაზე გაიცნო გოგონა, ცოლად შეირთო და წაიყვანაო. ეს მარაქეშელი კონკიას ისტორია იყო.

მარაქეში ითარგმნება, როგორც წითელი ქალაქი, სინამდვილეში ძალიან ჭრელი და მზიანია. ქალაქის ერთ-ერთ მოედანს ჯამმაა-ელ-ფნა ეწოდება, ანუ "მოკვეთილი თავების" მოედანი. მე-10 საუკუნეში აქ სიკვდილით სჯიდნენ. ყველაზე ხმაურიანი ადგილია მარაქეშში... რომ დადიხარ, გგონია, საშინელებათა სამყაროში მოხვდი - იყიდება გამხმარი ზღარბი, ღამურას ფრთები, ყვავის ქონი... მჩხიბავები კი ამ ყველაფრისგან რაღაც-რაღაც საშუალებებს აკეთებენ. იქვე არიან გველების მომთვინიერებლები, რომლებიც კობრებს აცეკვებენ.

ბუტანშიც ვიყავით, ნეპალისა და ინდოეთის საზღვარზე მდებარე პატარა ქვეყანაში, რომელსაც მეფე მართავს. ბუტანი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ბედნიერების სამინისტრო არსებობს და ადამიანების გაბედნიერება ნაციონალური პოლიტიკის მთავარი მიზანია. ბუტანის მთავრობა პერიოდულად ითვლის მთლიანი ნაციონალური ბედნიერების დონეს. ცხოველების დახოცვა ბუტანში აკრძალულია, ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ვეგეტარიანელია. დამახასიათებელი არქიტექტურა აქვთ, მოხატული შენობებითა და ფერად-ფერადი მოჩუქურთმებული აივნებით. ქვეყანას ეგზოტიკურობა რომ შეენარჩუნებინა, მიიღეს კანონი: ყოველი ახალი შენობა აუცილებლად ტრადიციული ორნამენტებით უნდა იყოს გაფორმებული. ფალოსი ნაყოფიერების სიმბოლოდ ითვლება, ამიტომ შენობებზე ხშირად ნახავთ მიხატულ ათასგვარად გაფორმებულ ფალოსებს. უმრავლესობა ტრადიციულ სამოსს ატარებს. ქალებს აცვიათ მოკლე ფერადი ჟაკეტი, სახელად ტეგო, და გრძელი, ჭრელი ქვედაკაბა კირა. გჰო მამაკაცების ეროვნული სამოსია - გრძელი ხალათი ქსოვილისვე გრძელი ქამრით, საქმიან შეხვედრებსა და დღესასწაულებზე კი გრძელ აბრეშუმის შარფს, კაბნის მოიხვევენ ხოლმე.

- დედამიწის მეორე ნახევარსფეროშიც გადავინაცვლოთ... - ახალ წელს იამაიკაზე შევხვდით. სანაპიროზე ვნებივრობდით. იქ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ სადღაც არსებობს საქართველო, სადაც ახლა საცივი მომზადდა და ახალ წელს ზეიმობენ. იამაიკაზე ყველა გიღიმის, ცეკვავს, მღერის. სულ ზაფხულია, მზე, ზღვა, ქოქოსები... აბსოლუტური უდარდელობის შეგრძნება გიპყრობს. იამაიკაზე ნახავთ რასტაფარის (გასული საუკუნის 30-იან წლებში იამაიკაზე წარმოშობილი და დღეს ძალზე გავრცელებული რელიგია) მიმდევრებს, რასტამანებს, რომლებიც მოსახლეობის 20-30%-ს შეადგენენ. მათი ამოცნობა ძალიან ადვილია შესახედაობით: დრედებით, ხალვათი ტანსაცმლით, ბობ მარლის გამოსახულებით. მხიარული მოგზაურობა გამოგვივიდა, მანქანით მოვიარეთ მთელი კუნძული. ხანდახან სოფლებში ვჩერდებოდით და ძალიან ჭირდა ისეთი ადამიანის მოძებნა, ვინც გზას მიგვასწავლიდა. უმრავლესობა სიცილით გვპასუხობდა, რადგან მარიხუანას ეწევიან, რაც იქ ჩვეულებრივი ამბავია. კრიმინოგენული ვითარება მძიმეა. იამაიკამდე ამერიკაში ვიყავით და რომ ვთქვით, იამაიკაზე მანქანით მოგზაურობას ვაპირებთო, გაგიჟდნენ, თუმცა ისე მოვიარეთ იამაიკა, საფრთხეს არ გადავყრივართ.

- მოგზაურობისას თუ გიჭამიათ რაიმე განსხვავებული, მაგალითად, ძაღლის ხორცი?.. - ძაღლის ჭამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ბაყაყები და გველები მანამდეც მქონდა გასინჯული. ახალ ორლეანში რესტორანში ხამანწკები მოგვართვეს. სულ ვამბობდი, რა უნდა მოხდეს, რომ ეს ლორწო პირში ჩავიდო-მეთქი, მაგრამ გავსინჯე და ისეთი გემრიელი იყო, ვიფიქრე, აქამდე სად ვიყავი-მეთქი. ინდოელები და ბუტანელები ძალიან ცხარე საჭმელს ჭამენ. ბუტანში ყველიანი წიწაკა უყვართ, ისე ახრამუნებდნენ წიწაკას, მიკვირდა.

- როგორ ვიცი, თქვენს ქალიშვილსაც შეაყვარეთ მოგზაურობა. - 3 თვის მყავდა, როცა ალპებში, შვეიცარიაში წავიყვანე. ძუძუს ვაჭმევდი და ამან გაგვიადვილა მოგზაურობა. მერე თურქეთში წავიყვანე, შემდეგ ეგვიპტეში, სადაც ჩუტყვავილა დაემართა. ეგვიპტის საავადმყოფოში მოვხვდით, სადაც კომპიუტერები არ ჰქონდათ, ყველაფერს დავთრებში იწერდნენ. ბოლოს ერთ პედიატრთან მიმაგზავნეს, რომელსაც ბედად ევროპული განათლება ჰქონდა მიღებული. დახედა თუ არა, ამოიცნო დაავადება.

ეგვიპტელებს ძალიან უყვართ ვაჭრობა. 3 მძივი 150 დოლარად დამიფასეს. გამოგიტანენ ყავას, ხილს, უნდა დაჯდე, აქეთურ-იქითური და ბოლოს 10 დოლარად ვიყიდე სამივე, გამყიდველმა სამაჯური და კიდევ 3 მარჯანიც დამიმატა, თან კომპლიმენტი მითხრა, დარჩი და იმუშავე ამ მაღაზიაში, ისეთი კარგი ვაჭრობა გცოდნია, ორივე ხეირს ვნახავთო.

ერთხელ მაროკოში გამყიდველი გამომეკიდა. ასეთ დროს ქართულად უნდა ელაპარაკო, ვერ გაიგებს და თავს დაგანებებს. მეც ვეუბნები, არა, არ მინდა ეს საყურე-მეთქი. თურმე "არა" იმათ ენაზე თანხმობას ნიშნავს. გაგიჟდა კაცი, მე გავრბოდი, ის კი მომდევდა...