"ადრე მტერი გვიმონებდა, ახლა ჩვენი ნებით მივდივართ და მონებად ვმუშაობთ" - კვირის პალიტრა

"ადრე მტერი გვიმონებდა, ახლა ჩვენი ნებით მივდივართ და მონებად ვმუშაობთ"

"დედამიწის მოყვარული ადამიანი ვარ. თამამად ვიტყვი, რომ დედამიწა ღმერთად მიმაჩნია, ხოლო ჩემი თავი ამ სივრცის მკვლევრად, რადგან მის შესახებ მუდამ ახალ და საინტერესო ფაქტებს ვპოულობ"

რეჟისორი, მუსიკოსი, პოეტი და "მკვლევარი" გია ნიკოლაძე, რომელმაც დედამიწის დაშაქვრით ბოროტების დამარცხება გადაწყვიტა, დღეს ჩვენი სტუმარია.

ვგრძნობ... დედამიწის გამოსხივებას.

მეშინია... ემანდ რამე არ შემეშალოს.

ვეძებ... ღმერთს, რომელიც მგონი

უკვე ვიპოვე.

ვიტყუები... ახლა აღარ.

ვემალები.. ზოგჯერ მეგობრებს.

მენატრება... ძველი დრო.

ვეწევი... ვეწევიიი.

ვინახავ... მოგონებებს.

მწამს... რომ დედამიწა ღმერთია.

- ვინ არის გია ნიკოლაძე?

- ალბათ, საკუთარ თავს მკვლევარს ვუწოდებდი. 2003 წელს მივაგენი ჩემს თავს და ვთვლი, რომ დედამიწის მოყვარული ადამიანი ვარ. თამამად ვიტყვი, რომ დედამიწა ღმერთად მიმაჩნია, ხოლო ჩემი თავი ამ სივრცის მკვლევრად, რადგან მის შესახებ მუდამ ახალ და საინტერესო ფაქტებს ვპოულობ.

- სჭირდება თუ არა დედამიწას ისევ დაშაქვრა... - დიახ. პირისპირ ყველა ეთანხმება ჩემს თეორიებსა და წამოწყებებს, თუმცა უმეტესობა სოციალურ სივრცეში თავს იკავებს აზრის გამოთქმისგან.

- გია ნიკოლაძის კარიერა რეჟისორობით დაიწყო. როგორ მოხვდით მუსიკაში? - მუსიკალურ განათლებას ბავშვობიდან ვიღებდი, თუმცა რასაც გაძალებენ, არ გინდა. მეც ასე დამემართა, დღეს კი მუსიკა ჩემი ცხოვრებაა. სიტყვას თავისი ძალა აქვს, მაგრამ მუსიკასაც შეუძლია ემოცია და ჟანრი განსაზღვროს.

რეჟისორობა კი ბავშვობიდან მინდოდა, რადგან მამა რეჟისორი მყავს (ლალი ნიკოლაძე). რამდენიმე მუსიკალური კლიპიც გადავიღე. მათ შორის ყველაზე გამორჩეული იყო ჯო კოკერის სიმღერაზე შექმნილი კლიპი, სადაც ლეგენდარული მსახიობი დოდო ჭიჭინაძე მონაწილეობდა. ასევე საინტერესო და ცოტა სასაცილო ფაქტია, რომ რეჟისურას ვასწავლიდი თეატრალურ ინსტიტუტში მაშინ, როცა მე თავადაც არ მქონდა დიპლომი.

- როდის აღარ იყო მუსიკა ძალდატანება?

- რამდენადაც სიგიჟედ უნდა მოგეჩვენოთ, 40 წლის ასაკში ჩემთან ჩიტი მოფრინდა. მან დამაწყებინა წერაც და მუსიკის შექმნაც (სხეული მერცხალს მიუგავდა, მზერით მიმინო იყო). როდესაც ეს ჩიტი ხელში დავიჭირე, საშინლად დამაყარა, თუმცა გამოიკვეთა ფიგურები და იეროგლიფები. ამის მერე ხუთი ღამის განმავლობაში ვწერდი პოემას "ქართზღაპარი ანი-ბანი აი იას" და ყოველ დილით ვერ ვცნობდი ჩემს ნაწერს, თითქოს სხვა მაწერინებდა. "საკმარისია თითით შეეხო მთაში მომავალ წყაროს ანკარას, რომ იმავე წამს ყველა ზღვა იგრძნობს, რა ფიქრები გაქვს მის შვილს პატარას".

- როგორ დაგებადათ ჯგუფ "ნიკოლშოუს" შექმნის იდეა? - მთავარი მიზანი იყო ჩემს ძმებთან ერთად შემექმნა მუსიკა და სიმღერები. ვიცოდი, რომ ბევრი დაბრკოლება გველოდა, თუმცა ძმებმა ნიკოლაძეებმა ყველაფერი გადავლახეთ. ძალიან დიდი ხანია ერთობლივი რეპეტიცია არ გვქონია სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ ჩვენს მსმენელს მალე შევთავაზებთ ჩვენს პირველ დამოუკიდებელ კონცერტს.

- რომელი ნიკოლაძე "უბერავს" ყველაზე მეტად? - ყველა ლალის შვილები ვართ. სხვადასხვა დედა გვყავს, მამით კი ერთნი ვართ. ამიტომ ყველა ნიკოლაძე ჩვენებურად "ვუბერავთ", გენეტიკურად კი მამისგან ნამდვილად გადმოგვეცა ნიჭიერება.

- თვლით თუ არა, რომ სამშობლომ სათანადოდ დააფასა თქვენი ნიჭი? - ქვეყანაში, სადაც არიან გია ყანჩელი, სუხიშვილები და სხვა უამრავი ლეგენდარული შემოქმედი, მე რა უფლებით მოვითხოვო რამე?

- მიგაჩნიათ თუ არა, რომ შოუბიზნესის წევრი ხართ? - არა. ეს ყველაფერი ჩემი ჰობია. მე პოეტი და მწერალი ვარ.

- როგორ ხედავთ დღევანდელ საქართველოს? - ადრე მტერი გვიმონებდა, ახლა ჩვენი ნებით მივდივართ და მონებად ვმუშაობთ. სავალალოა, რომ თურქულ და ირანულ კაფე-რესტორნებში ქართველ გოგონებს მონურად ამუშავებენ...

ჩვენ ერთმანეთზე გამარჯვება კი არა, საქმეში გამარჯვება გვინდა.

- რას შესთავაზებთ მომავალში თქვენს მკითხველსა და მსმენელს? - ვგეგმავ ჩემი პოემის მთლიანად გამუსიკებას. ასევე ძალიან მინდა ჩვენს თბილისს ერთი თბილი სიმღერა მივუძღვნა.

თამუნა მარშანიშვილი