"დედასა და ქმარს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ, მაგრამ საჭირო იყო ქმრის მშობლების თანხმობაც, რომ ფილმში მეთამაშა" - კვირის პალიტრა

"დედასა და ქმარს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ, მაგრამ საჭირო იყო ქმრის მშობლების თანხმობაც, რომ ფილმში მეთამაშა"

ნატო ვაჩნაძის სასცენო მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავად, კინოსტუდიამ საღამოს მოწყობა დაგეგმა. იმ დროს სტუდიის დირექტორი მიხეილ კვესელავა იყო. შეიკრიბა კინოსტუდიის აქტივი და საღამოს მომწყობი კომისია აირჩიეს. სიკო დოლიძეს უნდა დაეწერა მოხსენება ნატოს შემოქმედების შესახებ, თამარ ციციშვილს გამოფენის მოწყობა და მთელი სარეკლამო მასალის შეგროვება დაევალა. რეჟისორებმა: დოლენკომ და მართაშვილმა ნატოს ფილმებიდან მონტაჟით კინოსურათის მომზადება ითავეს, სერგო ზაქარიაძეს კი საღამოს პროგრამის მოფიქრება და გაფორმება მიანდეს. დადგა 11 აპრილი, შემოქმედებითი საღამოს დღე. ყველა იმაზე ფიქრობს, როგორ მოხვდეს თეატრში. შესასვლელთან ზღვა ხალხი დგას, ბილეთები კი არ არის. ნატო ვაჩნაძეს სახლიდან გასვლის წინ, მოხუცი გადია - დუნია ლოცავს: ღმერთი გფარავდეს, შვილო. აი, ჩაივლის იუბილე და ფანჯრებისთვის ფარდებს უსათუოდ შეიძენ, თორემ მთელი ცხოვრების მანძილზე, მათი შეძენა ვერ მოახერხეო...

გთავაზობთ ნაწყვეტებს ნატო ვაჩნაძის მოგონებებიდან (სტილი დაცულია):

პირველი როლები

"1923 წლის შემოდგომაზე დედაჩემთან ვიყავი სტუმრად, გურჯაანში. ერთხელ ჩვენს აივანზე ვისხედით, თბილისიდან სტუმრებს ველოდით. მოულოდნელად, ეზოში უცნობი კაცი გამოჩნდა. ის შაქრო ბერიშვილი აღმოჩნდა. მითხრა, საქმის გამო გეახელითო. ეს პირადად მე მეხებოდა. გამოირკვა, რომ თბილისის კინოსტუდია დგამდა სურათს "არსენა ყაჩაღი" და შაქრო ბერიშვილი ჩემთან იმისათვის გამოეგზავნათ, რომ ეთხოვა, ამ სურათში ნენოს როლი მეთამაშა. კადრი ფილმიდან: ,მამის მკვლელი'

მათ შემთხვევით უნახავთ შიხმანის მიერ გადაღებული ჩემი ფოტოსურათი, რომელიც ქუჩის ვიტრინაში ყოფილა მოთავსებული. წინადადება სრულიად მოულოდნელი იყო. მე და ჩემმა ნათესავებმა არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით. ბერიშვილი ცდილობდა, ჩემი აქტიორული უნარი გამოერკვია: საუბრობდა ჩემთან, მამღერა, მაცეკვა და "რეაქციის" გამოსამჟღავნებლად უცბად ხელი ისე ძლიერად დაჰკრა მაგიდას, რომ ჭურჭელმა ზრიალი დაიწყო.

დედასა და ქმარს არაფერი საწინააღმდეგო არ ჰქონდათ, კინოში გადაღება რომ მეცადა, მაგრამ საჭირო იყო აგრეთვე, ქმრის მშობლების თანხმობაც. მათ კონსერვატიული შეხედულებები ჰქონდათ. ხანგრძლივი და დიდი ბრძოლის გაწევა მომიხდა. დედამთილი დავითანხმე და გადავწყვიტე სასინჯ გადაღებაზე წასვლა. გზის ხარჯებისთვის სტუდიიდან ავანსად ასი მანეთი მივიღე. 1923 წელს კინოსტუდიას ეკავა პატარა, ჭერამდე შუშაბანდიანი ფოტოატელიე და მასზე მიდგმული პაწია ოთახები ფოტო და კინოლაბორატორიებისათვის. შესასვლელში საგრიმიორო იყო. ნამდვილი თეატრალური გრიმი გამიკეთეს და ფოტოაპარატის წინ დამაყენეს. რეჟისორმა ვლადიმერ გრიგოლის ძე ბარსკიმ წინადადება მომცა, ტანჯვა გამომეხატა, უბრალოდ, ყოველგვარი სიუჟეტის გარეშე. - ასწიეთ წარბები, - მითხრა მან. შემდეგ რეპეტიციის ჩატარება დაიწყო. თმა გამიშალეს. - წარმოიდგინეთ, რომ ტყეში ხართ, მოდის მგელი... უუუ, ხომ საშინელია? - მითხრა ბარსკიმ და მგლის გამოხატვა დაიწყო, ძალაუნებურად უკან დავიხიე. - შესდექით, ასე კარგია! მაშინვე სურათი გადამიღეს. ყველა ეტიუდში ინსტინქტით ვხელმძღვანელობდი, კინოხელოვნებისა რასაკვირველია, არაფერი გამეგებოდა. კინოსტუდიიდან სამმართველოში წამიყვანეს, სადაც სტუდიის დირექტორი გავიცანი. იქ უკვე დაერეკათ, რომ სურათები კარგი გამოსულიყო და ხელშეკრულება ორ სურათზე ერთად გავაფორმეთ. უნდა მეთამაშა "არსენა ყაჩაღში" ნენო და "მამის მკვლელში" ნუნუს როლი მომცეს. გავიგე, რომ ყოველთვიურ ხელფასად ასი მანეთი მექნებოდა. ეს კარგი ფული იყო..."

"ყოჩაღ, ვანო!"

"ფილმში "მამის მკვლელი" იაგოს როლს შესანიშნავი მომღერალი, ვანო სარაჯიშვილი ასრულებდა. მე 19 წლისა ვიყავი, ვანო - 45-ის. მას შენარჩუნებული ჰქონდა ახალგაზრდული შეხედულება, ტემპერამენტი და მომხიბვლელობა. მთელ ექსპედიციაში ყველაზე აღტაცებული, ცოცხალი, დაუღალავი, მხიარული და ამასთან ერთად, საოცრად უბრალო და გულისხმიერი, ვანო სარაჯიშვილი იყო. იწყება სცენის გადაღება, სადაც იაგომ სიყვარული უნდა გაუმჟღავნოს ნუნუს. სადაცაა, აპარატი უნდა ამუშავდეს, როცა უეცრად, სარაჯიშვილმა უკმაყოფილოდ გადახედა ირგვლივ ყველას და ყველაფერს, საყვედურით მითხრა: რას ჰგავს ეს ამბავი? როგორ გამოგიმჟღავნო ჩემი სიყვარული, როცა ამდენი ხალხი და შენი ქმარიც კი ეგერ დამდგარან, შემომცქერიან და ჩემს საქმეში ერევიან. არ შეიძლება, ეს სცენა გადავიღოთ მოწმეთა გარეშე?

ყოველთვის შთაგონებულად მუშაობდა. ხშირად, თვითონვე იყო თავისი თავით კმაყოფილი და როგორც ჭაბუკი, გულუბრყვილოდ იტყოდა, - დიდებულად ჩავატარე ეს სცენა, ყოჩაღ, ვანო სარაჯიშვილო! ერთობ სასეირო იყო ასეთი შემთხვევა: მოქმედების მიხედვით ტყეში დავეხეტები, სადაცაა დათვი უნდა დამესხას თავს. ტყეში მართლაც იყო დათვი, მაგრამ ის უკანა ფეხებით დაბმული, გაბრაზებული იღრინებოდა. იმ წუთში, როცა ის თითქოს უნდა მეცეს, გამოჩნდება იაგო (სარაჯიშვილი), მივარდება დათვს, ჩასცემს ხანჯალს და მოკლავს. იაგოსა და გახელებული დათვის კადრები ცალ-ცალკე გადაიღეს. ეკრანზე კი ისე გამოვიდა, რომ იაგო ეცა დათვს და ხანჯლით მოკლა. როცა ვანო სარაჯიშვილმა ეს კადრი ნახა, იმდენად დარწმუნებული იყო მის რეალობაში, რომ სჯეროდა, თითქოს მან მოკლა დათვი. უყურებდა კადრს და ამბობდა: "ძალიან მარჯვედ კი ვიყავი! ხომ ხედავთ, რა საშინელი მხეცია, მაინც არ შევუშინდი და ჩავეც ხანჯალი. ხუმრობა ხომ არაა მისი მოკვლა?!"

ნამდვილი მსახიობი

"პირველი ორი ფილმი სამ თვეში მთლიანად გადავიღეთ. ბუნების გადაღება თბილისის მიდამოებში წარმოებდა. სადგურ მცხეთის პირდაპირ აღმართულ მთაზე, პატარა საყდარში არსენას ქორწილის სცენა გადავიღეთ. გამანათებელი ფარები თვითონ დაგვქონდა, ყველაფრის მოწყობაში ერთმანეთს ვეხმარებოდით. არ გვევალებოდა, მაგრამ მუშაობისადმი ინტერესი გვახალისებდა. ჩვენი ტრანსპორტი შედგებოდა ერთი ძველი ტიპის ავტომანქანისა და სამი ეტლისაგან, რომლებიც ავტოს ყოველთვის ასწრებდნენ გადაღების ადგილზე მისვლას. პავილიონები ნატურაზე შენდებოდა, იუპიტერის დამაბრმავებელი სინათლე პირდაპირ სახეში გვცემდა და თვალებს შეუბრალებლად გვიწვავდა. სამი თვის შემდეგ, ორივე ფილმი მზად იყო და ყველა კინოთეატრში უჩვენებდნენ. პირველად "მამის მკვლელი" გამოვიდა, მერე "არსენა ყაჩაღი". ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ თავბრუ დამეხვა. კინოსურათები ჩემი მონაწილეობით, მთელ ქალაქში გაკრული აფიშები და პლაკატები, აუარებელი ხალხი კინოთეატრებში - ეს ყველაფერი სიზმარში მეგონა.

შემდეგ იყო სხვა ფილმებიც... "ტარიელ მკლავაძეში" ჩემი გმირია მძიმედ დასნეულებული დესპინე, რომელიც სიცოცხლეს ესალმება. იგი შიშს ისტერიულ მდგომარეობამდე მიჰყავს. რაღაც მზღუდავდა და მბორკავდა. აპარატთან მდგარი პერესტიანი მიყვიროდა: თქვენ ძლიერი მწუხარება უნდა განიცადოთ. უნდა წარმოიდგინოთ ქმრის ან შვილის დაკარგვა, მხოლოდ მაშინ შეძლებთ ასეთი სცენების გადმოცემას! თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი, თითქოს ბორკილი მომეხსნა და ნატო აღარ ვიყავი: დესპინე ტიროდა, ქვითინებდა, ისტერიკულად იცინოდა. - კადრიდან მოშორდით ყველა, დაიწყეთ გადაღება, აპარატი სწრაფად! - ყვიროდა რეჟისორი. მთელი სცენა ურეპეტიციოდ ჩავატარე, როდესაც მომესმა ხმა "შეჩერდით, საკმარისია!" ჩემი მდგომარეობის შედარება სასოწარკვეთილ ადამიანთან შეიძლებოდა, კუთხეში მიმჯდარს თავის აღებაც აღარ შემეძლო. პერესტიანი მოვიდა და დაყვავებით მითხრა: აი, ახლა თქვენ ნამდვილი მსახიობი ხართ და საკუთარი მწუხარების განცდა საჭირო აღარ არის..."

გადაღებებზე

"დასავლეთ საქართველოში გავემგზავრეთ გადაღებებზე. კინოსტუდიის დირექცია არცთუ ისე ხელგაშლილი იყო. გამოგვიყვეს მესამე კლასის ვაგონი, რომელსაც კუპეები არ ჰქონდა, თუმცა, ჩემთვის ცალკე კუპე გამონახეს - იგი ვაგონის საერთო ნაწილისგან ფარდით იყო გამოყოფილი. დანარჩენი მსახიობები მესამე, საბარგო თაროებზეც კი იძინებდნენ. ვაგონში 70-ზე მეტი ადამიანი იყო. თან მიგვქონდა სპირტქურა, ჩაიდნები, საშინაო ნივთები: ხან ამოვალაგებდით, ხან ჩავალაგებდით სადგურებზე, სადაც სურათის გადასაღებად გაჩერება გვიხდებოდა. ქალაქებში ოთახებს არ გვაძლევდნენ, ჩვენს ვაგონს სათადარიგო ლიანდაგზე აყენებდნენ და იქ ვცხოვრობდით რამდენიმე დღე.

ასე ვიმოგზაურეთ ორ თვეს. ფილმებში მონაწილეობდა საოცრად ჭრელი ხალხი და ზოგჯერ ისეთი მდგომარეობა იქმნებოდა, რომ მუშაობა შეუძლებელი ხდებოდა, ვაგონში ბანქოს თამაში და ლოთობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ხშირად ხალხს შეკრებდნენ გადაღებაზე, როგორც სანახაობაზე, რაშიც თვით ხალხიც მონაწილეობდა. ასე გადაიღეს ესმას დაკრძალვა (ფილმი "სამი სიცოცხლე"). მთელი დღე კუბოში ჩაწოლილს დამატარებდნენ სოფელ აბაშაში. მოტირლებს გასამრჯელო მისცეს, დანარჩენები გადაღებაში უფასოდ მონაწილეობდნენ. ისე დამტიროდნენ ქალები და მოთქვამდნენ, რომ ზოგჯერ თავი მებრალებოდა. გადავწყვიტეთ, ესმასა და ბახვას შორის სიყვარულის ახსნის სცენა მარტვილის ჩანჩქერთან გადაგვეღო. მეეტლეებს გავურიგდით. აგვიხსნეს, იქამდე ორი საათის სავალი გზა არისო. ალიონზე გავუდექით გზას იმ ვარაუდით, რომ საღამომდე გადაღება დაგვემთავრებინა და უკან დავბრუნებულიყავით. ხუთნი ვიყავით: პერესტიანი, დიღმელოვი, მიხეილ გელოვანი, რეჟისორის თანაშემწე და მე. ბევრი სოფელი გავიარეთ, ხშირად ვჩერდებოდით იმის გასაგებად, თუ რა მანძილი დაგვრჩა კიდევ გასავლელი. დანიშნულ ადგილას რომ მივედით, მზე უკვე მკრთალად ანათებდა და საჭირო სცენის გადაღება ძლივს მოვასწარით. მარტვილის ჩანჩქერი ძალიან ლამაზი აღმოჩნდა და ამ თვალწარმტაცი ადგილის გადაღება ღირდა ხანგრძლივ მგზავრობად".

ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "ნატო ვაჩნაძის დამწვარი სხეული მისმა დამ ბეჭდით ამოიცნო" - ულამაზესი კინოვარსკვლავის ცაში დაფერფლილი სიცოცხლე

ნანული ზოტიკიშვილი ჟურნალ "გზის" არქივიდან