გზამკვლევი ახალი და არა მარტო ახალი თაობისთვის! - კვირის პალიტრა

გზამკვლევი ახალი და არა მარტო ახალი თაობისთვის!

"მედია პალიტრის" მორიგი, გრანდიოზული პროექტი "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ!" დაიწყო. რვა თვის განმავლობაში ამ პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი ინტერნეტგვერდის, სხვადასხვა პოპულარული სოციალური ქსელის, ჟურნალ-გაზეთებისა და ტელეფონის მეშვეობით მიმდინარეობდა გამოკითხვა. ყველა თაობის, სხვადასხვა ფენისა და ინტერესების მქონე მოქალაქემ დაასახელა სხვადასხვა ნაწარმოები.

გამოიკვეთა რამდენიმე წიგნი, რომელზეც მუშაობა "პალიტრა ლ"-მა დაიწყო.

პროექტი - "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" - "კვირის პალიტრასთან" ერთად ყოველ ორ კვირაში კიდევ ერთი წიგნით გაამდიდრებს თქვენს ბიბლიოთეკას. გამოკითხვა კვლავ გრძელდება. ასე რომ, გეძლევათ უნიკალური შანსი - შეავსოთ ბიბლიოთეკა კაცობრიობის მიერ შექმნილი ლიტერატურის შედევრებით.

პროექტის პრეზენტაცია 8 ნოემბერს "თბილისი ცენტრალის" ჰოლში "ბიბლუსის" მაღაზიის წინ გაიმართა.

რევაზ მიშველაძე, მწერალი: - "მედია პალიტრა" ეროვნულ საქმეს აკეთებს - ცდილობს, შემოაბრუნოს მკითხველი წიგნისკენ. ჩემგან, როგორც ერთი ქართველი მწერლისგან, უდიდესი მადლობა თქვენ! "ქართული პროზის საგანძურის" აქამდე გამოცემული ყველა ტომი შევიძინე... ახლა ამ 50-ეულს მივყვები.

მამუკა ხაზარაძე, ბიზნესმენი: - ძალიან საინტერესო პროექტია. 50-დან პირველი ტომის ერთ-ერთი პირველი მყიდველი მეც ვარ.

დავით უსუფაშვილი, პოლიტიკოსი: - მიხარია, რომ "პალიტრა" მუდამ საუკეთესო პროექტების ინიციატორია და ფართო სპექტრს მოიცავს. დიდი ხანი რომ მეფიქრა, უკეთესს ვერაფერს მოვიგონებდი ქართველი ახალგაზრდების წიგნთან დასაახლოებლად.

ლაშა ბუღაძე, მწერალი: -  იმ პროექტების მეშვეობით, რომელსაც "მედია პალიტრა" ახორციელებს, ხალხი წიგნთან მივიდა არა თეორიულად, არამედ რეალურად. ამის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი კი წიგნების მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასია.

ზვიად კორძაძე, ადვოკატი: - ეს ჰოლდინგი ხალხზე ორიენტირებული პროექტებით გამოირჩევა. "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ!" გზამკვლევია ახალი და არა მარტო ახალი თაობისთვის ზღვა ლიტერატურულ სამყაროში. წიგნების ფასი ხელმისაწვდომია და, რაც მთავარია, ეს პროექტი სწორი გემოვნების ჩამოყალიბების ფაქტორია.

პროექტმა "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ!" სხვადასხვა სფეროსა და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები წიგნის სიყვარულით გააერთიანა. იმ დღეს ყოველი ჩვენგანი ერთი ყდის ქვეშ მოექცა და "შაგრენის ტყავში" გაეხვია.

P.შ. გამოკითხვა გრძელდება. თუ გსურთ, თქვენი საყვარელი ნაწარმოები მოხვდეს არჩეულ წიგნთა სიაში, შეავსეთ კითხვარი (იხ. გვ. 36) ან ჩვენი გაზეთის ამავე ნომერში "მკითხველის რეიტინგის" საშუალებით დაასახელეთ სასურველი წიგნები. ასევე შეიხედეთ ინტერნეტსაიტზე: 50.კვირისპალიტრა.გე  და ხმა მიეცით თქვენს რჩეულს.

I და II წიგნები დამატებით დაიბეჭდება

8 ნოემბერს, დილით, 12 საათისთვის ტრადიციისამებრ მივადექი "კვირის პალიტრის" საგაზეთო ჯიხურს. მსურდა შემეძინა პირველი წიგნი სერიიდან "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ!".

- ჰმ, "შაგრენის ტყავი" გინდა? გათავდა, შაგრენის ტყავივით დაილია - მიპასუხა გამყიდველმა, - უთენია დაიტაცეს. უკვე სამჯერ მოვატანინე დისტრიბუტორებს დამატებით... ვიფიქრე, არა უშავს, სხვა ჯიხურში ან სულაც "ბიბლუსის" მაღაზიაში ვიყიდი-მეთქი. თურმე ამაოდ - ყველგან ერთნაირად მპასუხობდნენ, გათავდა, ბატონოო. ბოლო იმედად გამომცემლობა "პალიტრა ლ" დამრჩა. თუმცა, იქაც ცივი წყალი გადამასხეს და მითხრეს, რომ მთელი ტირაჟი - 15000 წიგნი თვალის დახამხამებაში გაიყიდა.

ჩემს დღეში უამრავი მკითხველი აღმოჩენილა. ამიტომაც "პალიტრის" მედია სახლის სამდივნოებში ტელეფონებს ორშაბათიდანვე "ცეცხლი ეკიდა". მკითხველი უკმაყოფილოა, რომ უწიგნოდ დარჩა, მაგრამ მათდა სასიხარულოდ, გამომცემლობა "პალიტრა ლ"-მა უკვე იზრუნა ამ საკითხის მოგვარებაზე.

გამომცემლობა "პალიტრა ლ"-ის დირექტორი თინათინ ასათიანი:

- ორშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან, სატელეფონო ზარებმა მოლოდინს გადააჭარბა. ხალხი ლამის პანიკაში ჩავარდა, როცა გაიგეს, რომ წიგნის ტირაჟი სრულად და თანაც თვალის დახამხამებაში გაიყიდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, განმეორებით შეგვეკვეთა. მოგეხსენებათ, წიგნები უცხოეთში იბეჭდება, ამიტომ ახალი პარტია სავაჭრო ქსელში რამდენიმე კვირის დაგვიანებით შევა.

ასე რომ, როდესაც მესამე ტომი - "ვეფხისტყაოსანი" გამოვა, იმავე კვირაში (7 ლარადვე) გაიყიდება "შაგრენის ტყავიც". მეორე ტომიც მხოლოდ 15 ათასი ეგზემპლარი დაიბეჭდა (I-II ტომები ერთად შევუკვეთეთ). შესაბამისად, დეფიციტს მეორე ტომზეც ველოდებით. ამიტომ, ვისაც სურს, წიგნი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად სპეციალურ ფასად შეიძინოს, მას სიმარჯვის გამოჩენა მოუწევს, წიგნის შეძენა დასწრებაზე იქნება. თუმცა, ვინც ყიდვას ვერ მოასწრებს, მათთვის მეორე ტომიც განმეორებით დაიბეჭდება და გაიყიდება მეოთხე ტომთან ერთად.

- შემდეგ ტომებზე გაიზრდება ტირაჟი?

- დიახ. მკითხველის ასეთ აქტიურობას არ ველოდით. ამიტომაც მესამე ტომიდან გაზრდილ ტირაჟს შევუკვეთთ. ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ უკმაყოფილო არავინ დაგვრჩეს.

ეკა ლომიძე