"ვიზუალურად არ ეტყობოდა, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა" - 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იწვა - კვირის პალიტრა

"ვიზუალურად არ ეტყობოდა, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა" - 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იწვა

მეზობლების განცხადებით, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები აქვს და რამდენჯერმე ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იწვა

3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მეზობლების განცხადებით, დაკავებულს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები აქვს და რამდენჯერმე ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იწვა.

როგორც რამდენიმე მეზობელმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსს“ განუცხადა, ქალს "მკურნალობა სჭირდებოდა, თუმცა არ მკურნალობდა“.

"ჯიუტი იყო მკურნალობის მხრივ. სჭირდებოდა მკურნალობა, მაგრამ არ მკურნალობდა. ვიზუალურად არ ეტყობოდა, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, უბრალოდ, მე ვიცნობდი ბავშვობიდან და ვიცოდი მისი მდგომარეობა. რამდენჯერმე იწვა ფსიქიატრიულში და მალევე გამოდიოდა,“ - განუცხადა "ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მეზობელმა ლია მიქაძემ.

კიდევ ერთი მეზობლის ინფორმაციით, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული პროფესიით მხატვარია.

"დაკავებული მხატვარია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფსიქიკურ პრობლემებს ამჩნევდნენ, თუმცა, სერიოზული არაფერი შეუმჩნევიათ. ის არის ჩემი მეგობარი. არის უაღრესად განათლებული. ძალიან ვწუხვართ ბავშვისა და მისი ოჯახის გამო. ის არისტოკრატული ოჯახის შვილია. მე მას მთელი ცხოვრება ვიცნობ. არის არაჩვეულებრივი ადამიანი. 2 დღით ადრე ვნახე, ვისხედით, ყავას ვსვამდით, აბსოლუტურად ნორმალურად იყო, მაჩვენა თავის ნახატები. რა მოხდა, რამ აიძულა, რამ გააკეთებინა, ვერ გეტყვით“, - განუცხადა "პალიტრანიუსს“ კიდევ ერთმა მეზობელმა ციური ჯიქიძემ.

იხილეთ ასევე: "გვეკითხებოდა სად ვცხოვრობთ, უნდოდა მანქანაში ჩაჯდომა" - რას წერენ ინტერნეტმომხმარებლები ქალზე, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა