"ჭექა-ქუხილის მეშინია და ტელეფონის გათიშვას ვცდილობდი. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი" - რას ჰყვება ბიჭი, რომელსაც მეხი დაეცა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა - კვირის პალიტრა

"ჭექა-ქუხილის მეშინია და ტელეფონის გათიშვას ვცდილობდი. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი" - რას ჰყვება ბიჭი, რომელსაც მეხი დაეცა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

რამდენიმე დღის წინ, 20 წლის დათო კახაძეს ახალციხეში მეხი დაეცა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ბაბუას ცხვრის მწყემსვაში ეხმარებოდა. როგორც ამბობს, მოულოდნელად, ძლიერი ჭექა-ქუხილის ხმა გაიგონა და ტელეფონის გათიშვას შეეცადა. ამის შემდეგ კი აღარაფერი ახსოვს. დათო კახაძე შემთხვევის დროს მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მას პირველადი დახმარება ახალციხის კლინიკაში გაუწიეს, შემდგომ კი თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს. მისი მდგომარეობა უმძიმესი იყო, ის 48 საათის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დათო ჩვენთან საუბარში მეხის დაცემის მომენტს იხსენებს:

- მე და ჩემი მეგობარი ბაბუასთან მივდიოდით მინდორში. ჭექა-ქუხილის ხმა გავიგონე და მეგობართან ერთად ხის ქვეშ დავჯექი. ჭექა-ქუხილის ძალიან მეშინია და ტელეფონის გათიშვას ვცდილობდი. ამის შემდეგ არ ვიცი, რა მოხდა...

მომხდარს უფრო დეტალურად დათოს მამიდა, იზოლდი ესებიძე აღწერს:

- შემთხვევის ადგილას რომ მივედი, დათო მკვდარი იყო. მისი მეგობარი პირველად დახმარებას უწევდა. მიწაში დავმარხეთ, მაგრამ ამით უარესი დავმართეთ. სხეულის დიდი ნაწილი დამწვარი ჰქონდა. მარჯვენა მხარეს ცხელი ალი მოჰყვებოდა. მდგომარეობიდან 48 საათის შემდეგ გამოვიდა. ექიმები გვაიმედებენ, რომ მეხსიერება ნელ-ნელა აღუდგება"

საბედნიეროდ დათოს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ.

მოამზადა თიკო გურაშვილმა

იხილეთ ვიდეოსიუჟეტი