"მეუღლეს ვეუბნები, ცოცხალი­ ვარ-მეთქი, არადა, თურმე გათიშ­ული ვარ" - რა ნახა ზურა დოიჯაშვილმა კლინიკური სიკვდილისას - კვირის პალიტრა

"მეუღლეს ვეუბნები, ცოცხალი­ ვარ-მეთქი, არადა, თურმე გათიშ­ული ვარ" - რა ნახა ზურა დოიჯაშვილმა კლინიკური სიკვდილისას

"სანამ ოპერაციას გამიკეთებდნენ, მეგობარმა მღვდელი მოიყვანა და მაზიარეს. რომ გავაცილე, ბიჭები შემოვიდნენ, მამუკა ონაშვილი და სხვები. ვსხედვართ, ვლაპარაკობთ და უცებ შემოვიდა ვიღაც, კისერზე სანტიმეტრი ჰკიდია და მეუბნება, ზომები უნდა აგიღოო... ფერი დავკარგე, ვიფიქრე, ალბათ, ყოველი შემთხვევისთვის, კუბოს ზომებს მიღებენ-მეთქი. მამუკა ონაშვილსაც იგივე უფიქრია და "უჟეო?", - ეკითხება. თურმე კორსეტის ზომები უნდა აეღოთ, მე კიდევ სიკვდილს ჩავხედე თვალებში..."

მომღერალ ზურა დოიჯაშვილს ბოლო დროს რთული პერიოდი დაუდგა - რამდენიმე გულის ოპერაცია დასჭირდა, ბინა ბანკის ვალების გამო დაკარგა და ისრაელში, ემიგრაციაში მოუწია წასვლამ... სცენას, აპლოდისმენტებსა და ხალხის სიყვარულს მიჩვეული ახლა აეროპორტის დაცვაში მუშაობს, მაგრამ თავს იმით ინუგეშებს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გამოცადო...

- ისრაელში ფინანსური პრობლემების გამო ოჯახთან ერთად წამოვედი. მოძღვრის ნაჩუქარი ხის ჯვარი თილისმად წამოვიღე და სულ თან დამაქვს. ეს ჯვარი მიცავს, მისი დამსახურებაა, დღეს რომ ცოცხალი ვარ. მეშვიდე თვეა, აქ ვარ და ძალიან მენატრება თბილისი, მეგობრები. დიდხანს ვერ გავჩერდები, ცოტა ფეხზე დავდგები და ჩამოვალ. დედას გეფიცებით, ბარგს რომ ვალაგებდი, თვალზე ცრემლი არ მშორდებოდა... აქ ძალიან თბილად დამხვდნენ, მაგრამ ნოსტალგიას მაინც ვერსად ვემალები.

- როგორც ვიცი, ბანკმა ვალების გამო ბინა დაგიყადაღათ... დაიბრუნეთ უკან?

- ის ბინა გავყიდეთ და გავისტუმრეთ ვალი. ჩემი მეუღლის ბინა იყო... ძალიან მაგარი მეუღლე მყავს. რომ არა ის, ცოცხალი არ ვიქნებოდი. ექიმი მშობლები ჰყავდა და სამედიცინო სფეროში ყველაფერი იცის. ჩემი პირველი სიყვარულია. რაც ასაკი გვემატება, უერთმანეთოდ ვერ ვძლებთ.

- ისრაელის მოქალაქეობა როგორ მიიღეთ? - ბებია, დედაჩემის დედა იყო შტეინბერგი, თბილისელი ებრაელი და ცხონებული, სიკვდილის შემდეგაც "დამეხმარა" - მისი საბუთებით მივიღე მოქალაქეობა... ბებიაჩემისგან ბევრი რამ ვისწავლე. სულ ოპერაში დავყავდი. საქართველოში ქუდების პირველი დიზაინერი ქალი იყო. მარჯანიშვილის თეატრის წინ სალონი ჰქონდა და ისეთ ქუდებს კერავდა, მთელი თბილისის ელიტა მისგან ყიდულობდა.

- ახლა აეროპორტში მუშაობთ. რთული არ არის სცენას მიჩვეული კაცისთვის? - აქ თუ არ იმუშავე, ვერ იცხოვრებ. აეროპორტის დაცვაში ვარ. სცენას მიჩვეული კაცისთვის ძალიან რთულია, მაგრამ ვუძლებ... სამსახურიდან დაღლილი მოვდივარ, მაგრამ საღამოს თუ კონცერტი მაქვს, მაინც ვმღერი... ცხოვრებაში, ალბათ, ყველაფერი უნდა გამოცადო. 55 წლის ასაკში ყველაფერი თავიდან დავიწყე - ახალი გარემო, ახალი ადამიანები... ებრაელები ძალიან თბილი ხალხია. ბათიამში, ძირითადად, რუსი და ქართველი ებრაელები არიან. მათთან ვმეგობრობ და ეს მიმსუბუქებს ყოფას. ქართული სუფრები ხშირად იშლება; ყველას უყვარს საქართველო; "ბიჯოთი" მიმართავენ ერთმანეთს. ესენი უფრო ქართველობენ, ვიდრე ზოგიერთი ქართველი... აქ დაბადებულმა ბავშვებმა ქართული კარგად იციან და ეს მშობლების დამსახურებაა.

- თქვენ ადრე მოსკოვშიც ცხოვრობდით. - სამი წელი ვიცხოვრე მოსკოვში. რუსებს ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ქართველების მიმართ და ძალიან ვუყვარდით... თითქმის ყველა ქართველი მუსიკოსი, რუსეთის რესტორნებში რომ უკრავდა, დღეს ვარსკვლავი და მილიონერია, ჩვენ კი აეროპორტში ვმუშაობთ...

- ფიქრობთ, რომ თქვენს ქვეყანაში სათანადოდ არ დაგაფასეს? - არა, რატომ? არავის არაფერს ვაბრალებ. ძალიან ვუყვარვარ ხალხს და ეს ყველაზე დიდი დაფასებაა ჩემთვის.

- მოსკოვიდან რატომ დაბრუნდით თბილისში? - სიმღერა დავწერე მეგობრობაზე და გადავწყვიტეთ, კლიპი თბილისში გადაგვეღო. ვმღეროდით, იქ ვინც ვიყავით - გიორგი მელიქიშვილი, გიგა კვენეტაძე, თემურ თათარაშვილი, არჩილ ცანკაშვილი, ანგელინა კაპლანი. ჩაწერის პროცესში პერიოდულად გული მტკივდებოდა და სპაზმები მეწყებოდა. ჩემმა მეგობარმა დათომ, რომელიც სისხლის ბანკის დირექტორია, ძალით წამიყვანა ექიმთან. მოკლედ, აქ ჩამოსვლამ გადამარჩინა. მოსკოვში რომ ვყოფილიყავი, არ მივიდოდი ექიმთან და სადმე მეტროში გამისკდებოდა გული... ექიმმა მითხრა, სასწრაფოდ საოპერაციო ხარო და საავადმყოფოში დამაწვინეს. იქ კურიოზი მოხდა - სანამ ოპერაციას გამიკეთებდნენ, მეგობარმა მღვდელი მოიყვანა და მაზიარეს. რომ გავაცილე, შემოვიდნენ ბიჭები - მამუკა ონაშვილი და სხვები. ვსხედვართ, ვლაპარაკობთ და უცებ შემოვიდა ვიღაც, კისერზე სანტიმეტრი ჰკიდია და მეუბნება, ზომები უნდა აგიღოო... ფერი დავკარგე, ვიფიქრე, ალბათ, ყოველი შემთხვევისთვის, კუბოს ზომებს მიღებენ-მეთქი. მამუკა ონაშვილსაც იგივე უფიქრია და "უჟეო?" - ეკითხება. თურმე კორსეტის ზომები უნდა აეღოთ, მე კიდევ სიკვდილს ჩავხედე თვალებში...

ოპერაციის დაწყებამდე ჩამირთეს ჩემი სიმღერა - "მელიქიშვილის გამზირი" და ანესთეზია გამიკეთეს... მერე ავდექი, აღარ მიკეთებთ ოპერაციას-მეთქი? უკვე გაგიკეთეთო...

- როგორც ვიცი, კლინიკური სიკვდილიც გამოიარეთ? - ერთი სტენტი გამეჭედა და კლინიკური სიკვდილი დადგა. ამ დროს ზემოდან ვუყურებდი თავს და საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი. მგონია, რომ ჩემს მეუღლეს ვეუბნები, ცოცხალი ვარ-მეთქი, არადა, თურმე გათიშული ვარ. საოპერაციოში რომ შემიყვანეს, ვაღებინე და გულიც ამუშავდა. კლინიკური სიკვდილი იყო, არადა, თავს კარგად ვგრძნობდი...

- ახლა როგორ ხართ? - აქ ძალიან კარგი ექიმები არიან და პერიოდულად დავდივარ კონსულტაციებზე. მანამდე ოთხი სტენტი მედგა. მერე დამჭირდა შუნტირებაც, მაგრამ სიგარეტს მაინც ვეწევი. ოპერაციის შემდეგ ექვსი თვე არ ვეწეოდი. მერე ერთხელ ჭიქას რომ მოვკიდე ხელი, სიგარეტიც მომინდა. ასე წავიდა და წავიდა... როცა ავად გავხდი, ბევრმა უცნობმა ადამიანმა გადმომირიცხა თანხა. ყველას ვპირდები, აუცილებლად ვიპოვი მათ და ასმაგად გადავუხდი ამ ამაგს...

ხათუნა კორთხონჯია