მოდის ფოტოგრაფია - კვირის პალიტრა

მოდის ფოტოგრაფია

"არსებობს რამდენიმე ფოტო, სადაც კარგად ჩანს პატრიოტული მუხტი. მაგალითად, ლუიზ დალ-ვულფის 1941 წელს გადაღებულ ფოტოზე მოდელი ზის ბუხართან და ელოდება ქმარს, რომელიც ომიდან უნდა დაბრუნდეს!.."

ამერიკის ყველაზე დიდ, პოლ გეტის მუზეუმში გამოიფინა 180 ფოტოხელოვანის ფოტოები. ამ ფოტოებმა შექმნეს მოდის ეპოქა. "საუკუნის პროექტი" - ასე უწოდეს მას მოდის საერთაშორისო ექსპერტებმა.

"საუკუნის პროექტი"

ლუიზ დალ-ვულფი, 1941 წ.

რა როლი აქვს ფოტოს მოდის ინდუსტრიაში, პოლ გეტის მუზეუმის დირექტორი ტიმოთი პოთსი "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა.

- ეს გამოფენა ისეთ სახელგანთქმულ ფოტოხელოვანებს მასპინძლობს, როგორებიც არიან: რიჩარდ ავედონი, ლილიან ბასმანი, გაი ბორდინი, პიტერ ლინდბერგი... ასევე წარმოვადგენთ ნაკლებად ცნობილი ფოტოგრაფების (გლებ დერუჟინსკის, ტონი ფრისელის, კორინ დეის და ა.შ.) ნამუშევრებსაც, რომლებიც ბევრი ფოტოხელოვანისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. ოდესღაც ეს ფოტოები კერძო კოლექციონერებთან ინახებოდა და მუზეუმში ვერ მოხვდა, ახლა კი, ამდენი წლის შემდეგ, მოდის ფოტოგრაფია აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული პროექტი, რომელიც გამოსახულების ჩარჩოებს გასცდა და არტის ღირებულება შეიძინა.

1911 წლამდე ფოტოგრაფები მოდას მხოლოდ ილუსტრაციების სახით გადმოგვცემდნენ, შემდგომში კი ფოტოგრაფები თანდათან ითვისებენ ამ ჟანრს. დადგა დრო, საზოგადოებას ვაჩვენოთ გასული საუკუნის საუკეთესო ნამუშევრები, რომელთაც მოდის სამყაროში წარუშლელი კვალი დატოვეს.

2010 წელს დავიწყეთ მუშაობა მუზეუმის კოლექციის უფრო გასამდიდრებლად და ფონდის შესაქმნელად, რომელიც უპრეცედენტო გამოფენას უმასპინძლებდა. გამაოცა ზოგიერთი ფოტოგრაფის ნამუშევარმა, რადგან მათი ფოტოები ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებად გვევლინება.

მოდის პირველი ფოტოგრაფი

მოდის პირველი ფოტოგრაფის, ედვარდ სტაიქენის ფოტო

ფოტოგრაფების ნამუშევრების ათვლის წერტილად 1911 წელი ჩაითვალა. რატომ დაუკავშირეს ეს თარიღი მოდას, ამ კითხვით გამოფენის კურატორს პოლ მარტინოს მივმართეთ:

- 1911 წელს ფრანგმა გამომცემელმა ლუსიენ ვოგელმა სთხოვა ფოტოგრაფ ედვარდ სტაიქენს, რომ ჟურნალისთვის პირველი მოდური ფოტოები გადაეღო. მანამდე ფოტოგრაფები ზედმიწევნით რეალისტურად უდგებოდნენ საქმეს. მოდის ისტორიაში 1911 წლამდე მხოლოდ ილუსტრაციები არსებობდა. მაგალითად, ერტესა (რომან ტირტოვის ფსევდონიმი) და პოლ ირიბეს, ორი ცნობილი ილუსტრატორის ილუსტრაციებში ასახულია მოდური ტენდენციები. მოდის სამყაროში პირველ ფოტოგრაფად კი ედვარდ სტაიქენი ითვლება.

"მოდურია" "დიდი დეპრესია"

- თვალი რომ გადავავლოთ მოდის ისტორიას 1911 წლიდან დღემდე, ძალიან საინტერესო აღმოჩენებს გავაკეთებთ - თვალსაჩინოა მოდის კავშირი პოლიტიკასა და ეკონომიკასთან.

გლენ ლაჩფორდი, 1994 წ.

მე-20 საუკუნის პირველი ორი დეკადის განმავლობაში ქალის ჩაცმულობაში ძირეული ცვლილებები მოხდა - გაიხადეს მჭიდრო კორსეტები და ჩაიცვეს კომფორტული, ნატურალური ქსოვილის ხალვათი სამოსი, რომლის ნოვატორებად კოკო შანელი და პოლ პუარე გვევლინებიან. ამ პერიოდისთვის ედვარდ სტაიქენის გარდა, გამოჩნდა კიდევ ერთი ფოტოგრაფი - ბარონი ადოლფ დე მაიერი. მათი წყალობით მოაღწია ჩვენამდე იმ წლებში გადაღებულმა ფოტოებმა. ისინი იღებდნენ "დიდი დეპრესიისა" და მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც, სწორედ მათ ფოტოებში აისახა, როგორი გავლენა მოახდინა მოდაზე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ცვლილებებმა. "დიდი დეპრესიის" პერიოდში გამოცემები, ძირითადად, ბეჭდავდნენ გლამურულ და მდიდრულ სილუეტებს - მკითხველს სთავაზობდნენ, თვალი დაეხუჭა მძიმე რეალობაზე. მეორე მსოფლიო ომის დროს კი მოდა უფრო მოკრძალებულია, უფრო მარტივი, ფოტოებზე უბრალო ქსოვილებია ასახული. თუმცა, მოდურმა გამოცემებმა სცადეს შეენარჩუნებინათ პოზიტიური განწყობა დევიზით: "ჩვენ ამას შევძლებთ!" არსებობს რამდენიმე ფოტო, სადაც კარგად ჩანს პატრიოტული მუხტი. მაგალითად, ლუიზ დალ-ვულფის 1941 წელს გადაღებულ ფოტოზე მოდელი ზის ბუხართან და ელოდება ქმარს, რომელიც ომიდან უნდა დაბრუნდეს!..

მოდის რენესანსი

პოლ ჰორსტი

- გასული საუკუნის 50-იანი წლები მოდის ფოტოგრაფიისთვის ოქროს ხანა იყო. გლამური დაბრუნდა ისეთ დიზაინერებთან ერთად, როგორებიც იყვნენ კრისტობალ ბალენსიაგა, კრისტიან დიორი და ჟაკ გრიფი. რიჩარდ ავედონმა და ირვინგ პენმა სული შთაბერეს ამ დიზაინერებს თავიანთი ვიზუალური ხედვის მრავალფეროვანი მიდგომებით. ირვინგ პენი უფრო სტუდიურ ფოტოებს იღებდა, ავედონს კი მოდელები სხვადასხვა ლოკაციაზე მიჰყავდა და მოძრავ კადრებზე მუშაობდა. ომის შემდგომ პენმა და ავედონმა სრულიად განსხვავებული, ოპტიმიზმით სავსე ფოტოები აჩვენეს საზოგადოებას. 60-70-იანი წლები იყო პერიოდი, როცა ახალგაზრდული მოძრაობები, სექსულური რევოლუცია, მოგვიანებით კი ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობა მოდის სამყაროსთვის შთაგონების წყარო გახდა. მაშინ გაჩნდა ახალი შესაძლებლობები, მაგალითად, უილიამ კლაინი თავის მოდელებს უკვე ურბანულ გარემოში იღებდა, გადმოსცემდა ქუჩის სტილს, რომელიც თავისუფალი და ჩარჩოებიდან გასული უნდა ყოფილიყო. ნელ ბარის 1966 წელს გადაღებული ფოტო, გოგონა მოკლე კაბით, სწორედ ამ ეპოქის ამსახველია.

"ჰეროინის პეწი"

- 60-70-იან წლებში მოდური გამოცემების ყდაზე პირველად გამოჩნდნენ აფრიკელი მოდელები. 80-90-იანი წლების მოდის ფოტოგრაფიაში ვხვდებით ათლეტური აღნაგობის ქალებს, მამაკაცები კი სექსუალურობაზე აკეთებენ აქცენტს. თვალში საცემია კორპორაციული ჩაცმის კულტურაც, რადგან ქალი ამ პერიოდში უფრო საქმიანია. მკვიდრდება ფიტნესის ტრენდულობაც და სამოსი ქალის სილუეტს გამოკვეთს. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ბურუსით მოცული ამბავი - ჯანი ვერსაჩეს მკვლელობა... ჩნდება მაღალანაზღაურებადი სუპერმოდელების ახალი თაობა, რომლებიც აქცენტს აკეთებენ ქალის სილამაზესა და ძლიერებაზე. ჰერბ რიცი ამ წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოხელოვანი და სუპერმოდელების პოპულარული ფოტოების ავტორი იყო.

რიჩარდ ავედონი, 1955 წ.

90-იან წლებში ეკონომიკურმა ვარდნამ, ნარკოტიკებისადმი სწრაფვამ და სიეტლში აღმოცენებულმა გრანჟის (ალტერნატიული როკის ჟანრი) მიმდინარეობამ მოდის ინდუსტრიაში გააჩინა ტერმინი "ჰეროინის პეწი", რომელიც კატასტროფულად გამხდარი მოდელებით დაინახა საზოგადოებამ. ასეთი იყო ქეით მოსის არაჯანსაღი გამომეტყველება, რომელიც გლენ ლაჩფორდმა დააფიქსირა 1994 წელს.

ჩვენს ფონდში თავმოყრილია ფოტოები, რომლებიც მოდის ინდუსტრიის უსაზღვრო შესაძლებლობებზე მეტყველებს.

21-ე საუკუნეში გაჩნდა მოდის ბლოგები, დაიწყო ინტერნეტის ეპოქა, დამკვიდრდა ქუჩის სტილი, რომელიც ძალიან პოპულარულია... ეს პროექტი არა მხოლოდ აღაფრთოვანებს დამთვალიერებელს, არამედ შთაგონების წყაროდ იქცევა ბევრი ხელოვანისთვის და კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, რომ ხელოვნებას საზღვრები არა აქვს.

აურაცხელი ქონების პატრონი გეთი სიძუნწით იყო ცნობილი

ჟან პოლ გეთი, რომსა და ლოს-ანჯელესში გეთის სახელგანთქმული მუზეუმის დამფუძნებელი, ერთ-ერთი მსხვილი ნავთობმაგნატი გახლდათ. 1957 წელს ჟურნალმა Fortune-მ ის ყველაზე მდიდარ ამერიკელ ბიზნესმენად დაასახელა, 1966 წელს კი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა 1.2 მილიარდი დოლარით.

პოლ გეთიმ ოქსფორდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ნავთობით ვაჭრობას მიჰყო ხელი. 1930 წლიდან შეძლო რამდენიმე კომპანიის აქციები ეყიდა, მოგვიანებით კი ნავთობის საბადოები საუდის არაბეთშიც შეიძინა, რამაც მილიარდობით მოგება მოუტანა. მიუხედავად აურაცხელი ქონებისა, გეთი სიძუნწით იყო ცნობილი. 1973 წელს ჟან პოლ გეთის შვილიშვილი, რომში მცხოვრები ჯონ პოლ გეთი მესამე, ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს. გამტაცებლები ოჯახს 17 მილიონ დოლარს სთხოვდნენ. მოლაპარაკებები ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რადგან ბაბუა უარს აცხადებდა გამოსასყიდის გადახდაზე, მიზეზი კი ასეთი იყო: 14 შვილიშვილი მყავს, თუ ერთში გადავიხდი ფულს, ხვალ დანარჩენებსაც გაიტაცებენო. მის დასაყოლიებლად გამტაცებლებმა პოლ გეთის შვილიშვილს ყური მოაჭრეს და ბაბუას გაუგზავნეს, თუმცა მტკიცე პოზიციაზე მყოფი გეთი ვერ გატეხეს და გამოსასყიდი 3 მილიონამდე შეუმცირეს. საბოლოოდ მილიარდერმა მხოლოდ 2 მილიონ 200 ათასი დოლარი გაიმეტა შვილიშვილისთვის. როდესაც გათავისუფლებულმა გეთი უმცროსმა ბაბუას მადლობის სათქმელად დაურეკა, ის ტელეფონთანაც კი არ მივიდა. მოგვიანებით გეთი უმცროსი ნარკოტიკებს მიეძალა. ის 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. გატაცების ამბავი საფუძვლად დაედო არაერთ ფილმს, მათ შორის - რიდლი სკოტის ფილმს "სამყაროს მთელი სიმდიდრე".

ჯანი ვერსაჩეს მკვლელობა

1990-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბავი - ჯანი ვერსაჩეს მკვლელობა, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. 1997 წლის 15 ივლისს ვერსაჩე მაიამი-ბიჩზე, თავისი სახლის კიბეზე მოკლეს. ის დილით გაზეთების ყიდვის შემდეგ შინ ბრუნდებოდა. დილის საყიდლებზე დიზაინერის ასისტენტი მიდიოდა ხოლმე, მაგრამ იმ საბედისწერო დღეს სახლიდან ვერსაჩე მარტო გავიდა.

მკვლელობის მერვე დღეს მკვლელმა ენდრიუ კუნენენმა პოლიციელებით გარშემორტყმულ საკუთარ სახლში თავი მოიკლა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ენდრიუ ჯანის სიყვარულით იყო შეპყრობილი და მისი მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა, თუმცა ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს ვერსაჩეს ოჯახი. რატომ გაიმეტა კუნენენმა მსოფლიოში პოპულარული დიზაინერი სიკვდილისთვის, დღემდე გაურკვეველია.

ვერსაჩეს ქონება 807 მილიონ დოლარად იყო შეფასებული; მთელ მსოფლიოში მას 130 მაღაზია ჰქონდა. დიზაინერის ანდერძის მიხედვით, კომპანიის 50% მან დისშვილს, დონატელა ვერსაჩეს ქალიშვილს, ალეგრას დაუტოვა, რომელიც ბიძის გარდაცვალებისას 11 წლის იყო. ჯანის ძმა სანტო და და დონატელა ანდერძში ნახსენები არ იყვნენ - ისინი ისედაც ფლობდნენ კომპანიის აქციების 20-30%-ს.

პოპარტი, პანკკულტურა, ბაროკოს მიმდინარეობა და მკაფიო ფერები - ვერსაჩეს განსაკუთრებული სტილი 1980-იანი წლების მოდის ისტორიაში სენსაციად იქცა. ჯანის მიიჩნევენ ტოპმოდელების კულტის შემქმნელად, რადგან ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც პოპულარობის მწვერვალზე მყოფი ყველა მოდელი პოდიუმზე ერთად გამოიყვანა. მისი ერთგული კლიენტები იყვნენ მადონა და პრინცესა დიანა.