"ჩემი ხასიათის ამბავი რომ ვიცი, ცოლმა აქამდე თუ ვერ გამიძლო, აწი რაღას გამიძლებს!... გაშორებული რომ ვარ, გგონია, იმიზა არ მიყვარს?" - კვირის პალიტრა

"ჩემი ხასიათის ამბავი რომ ვიცი, ცოლმა აქამდე თუ ვერ გამიძლო, აწი რაღას გამიძლებს!... გაშორებული რომ ვარ, გგონია, იმიზა არ მიყვარს?"

"მაგან არ იცის, თვარა, მარტო გემის კაპიტნად კი არ ვნიშნავ, პატარა ტბორიც დავაგუბე და მაგის სახელი უნდა შევარქვა - ტბორი "მარიანთი" იქნება!"

ასეთი რამ მხოლოდ გურიაში შეიძლება მოხდეს - კაცმა ხმელეთზე საცურაოდ გემი ააგოს და თანაც ყოფილი მეუღლე დანიშნოს კაპიტნად! ჩოხატაურის მთაგორიან სოფელ ერკეთში მარლენ მგალობლიშვილმა სწორედ ასეთი გემი ააგო, გახსნის ცერემონიალზე კი, არც მეტი, არც ნაკლები, მთელი ჩოხატაური დაპატიჟა. მართალია, ნახევარი ჩოხატაური ვერ ესტუმრა და საქეიფოდ "კინკილა" 60 კაცი მივიდა, მაგრამ იცოცხლე, სუფრა ჰქონდა! ჩოხატაურის ინსტრუმენტული ანსამბლის მუსიკის ფონზე ყველაფერმა დიდებულად ჩაიარა. სხვა რა უნდა ხმელეთზე ცურვას?! რაც მთავარია, გემის კაპიტანი მარინე ანთიძე იყო გახარებული თავისი სამი შვილით, რომლებისთვისაც მამის შემოქმედება სულაც არ ყოფილა გასაკვირი.

პრეზენტაციის შემდეგ მარლენ მგალობლიშვილი მოვძებნე და ვკითხე, რა ხდება, რა ამბავია-მეთქი! მან ჯერ ორ ენაზე - ფრანგულად და გერმანულად მიპასუხა და შემდეგ ქართულად რომ მითარგმნა, ასეთი ექსპრომტი გამოუვიდა: "ამოსულა გემი მთაში, დაუკარით ყველამ ტაში!"

- რა ხდება და მე, ინჟინერ და დოცენტ მარლენ მგალობლიშვილს, ხასიათი არ მაქვს კანფეტი, თვარა ნიჭიერი კაცი ვარ და ყოლისფერი შემიძლია. ჩევიფიქრე გემის აშენება და ავაშენე! პაწა დასამთავრებელი სამუშაოები კი დამრჩა, მაგრამ გემის გახსნა უკვე შეიძლებოდა...

- ამ მთა-გორებში ნოეს კიდობანივით გემის აშენება რამ მოგაფიქრებინათ! ერკეთში წარღვნა არ უნდა იყოს მოსალოდნელი... - რომ იყოს, მაშვინ რა ვქნა?! ისე, პატარ-პატარა წარღვნები სულ კი გვაქვს. იმიზაა, რომ მეწყერმა სახლ-კარი დამიბზარა და ჩამომიშვავა. მეც ავდექი და გემი ავაშენე. რამე რომ მოხდეს, მზად უნდა ვიყო - კი გადავალ გემში! მთავრობამ მაინც უარი შემომითვალა, სახლ-კარის გამაგრებაში ვერ დაგეხმარებითო!

- სხვა საცხოვრებელი არ გაქვთ?

- კი, ბათუმში, მარა იქინე ჩემი ცოლ-შვილი ცხოვრობს. ჩემი ხასიათის ამბავი რომ ვიცი, ცოლმა აქამდე თუ ვერ გამიძლო, აწი რაღას გამიძლებს!

- ეგ ამბავი დაწვრილებით მომიყევით. მეუღლეს გაშორებული ბრძანდებით, მაგრამ გემის კაპიტნად მაინც დანიშნეთ? - გაშორებული რომ ვარ, შენ გგონია, იმიზა არ მიყვარს? რომ შემეძლოს, მაგას გემის კაპიტნობას კი არა, ნობელის პრემიასაც მივცემდი! მარტო სამი შვილი კი არ გამიზარდა, სიკვდილსაც გადამარჩინა.

- როგორ? - ერთი ენაში არ მაქვს ტყვიები გარჭობილი, თვარა, ისე ინვალიდი გახლავარ - მთელი ტანი დაცხრილული მაქვს აფხაზეთში. ცხრა თვე ისე ვიწექი თბილისში, ცოლს კი არა, თავს ვერ ვცნობდი, მაგრამ ჩემი ცოლი ხომ მცნობდა? სისხლიც გადამისხა, პურსაც მიზიდავდა და შვილებსაც მიზრდიდა. მე კიდო საავადმყოფოდან რომ გამოვედი, ნამეტანი გაფუჭებული მქონდა ხასიათი და შევჭამე. ჰოდა, ვერც მაგან გამიძლო, ვერც მე გოვუძელი და კი წამოვედი ბათუმიდან ერკეთში!

- ეს გემი როგორ ააგეთ? - ჩემი ავტომობილი გავყიდე და მშენებლობის იარაღები ვიყიდე. ხეტყე კიდო, მოგეცა ლხენა, ერკეთში ბევრია!

- ცოლს რომ შეუთვალეთ, გემის კაპიტნად გნიშნავ და ჩამოდიო, რა თქვა? - რა უნდა ეთქვა? იმწამს ჩამოფრინდა ერკეთში. მაგან არ იცის, თვარა, მარტო გემის კაპიტნად კი არ ვნიშნავ, პატარა ტბორიც დავაგუბე და მაგის სახელი უნდა შევარქვა - ტბორი "მარიანთი" იქნება!

- თქვენმა მეუღლემ უნდა დაიტრაბახოს, ყოფილი ქმარი მყოლიაო!.. გემის კაპიტანი სტუმრების გამასპინძლებაში ძველებურად თუ მოგეხმარათ მაინც? - რაფერ არ მომეხმარებოდა, სიხარულით ფეხზე აღარ დგას! აგი სოფლის ორკესტრიც ჩემი ძმაკაცებია და "კრიმანჭულიც" დავცხეთ და "მაყრულიც".

- "მაყრული" რატომ? თქვენ და კაპიტანი მეორედ დაქორწინებას ხომ არა აპირებთ? - მაგას საიდუმლოდ დევიტოვებ და მერე გეტყვი!..

P.S. მართალია, როგორც ბევრი გურულის, ისე მისი ლაპარაკით ვერ მივხვდი, სად იყო სიმართლე და სად - ხუმრობა, მაგრამ ამ გემსა და მის კაპიტანს "ზურგის ქარს" მაინც ვუსურვებ. ასეთი გემები რომ არა, ვინ იცის, როგორ მოწყენის ჭაობში ჩაგვძირავდა ცხოვრება.