"გერმანიიდანაც კი დამირეკეს, ვრეჟ, ეს რა დაგმართნიაო" - კვირის პალიტრა

"გერმანიიდანაც კი დამირეკეს, ვრეჟ, ეს რა დაგმართნიაო"

ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატმა ვრეჟ მურადიანმა "ფეისბუკის" გვერდზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საჩვენებლად მობილური ტელეფონით ლაივი ჩართო. როგორც ჩანს, შემთხვევით, სპეცეფექტის ღილაკზე დაეჭირა თითIი და ბატონი ვრეჟი ამომრჩევლის წინაშე სულ სხვა იმიჯით წარდგა - ის ხან მგლად, ხან კოსმონავტად, ხანაც ჯადოქრად გვევლინება. "ჯიგარი ხარ, ვრეჟ! ვინც დაგცინის, ვითომ პრადვინუტები, თვითონ არიან შესაბრალებლები. არ ინერვიულოთ, ძალიან საყვარელი ვიდეო იყო," - ამშვიდებენ ინტერნეტმომხმარებლები ამ ფაქტით ძალიან აღელვებულ ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატს. "კვირის პალიტრა" ვრეჟ მურადიანს ნინოწმინდაში დაუკავშირდა.

- მხოლოდ ასეთ ამბებს ეძებენ სენსაციური მასალების მოსამზადებლად, არადა, მე სერიოზული კაცი ვარ! ყველა ამ ვიდეოს რომ აჩვენებს, კინოვარსკვლავი ხომ არ ვარ?! ნუ ნერვიულობო, მეუბნებიან. თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილას? მთელი რაიონი მიცნობს და თანამიგრძნობენ. შეწუხებულია ყველა, მეუბნებიან, ეს როგორ მოხდაო?.. ყველა შეიძლება ჩავარდეს ასეთ მდგომარეობაში.

პირდაპირ ეთერში ჩართვის სპეციალისტი არ ვარ, დეპუტატი ვარ, ამავე დროს, პედაგოგი.

ჩემი ამომრჩეველი მსაყვედურობდა, გზის დაგებას რომ დაგვპირდი, პირობას როდის შეასრულებო და როგორც კი დავინახე, გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობდა, ვიფიქრე, გავახარებ-მეთქი. ღილაკს თითი დავაჭირე და ვხედავ, ეკრანზე რაღაცები ეხატება ჩემს სახეს. შვილს დავურეკე, ვიღაც გამოსახულებას მირევს-მეთქი. ვნახავო და წუთის მერე დამირეკა, მამა, ეტყობა, თვითონ დააჭირე რაღაც ეფექტს და ყველაფერი ამის ბრალიაო. მერე მოსწავლემ დამირეკა, ვნახე, რაც ხდებაო და მირჩია, სასწრაფოდ აიღეთ ეს ვიდეოო. ისიც არ ვიცოდი, როგორ წამეშალა. რვა კილომეტრი გავიარე, ნათესავს მივაკითხე მეზობელ სოფელში და იმან წაშალა, მაგრამ მაინც გაავრცელეს. ძალიან ვნერვიულობ. ასეთი საქმე არ უნდა დამმართოდა. ისე განვიცადე, ორი ღამე არ მიძინია.

ყველგან აჩვენებენ, მთელ ქვეყანას გააგებინეს; გერმანიიდანაც კი დამირეკეს, ვრეჟ, ეს რა დაგმართნიაო. სპეციალურად ხომ არ ვქენი, შეცდომა მომივიდა...

- მოსწავლეებზე დარდობდით, რას იფიქრებენო. რა საგანს ასწავლით?

- სომხურ ენასა და ლიტერატურას, ასევე - საქართველოს ისტორიას. კარგი მოსწავლეები მყავს, გვიყვარს ერთმანეთი.

- ყველა ხვდება, რომ გაუგებრობა მოხდა. თქვენამდე ასეთ სიტუაციაში კიდევ ერთი დეპუტატი, ემზარ კვიციანი აღმოჩნდა. - არ ვიცოდი. სამწუხაროა.

- იუმორთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ? - შესანიშნავი, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ეს ამბავი რა შუაშია იუმორთან? ოჯახით გეპატიჟებით, ჩამობრძანდით ნინოწმინდაში, მეწვიეთ, ნახავთ, როგორი მასპინძლობა შემიძლია და როგორი იუმორი მაქვს.

"ერმილე, რას დავაჭირე?"

ემზარ კვიციანი: - ბატონ ვრეჟს ამაზე დიდი შეცდომა არ მოსვლოდეს არასოდეს! იუმორით შეხედოს და თავს ნუ დაითრგუნავს. ეს მეც დამემართა. ავად ვიყავი, სიცხე მქონდა. მეგონა, ვიდეო ჩავრთე და სინამდვილეში ლაივი ჩამირთავს. "ერმილე, რას დავაჭირე?" - ვამბობ კიდეც ვიდეოში. ერმილე ნემსაძე ახლობელია, სვანია ისიც. ჩემი ვიდეო ხელად"წავშალე, მაგრამ მაინც მოასწრეს ჩასაფრებულებმა, ჩაიწერეს და გაავრცელეს. მერე ეს ყველაფერი შავი პიარისთვის გამოიყენეს, მაგრამ პირიქით გამოუვიდათ და მაქციეს ყველაზე პოპულარულ პარლამენტარად.