"კაცს სწორფერთან ხანჯალი რად დასჭირდებოდა?!" - კვირის პალიტრა

"კაცს სწორფერთან ხანჯალი რად დასჭირდებოდა?!"

"რას ჰყვება 104 წლის ბეწიწურ არაბული, რომელმაც ხევსურული ტრადიციები საკუთარ თავზე გამოცადა"

თელავის რაიონის სოფელ კობაძეში, სადაც გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩამოსახლებული ხევსურები ცხოვრობენ, 104 წლის ბეწიწურ არაბულს მივაგენი. პაპა ბეწიწურს დაწვრილებით ახსოვს საუკუნის წინანდელი ამბები და მამაპაპისეული ტრადიციები. მოხუცი როცა ძველ ამბებს ჰყვება, გგონია, გასულ საუკუნეში გადასახლდი და ამ ამბების მონაწილე ხარ.

სისხლის აღების წესი

- ძველი ადათ-წესები კარგად მახსოვს. მაგალითად, ხევსური თუ ვინმეს მოკლავდა, მოკლულის ნათესავები შურს იძიებდნენ და დაედევნებოდნენ მოსაკლავად. მკვლელი იმალებოდა. მერე კაცებს მიუგზავნიდა, შევრიგდეთ და რიგს დავუყენებ - გადამახდევინონ, რაც წესიაო. რიგის დაყენება ნიშნავდა, რომ გარჯულავდნენ (გაასამართლებდნენ) და მკვლელს კაცის თავის ღირებული (მოკლული ადამიანის საფასური) - 403 ცხვარი და 100 ძროხა უნდა გადაეხადა. როცა ოჯახი ღარიბი იყო, 100 ძროხას ვერ უზღავდა, ხარს მიუყვანდა სალოცავში და დაუკლავდა, - ძმებად შევიყარნეთო... მერე სანასკვოს დებდნენ. რჯულის კაცებს შეყრიდნენ, სალოცავში საკლავს დაკლავდნენ, სასმელს მოამზადებდნენ, ორივე მხარეს მიიყვანდნენ (მოკლულისა და მკვლელის ოჯახებიდან) და საქმეს არჩევდნენ. სანასკვოს ეძახდნენ ორ თოკს, რომელსაც ერთმანეთზე გადასკვნიდნენ და ჯვრის ფორმას მისცემდნენ. დადებდნენ მიწაზე, ერთ ბოლოს ჭირისუფალი დაადგამდა ფეხს, მეორეს - მკვლელის მხარე, კიდევ ორ ბოლოს - რჯულის კაცები და ღმერთს ახსენებდნენ: ღმერთმა გაიგონოს, ხალხმა გაიგონოს და ანგელოზებმა გაიგონონ, რომ დღეის იქით მტრობა დასრულებულია, მძახლობაც შეუძლიათ, დობილ-ძმობილობაც, შესაძლოა, ჩხუბიც მოუვიდეთ, მაგრამ ამ ძველი საქმის გახსენების უფლება აღარ აქვთო...

ერთხელ ასეთი ამბავი მოხდა: ერთი მკვლელის მეზობლად მოკლულის ნათესავები ცხოვრობდნენ და მოკლულის ძმა მკვლელს უდარაჯებდა, რომ სისხლი აეღო. მკვლელის დას ჩაუცვამს ძმის სამოსი, დაუხურავს ქუდი და მშვილდ-ისრით გამოსულა ბანზე. თავი გაწირა, რომ ძმა გადაერჩინა. ამის დამნახავ მოკლულის დედას უთქვამს, ჩვენი ამომწყვეტელი ჩვენს ციხეზე მტრედებს ხოცსო. ჩასაფრებულს უსვრია და მოუხვედრებია. ეს გოგო სიმაღლიდან ძირს რომ მოფრინავდა, ქუდი მოსძრობია და ქერა თმა გაშლია. დედავ, რა მიყავ, ხომ არ შემაცდინეო? - დაიძახა მკვლელმა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ამ ამბის გამო პირგასამყრელო შეიკრიბა, მაგრამ ქალის სიკვდილისთვის მკვლელს საზღაური ვერ დაუდგინეს. ვინც რჯულის თავის (კანონების) კარგი მცოდნე იყო, ყველას მოუყარეს თავი. 14 დღე ბჭობდნენ და ბოლოს ქალის საზღაურად ნახევარი თავი დაუყენეს, ანუ იმის ნახევარი, რაც კაცის მოკვლისთვის იყო დადგენილი. ასე იმიტომ მოხდა, რომ ამ უხუცესებში ერთი ქისტი იყო, რომლის წინაპრებს ხევსურეთში უცხოვრია. ქისტი ქალს პატივს არ სცემდა, მისთვის ქალი და სახედარი ერთი იყო და იმას უთქვამს, ხმლიან ხელს ფარტნიანს ვერ შევადარებ (ფარტანი ძაფის სართავი მოწყობილობაა) და ნახევარ თავს დავუყენებო... იმ ქალის საქმე დღემდე არ არის გასწორებული და ხევსურეთში დავაყენე საკითხი, რომ ქალის თავის და კაცის თავის საზღაური გათანაბრდეს, რადგან შეიძლებოდა ამ ქალისგან ხუთიI ან ათი `ხმლიანი ხელი~ დაბადებულიყო...

- როდესაც შერიგდებოდნენ, დამოყვრება შეეძლოთ? - კი, მაგრამ ადვილად მაინც არ დამოყვრდებოდნენ... პაპაჩემი მტრის ხელით იყო მოკლული და მისი მკვლელი ახლაც მძულს. სისხლი თავისას შვრება. მამაჩემს ყველა ვალი გადაუხადეს, მაგრამ სადმე რომ შემხვდებოდნენ, იმათი ლაპარაკიც კი არ მომდიოდა ჭკუაში.

ნიშნობა

- მე 8 წლისა დამნიშნეს მამაჩემის მოწონებულ გოგოზე. მამაჩემი იმათ სოფელში სტუმრად იყო და ჩემი მომავალი საცოლის მამას შეხვდა. მოეწონა, ბრძენი კაცია, საჭინჭარაულოს მასეთი მცოდნე და თავიანი კაცი არავინ ჰყავს და იმის გოგოზე უკეთესს ვის ვითხოვთო. გოგო ერთი წლით ჩემზე უმცროსი იყო. შემდეგ მიუგზავნეს კაცი. ამ შუაკაცმა ჩვენზე უთხრა, არ ვარგანან ეგენი, არ არიან თქვენი შესაფერისიო. ჩემი მომავალი სიმამრი გაუბრაზდა, საშუამავლოდ მოხვედი თუ იმათ სალანძღავად, კარგად ვიცი, ეგენი ვინ არიან და რა ჯიშისანიო და გამოაგდო.

ეს საქმე დარჩა ასე... მამაჩემის ძმა ცხოვრობდა ზენუბანში, იქ წისქვილი ჰქონდა და ერთხელაც ჩემი მომავალი სიმამრი საფქვავით მივიდა. ბიძაჩემს უთქვამს, ნაწყენი ვარ შენზე, უარი გითქვამს გოგოს დანიშვნაზეო. არ მითქვამს უარი, შუაკაცი ლანძღავდა შენი ძმის ოჯახსო. ბიძაჩემმა იქვე მისცა ნიშანი - ვერცხლის მონეტა. მერე ლიშანსამთხოვრო (ქალის დანიშვნისთვის განკუთვნილი ნივთები) მოამზადეს - საკაბე დაკეცეს, შიგ ჩააკრეს ვერცხლის ყაწიმის ნაწილი და მისცეს ქალს. წესი იყო ასეთი - ბიჭი ქალს ქორწილამდე ვერ ნახავდა. ქალი ემალებოდა, საქმროსთან გამოჩენა არ შეეძლო. თუ რაიმე დღესასწაული იყო, ქალი დამალულად უთვალთვალებდა საქმროს, როგორი იყო სიმთვრალეში - გიჟი, ჭკვიანი, ცანცარა თუ დინჯი. ბიჭი ვერაფერს იგებდა.

ერთხელ გზად მივდიოდი ბიძაშვილებთან ერთად. შემოგვხვდა გოგო, რომელზეც ვთქვი, ჩემი დანიშნული იქნება-მეთქი. ჩემს საცოლეს ტყუპისცალი და ჰყავდა და იმას ვცნობდი. მივამსგავსე და ამით მივხვდი... მე მოშორებით გავდექი, ჩემი ბიძაშვილები მივიდნენ და გამოელაპარაკნენ...

- მოგეწონათ დანიშნული? - იმდენად არ დავკვირვებივარ, მაგრამ დას ხომ ვიცნობდი და დის მსგავსი რომ იყო, ვიცოდი, და კი მომწონდა.

როცა ვაჟი ქორწილს გადაწყვეტს, კაცს გაგზავნიან გოგოს ოჯახში. მომყვანი ჰქვია ამ კაცს და ქმრის სახლში მოჰყავს ქალი, მისი ნათესავები და სამდღიან ქორწილს იხდიან. მერე ქალის ძმა ან ნათესავი იტყვის, წამოიყვანეთ ქალი და ახლა ჩვენ დაგხვდებითო. მაყრები წავლენ პატარძლის ოჯახში და სამი დღე იქ მოილხენენ. მერე გოგოს ისევ ქმრის სახლში დააბრუნებენ... ქმარი დაწვება და დედამთილი შეუყვანს ოთახში ცოლს და დაუწვენს. ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაელაპარაკება, გაიცნობენ. ხევსურული წესი ასეთია: ცოლ-ქმარი ერთად წვებოდა, მაგრამ მაინც წმინდად იყვნენ მანამ, სანამ არ დარწმუნდებოდნენ, რომ აღარ გაიყრებოდნენ... რომ ჰკითხავდი ხევსურს, რამდენი ხანი იყავით წმინდანიო, ზოგი იტყოდა, სამ წელსო, ზოგი - ორ წელსო.

- შეიძლებოდა, რომ გაყრილიყვნენ?

- ეგეც შეიძლებოდა. ქალი თუ წავიდოდა, შეიძლებოდა, უკეთეს ვაჟკაცსაც გაჰყოლოდა, რადგან კაცისგან ხელნაკადრევი არ იყო. თუ ქალწული არ აღმოჩნდებოდა, ეს კაცის სირცხვილი იყო - რა ეჩქარებოდა, გაყრამდე რატომ გააუნამუსოვაო, იტყოდნენ.

ჩვენ წელიწადი და შვიდი თვე ვიყავით წმინდად. წელიწადიც არ იყო გასული, რომ მე და მზექალამ ერთმანეთს ვუთხარით, არ გავიყრებითო, მაგრამ მეუღლემ მითხრა, დავიცადოთ, საწოლი სად წაგვივა და ეს სიწმინდე აღარ დაგვიბრუნდება, კარგია ასე ყოფნაო და კიდევ თვეები ამიტომ ვიყავით წმინდად... 65 წელი ვიცხოვრეთ ერთად, სიამტკბილობით, ძალიან მაგრად გვიყვარდა ერთმანეთი.

სწორფრობა

- ურჯულო რომ შემოდიოდა, ქალებს იტაცებდნენ და მიჰყავდათ. კაცი და ქალი ერთად რომ წვებოდა, ხმალს იმიტომ კი არ იწვენდნენ, რომ ნამუსი შეენახათ, მტერი რომ მოხდომოდათ, გამკლავება შესძლებოდათ, თუ არადა, ურჯულო კაცს მოკლავდა და ქალს წაიყვანდა. წარმოიდგინეთ, ცოლ-ქმარი წვებოდა ერთად და ნამუსს ინახავდნენ და სწორფერთან ხანჯალი რად დასჭირდებოდათ?

კაცი სტუმრად რომ მივიდოდა, ხმალს მასპინძელს ჩააბარებდა და ხანჯალს წელზე შეირჩენდა. მასპინძელი დასაწვენად რომ წაიყვანდა, შვილს დაუწვენდა, კაცი ხანჯალს შუაზე კი არ დებდა, თავთან ჩადებდა. ახალგაზრდები ლაპარაკობდნენ სიკეთეზე, გოგო უყვებოდა, ვინ იყო მათ სოფელში კარგი გოგო, ვისი ლოგინში ჩაწვენაც შეიძლებოდა სწორფრად, ვინ იყო გარყვნილი და ვისი ჩაწვენა არ შეიძლებოდა. მე პატიოსანი კაცის სახელი მქონდა და ბევრი სწორფერი მყავდა. უფროსებმა იცოდნენ თქმა, რა იცით, რომ პატიოსანი ბიჭიაო და ეტყოდნენ ხოლმე, დედიშობილა რომ ჩაუწვინო ქალი ლოგინში, ხელს არ შეახებს და საბანს გადააფარებსო.

- ისეთი შემთხვევებიც ხომ ყოფილა, რომ სიწმინდე არ შეუნახავთ... - კომუნისტების დროს გადაგვარდა ხევსური. ახალგაზრდები თბილისში წავიდნენ სასწავლებლად და ამის შემდეგ დაიწყო უპატიოსნობა. მე რაც მახსოვს, სამი ბალღი გაჩნდა სწორფრობით.

- ამის შემდეგ გოგოს შეეძლო გათხოვება? - გათხოვდებოდა, მაგრამ ისეთ კაცზე, ვისაც ცოლი ჰყავდა გარდაცვლილი და შვილები გასაზრდელი. უცოლოზე ვერ გათხოვდებოდა. ხალხში დაკარგული ჰქონდა სახელი, მკვდრად ითვლებოდა, არც კაცი და არც დიაცი არაფრად აგდებდა.

ხევსურეთში ყველა ოჯახს ჰქონდა ცალკე აშენებული შენობა, ასე, 6-9 კვადრატული. ქალი თვეში რამდენიმე დღეს, როცა უწმინდური იყო, იქ ატარებდა. მისთვის პურიც იქ მიჰქონდათ, წყალიც, საჭმელიც. ის ოჯახში ვერ მივიდოდა, ვერც პურს მოჰკიდებდა ხელს, ვერც იქ მივიდოდა, საიდანაც წყალს იღებდნენ. მშობიარობის დროსაც იქ მშობიარობდა. დედამთილი და სოფლის ბებიაქალი ამშობიარებდნენ, თავს დასტრიალებდნენ. ღუმელიც იდგა იქ, შეშაც ჰქონდა, მაგიდაც, წყალიც და ჭურჭელიც, ჩვეულებრივად ცხოვრობდა და პატივისცემაც არ აკლდა.

ხევსურეთში შინ ქმარია მთავარი. ქმრისაა ცოლი, შვილები, სახლი, ქონება... ოჯახს რომ ვინმე აგინებდეს, ქალს არა აქვს უფლება, პასუხი გასცეს, ხოლო კაცი ტკბილი სიტყვით მოაგვარებს თუ იარაღით, ეს მისი საქმეა. კაცი არის ოჯახის პატრონი.

- ქალს მზითვად რა მიჰქონდა? - ცხვარსა და ძროხას ატანდნენ ოჯახიდან. რაც გათხოვებამდე სამკაულები ჰქონდა, ისიც მიჰქონდა. მკერდსადებს ეძახდნენ, კისერზე ჩამოსაკიდ სამკაულს; სამაჯურები უნდა ჰქონოდა, საყურე, ბეჭდები...

- კაცისთვის სირცხვილად რა მიიჩნეოდა? - უნამუსობა იყო ქურდობა, ქალის თანდასწრებით ცუდი სიტყვის თქმა. ქურდს სახელსაც არ ეძახდნენ, ციცას ეტყოდნენ.

კვეთილში ჩასმა

- თუ ქალი დანიშნულს დაიწუნებდა და მასზე გათხოვებაზე უარს განაცხადებდა, საქმრო იტყოდა, თავს დავანებებ, მაგრამ გათხოვების უფლებას არ მივცემო. ეს არის კვეთილში ჩასმა. თუ ქალს შვილები ჰყავს და ქმარი გალოთდა ან სხვა მიზეზი აქვს გაშორების, კაცი მას კვეთილში ვერ ჩასვამს და კიდევ შეუძლია გათხოვება.

დავითაურების შთამომავალი იყო ერთი უცოლო კაცი. ქორწილში ან მკვდრის ხარჯში თუ მივიდოდა, დათვრებოდა და ხანჯალს ატრიალებდა, ხალხს დაასისხლიანებდა. დაღამდებოდა თუ არა, დაწანწალებდა მოსაპარავად. თან მისი მომრევი არავინ იყო და ყველა ერიდებოდა. ერთხელ ბიძაშვილებმა უთხრეს, შენ თუ ვერ მოგყავს ცოლი, ჩვენ მოგიყვანთო. ბაჩიკელათ რომ კვეთილში ჩასვევს გიგაურების ქალი, იმას მოვიყვან, სხვას არავისო. მისი ყოფილი დანიშნული მტრად რომ მოჰკიდებოდა, ეს არ ადარდებდა - იცოდა, ვერ დაჩაგრავდა... მივიდნენ ამის ბიძაშვილები და ის კვეთილში ჩასმული ქალი წამოიყვანეს. მიუყვანეს სახლში, შეიყვანეს პირველ სართულზე და უთხრეს, აქ დაჯექი, ჩამოვა შენი საქმრო და თვითონ დაგელაპარაკებაო. ჩამოვიდა ესეც. ქალი ტახტზე იჯდა და კაცის დანახვაზე ფეხზე წამოდგა. ქალის წინ გაჩერდა და უთხრა, მე რასაც მხედავ, ეს ვარ, სახლში კედლების გარდა არაფერი მაქვს, შენს მეტი არავინ მინდა, თუ ვერ დარჩები ჩემთან, შენს ცოდვაში არ ჩავდგები, ჩავიცვამ ფეხზე, მამის სახლში გაგაცილებ და ოჯახს ჩაგაბარებო. ალბათ, დაფიქრებული და ჭკვიანი ქალი იყო და უთქვამს: ორი პირობა მაქვს და თუ შემისრულებ, დავრჩები, შუღლსა და ქურდობას უნდა მოეშვა, არც ქურდის სახლში დაიფარება კედლები ქონებით და არც მოშუღლისო.

დაფიქრდა კაცი და უთხრა, თუ დარჩები, გპირდები, ხელს ავიღებო. მაგის პირობას თუ მომცემ და შეასრულებ, მე პირობას გაძლევ, რომ სამი წლის განმავლობაში შენი ქონება შენს კედლებს დაფარავსო. მართლაც, სამი წლის მერე შვილებიც ეყოლათ და ბედნიერადაც ცხოვრობდნენ. კედლები სიმდიდრით დაიფარა. ზოგან ყველით, ზოგან - ავეჯით, ზოგან - ცხვრით, ზოგან სპილენძით იყო სავსე. კედლები აღარც ჩანდა. შვიდ წელიწადში მთელ სოფელს გადაუარეს სიმდიდრით. კვეთილში ვინც ჩასვა ქალი, იმას ხმა არ ამოუღია, რადგან იცოდა, სადმე რომ გადაჰყროდა მის ქმარს და შუღლი მოსვლოდა, თვითონ დაზარალდებოდა - დაჭრიდა ან მოკლავდა ეს დავითაურების შთამომავალი.

P.S. ბეწიწურ არაბულს დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ვუსურვებთ.

მარი ჯაფარიძე