რას უქადის მყინვარების გაქრობა მსოფლიოს და საქართველოს? - კვირის პალიტრა

რას უქადის მყინვარების გაქრობა მსოფლიოს და საქართველოს?

"ერთ-ერთი ვერსიით, თუ დნობა ასეთი ტემპით გაგრძელდა, შესაძლოა, აღმოსავლეთ კავკასიონზე მყინვარები დაახლოებით 2100 წლისთვის გაქრეს"

კავკასიონი ევროპა-აზიის მთათა სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც რამდენიმე ასეული მყინვარია თავმოყრილი. გლაციოლოგი ლევან ტიელიძე კავკასიონის გამყინვარებისა და კლიმატის ცვლილების საკითხებს იკვლევს. "გააქტიურებული გლობალური დათბობის ფონზე მყინვარების შესწავლა საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, როგორც მტკნარი წყლის მარაგის, ისე მყინვარებთან დაკავშირებული კატასტროფების თვალსაზრისით. მაგალითისთვის გავიხსენებ 2014 წლის 17 მაისს დევდარაკისა და 2019 წლის 25 ივლისს მესტიაჭალის სტიქიებს", - გვეუბნება ახალგაზრდა მკვლევარი, რომელმაც 2016 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, რამდენიმე თვის წინ კი ანტარქტიკის კვლევითი ცენტრიდან მეორე სადოქტორო პროგრამაზე სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა.

- დედამიწაზე ბოლო და შედარებით მცირე გამყინვარების მაქსიმალური ფაზა დაახლოებით ორი საუკუნის წინ დასრულდა. იმ დროისთვის დედამიწის საშუალო ტემპერატურა დღევანდელთან შედარებით დაახლოებით 1°C-ით ნაკლები იყო. მას შემდეგ ზოგიერთ რეგიონში ისევ აღინიშნებოდა შედარებით გრილი რამდენიმეწლიანი პერიოდები, თუმცა ტემპერატურის საერთო მრავალწლიური მაჩვენებელი მაინც ზრდადი იყო. ბოლო მონაცემებით, 1880 წლიდან დღემდე დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 0.8°C-ით არის მომატებული, რომლის 2/3 (0.53°C) 1975 წლის შემდეგ პერიოდზე მოდის. აშკარაა, რომ ტემპერატურის მატება განსაკუთრებით იგრძნობა ბოლო ორი-სამი ათეული წლის განმავლობაში. მიმდინარე წლის ზაფხულის სიცხეებმა და გლობალური მასშტაბით რეკორდულად მომატებულმა ხანძრებმა ყველა დაარწმუნა გლობალური დათბობით გამოწვეულ საფრთხეში. რაც შეეხება პრობლემასთან გამკლავებას, მნიშვნელოვანია, რომ შემცირდეს გარემოზე ადამიანის უარყოფითი ზემოქმედება, ატმოსფეროში სითბური აირების გამოფრქვევა და მწვანე საფრის გაჩეხა. ასევე მნიშვნელოვანია ტრადიციული ენერგიის წყაროების (მაგ., თბოელექტროსადგურები, ატომური რეაქტორები, ჰიდროელექტროსადგურები) ეტაპობრივად ჩანაცვლება ალტერნატიული და შედარებით უსაფრთხო ენერგიის წყაროებით (მზისა და ქარის ენერგია).

- ერთ-ერთი პრობლემა, რაც თან სდევს დათბობას, მყინვარების დნობაა. რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით მსოფლიოში, რომელ მთათა სისტემაშია ეს ყველაზე მეტად გამოხატული და რა პრობლემებს უქმნის მოსახლეობას? - მყინვარების დნობის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს მსოფლიოს ყველა მთიან რეგიონში, რაც გამოიხატება იმით, რომ პატარა მყინვარები ქრება, დიდი მყინვარების ენები უკან იხევს, მათი ფართობი და მოცულობა მცირდება.

ბოლო კვლევებით, 1960 წლიდან 2016 წლამდე მსოფლიოს მყინვარებმა დაახლოებით 9 600 გიგატონა ყინული დაკარგა, რაც დაახლოებით ჩილეს ზომის ქვეყნის (756 000 კმ2) 14 მ-იანი სისქის ყინულის ფენით დაფარვის ტოლფასია. ამის შედეგად მსოფლიო ოკეანის დონემ 27 მილიმეტრით მოიმატა. გრძელვადიანი დაკვირვებებით მტკიცდება, რომ დროის ამ მონაკვეთში მყინვარების მასის დაკარგვის ასეთი მაჩვენებელი ისტორიულად უპრეცედენტოა. აისბერგის მოწყვეტის პროცესი ლარსენ C მყინვარზე, 2010-2017 წწ.

ბოლო ხანს განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც ანტარქტიდა-გრენლანდიის მყინვარების დნობა იპყრობს. დნობის მომატებული ტემპი განსაკუთრებით შესამჩნევია მიმდინარე წლის ზაფხულში. მხოლოდ 30 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით გრენლანდიის მყინვარულმა საფარმა 50 მილიარდ ტონაზე მეტი ყინულის ეკვივალენტი წყალი დაკარგა. დნობის პროცესი მასშტაბურად მიმდინარეობს ანტარქტიდაზეც, რომელიც ყოველწლიურად 250 მილიარდ ტონაზე მეტ ყინულს კარგავს. ეს უპირველესად გამოიხატება უზარმაზარი აისბერგების მოწყვეტით. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 2010 წელს დაიწყო და 2017 წელს დასრულდა, როდესაც ლარსენის მყინვარს დაახლოებით 175 კმ სიგრძის ტრილიონი ტონა ყინულის მასა მოსწყდა. ეს პროცესი ჯერჯერობით შეუქცევადია.

- რა ხდება ამ თვალსაზრისით კავკასიონის მყინვარებზე, ინტენსიურია თუ არა დნობის პროცესი და თუ მიმდინარეობს ამ პროცესის შესწავლა? - გასულ წელს გამოვაქვეყნეთ პუბლიკაცია, რომელიც მოიცავს მთელი კავკასიონის მყინვარების ინვენტორულ კვლევას. აღნიშნული კვლევის მიხედვით, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში კავკასიონის მყინვარების ფართობი 1675 კმ2-დან 1193 კმ2-მდე (28.8%) შემცირდა, იმავე პერიოდში მხოლოდ საქართველოს მყინვარების ფართობი კი - 568 კმ2-დან 370 კმ2-მდე (34.9%). ცხადია, რომ ფართობის შემცირებასთან ერთად მცირდება მყინვარების მოცულობაც. მაგალითად, 1997-2017 წლებში იალბუზის მასივის მყინვარების მოცულობა სამჯერ უფრო სწრაფად მცირდებოდა, ვიდრე 1957-1997 წლებში. დნობის განსაკუთრებულად მაღალი ტემპით გამოირჩევა აღმოსავლეთი კავკასიონი, სადაც მყინვარების ფართობი ყოველწლიურად დაახლოებით 1%-ით მცირდება. მყინვარ ჭალაათზე ყინულის შემცირება 1884 (ფოტო: ვ. სელა) - 2011 (ფოტო: ლ. ტიელიძე) წლებში

საქართველოში ამ ეტაპზე მყინვარების კვლევები მიმდინარეობს როგორც საველე, ასევე დისტანციური ზონდირების გამოყენებით. სირთულეებისა და მცირე დაფინანსების მიუხედავად, ვცდილობთ, კვლევები საერთაშორისო დონეზე ტარდებოდეს, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია. აუცილებელია, საქართველოში სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს ჰქონდეს მეტი საბიუჯეტო დაფინანსება და სახელმწიფოს ხელშეწყობა. ყველა ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ მეცნიერების დონე ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. მყინვარ ტვიბერზე ყინულის შემცირება 1884 (ფოტო: ვ. დეჩი) - 2011 (ფოტო: ლ. ტიელიძე) წლებში

მინდა აღვნიშნო, რომ გამძაფრებული გლობალური დათბობის ფონზე საქართველოს მყინვარების სამეცნიერო შესწავლას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მთის მდინარეების კალაპოტებში წყალმოვარდნები ზოგჯერ უშუალოდ არის დაკავშირებული მყინვარების მომატებულ დნობასთან. ეს ნათლად გამოჩნდა 2014 წლის 17 მაისს დევდარაკის, 2017 წლის 31 აგვისტოს - მესტიაჭალის, 2018 წლის 5 ივლისს - ნენსკრის (ჰოკრილის) და 2019 წლის 25 ივლისს ისევ მესტიაჭალის სტიქიების დროს, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტს ათეულობით მილიონი ლარის ზარალი მიადგა.

- თუ კავკასიონზე მყინვარების დნობა ასეთი ტემპით გაგრძელდა, რამდენ წელიწადში და როგორი პრობლემები შეიძლება წარმოიშვას საქართველოში? - მიუხედავად არაერთი მოდელისა, რომელთა მიხედვითაც პროგნოზების გაკეთება შეიძლება, ეს მაინც რთული თემაა. ერთ-ერთი ვერსიით, დნობის ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში აღმოსავლეთ კავკასიონზე მყინვარების გაქრობა შესაძლებელია დაახლოებით 2100 წლისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიული გათვლებია, რომლებიც დღევანდელ მონაცემებს ეყრდნობა. როგორ შეიცვლება სიტუაცია, ამის დაზუსტებით თქმა არავის შეუძლია, შესაბამისად, ხანგრძლივი პროგნოზისგანაც თავს შევიკავებ.

 იალბუზის მყინვარების შემცირება 1960-1986-2014 წლებში რაც შეეხება უარყოფით შედეგებს, მყინვარების გაქრობა პირდაპირ აისახება მტკნარი წყლის მარაგის შემცირებასა და დნობის პროცესთან დაკავშირებულ მყინვარულ სტიქიებზე. ასევე აღსანიშნავია, რომ დნობასთან ერთად ყინულიდან თავისუფლდება ისეთი ბაქტერიები და მიკროორგანიზმ ები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იყო განამარხებული და არავინ იცის, ეს როგორ აისახება თანამედროვე გარემოზე.

- 2014 წელს დევდარაკის ტრაგედიის პროგნოზირება და შესაბამისად, თავიდან აცილება შეიძლებოდა? რა მდგომარეობაა ახლა იქ და არის თუ არა ანალოგიური პროცესების წარმოშობის საფრთხე? - მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სტიქიების პროგნოზირება ძალიან რთულია, დევდარაკის ტიპის მყინვარებისგან სტიქიის წარმოქმნას ყოველთვის უნდა ველოდოთ. დევდარაკი ცნობილია თავისი მყინვარული ზვავებით და მისი სამეცნიერო კვლევა ჯერ კიდევ XIX საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. 1776-1876 წლების პერიოდში დევდარაკზე დაფიქსირებულია სულ მცირე ექვსი გლაციალური ღვარცოფი. მაგალითად, 1776 წლის 18 ივლისს მყინვარიდან წამოსულმა ზვავმა, რომელიც გლაციალურ ღვარცოფად გარდაიქმნა, მდინარე თერგი სამი დღით შეაგუბა, ხოლო 1832 წლის 13 აგვისტოს გლაციალური ღვარცოფი დაახლოებით 100 მ სისქისა და 2 კმ სიგრძის იყო. სტიქიამ მცირედი ზიანი ვლადიკავკაზსაც კი მიაყენა. ასეთი ისტორიული წარსულის მქონე მყინვარის ძირში მასშტაბური ჰიდრო-საინჟინრო ნაგებობის მშენებლობა, როგორიც არის დარიალჰესი, არავითარ შემთხვევაში არ იყო მიზანშეწონილი. ასეთ სახიფათო ადგილებში ჰესების მშენებლობა ყოველთვის ძალიან სახიფათოა. მყინვარ დევდორაკის 2014 წლის სტიქია: a – ASTER-ის სატელიტური გამოსახულება (16/05/2014); b - Landsat L8-ის სატელიტური გამოსახულება (11/07/2014); c – PLEIADES-ის სატელიტური გამოსახულება რომელიც ასახავს სტიქიის შედეგებს (წყარო: ლ. ტიელიძე)

გლობალური დათბობის შედეგად მყინვარების დნობის პროცესი უფრო ინტენსიური და არაპროგნოზირებადი ხდება. მოსალოდნელია მყინვარული სტიქიების გახშირება არა მხოლოდ დევდარაკზე, არამედ სხვა მთის მყინვარებზეც, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მყინვარულ მდინარეებზე ნებისმიერი სახის ჰიდრო-საინჟინრო ნაგებობათა პროექტები კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად განიხილონ.