"ყველაზე თბილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში, მაგრამ ერთმანეთის გატანა არ ვიცით" - კვირის პალიტრა

"ყველაზე თბილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში, მაგრამ ერთმანეთის გატანა არ ვიცით"

"ამერიკელმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ გვეკუთვნოდა პოლიტთავშესაფარი. საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ბევრი ადამიანია შემორჩენილი, ვისგანაც შეიძლება საფრთხე დაგვემუქროს"

პოლიციის მაიორი რიმა ასკურავა 2010 წელს წავიდა საქართველოდან. დღეს ის კალიფორნიაში პოლიტდევნილის სტატუსით ცხოვრობს. სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს, მაგრამ ამბობს, რომ ის პირები, ვინც ქვეყნიდან წასვლა აიძულა, დღევანდელ ხელისუფლებაშიც მაღალ თანამდებობებზე არიან.

- უკვე 41 წლის ვარ. 31 წლის ვიყავი, ამერიკაში მეუღლესთან ერთად რომ ჩამოვედი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანიდან. 16 წლისა გავთხოვდი. ორივე შსს-ში ვმუშაობდით და თბილისში ვცხოვრობდი. მერე არეულობა მოხდა... ხომ იცით, საქართველოში ან წინ უნდა იყო, ან - ქვემძრომი. ჩვენ მივაღწიეთ მაქსიმუმს...

- მაქსიმუმში რას გულისხმობთ? - მე ვარ პოლიციის მაიორი 30 წლიდან. მიღებული მაქვს პრეზიდენტის მადლობა, ვადაზე ადრე სამხედრო წოდება, დამთავრებული მაქვს უშიშროების აკადემია, მანამდე - უნივერსიტეტიც, გამოვეცი წიგნი "ექსპერტიზის მასალების მომზადება და მათი კვლევა", რომლითაც დღესაც სწავლობენ პოლიციის აკადემიაში...

12 წლის ბავშვი მშობლებთან დავტოვეთ და კალიფორნიაში ჩამოვედით. აქ მეგობარი ცხოვრობს. გვითხრა, დაგეხმარებით ლეგალიზაციის მოპოვებაშიო. შვიდი თვე მეგობართან ვცხოვრობდით, მერე ოთახი ვიქირავეთ. გასაბერ ლეიბზე გვეძინა, არც ფული გვქონდა, არც სამსახური...

თბილისიდან რომ მოვფრინავდით, თვითმფრინავში მომცეს დანა-ჩანგალი, რომელიც დღესაც შენახული მაქვს. ამ დანა-ჩანგლით ვჭამდით, ერთჯერადი თეფშიდან.

მერე ჩემმა მეუღლემ მუშაობა დაიწყო. მაგიდა, საწოლი ვიყიდეთ, მე ძიძა გავხდი... კვირაში შვიდი დღე ვმუშაობდი, ხან - ბავშვის, ხან მოხუცის მომვლელად, ხან - რესტორანში... კარგი მზარეული ვარ. დავდებ "ფეისბუკზე", როცა ვაცხობ პურს, ხაჭაპურს და ყიდულობენ, ძირითადად რუსები.

- რა ღირს კალიფორნიაში ხაჭაპური?

- ჩემი ხაჭაპური რვანაჭრიანია და 25 დოლარად ვყიდი. რუსები 40 ნაჭრად ჭრიან...

2015 წლის 13 მარტს იყო ჩვენი სასამართლო. მოსამართლე ვებერმა ჩვენი საბუთები რომ ნახა, მითხრა, თქვენს გამოცდილებას ეს ქვეყანა აუცილებლად გამოიყენებსო. 3-საათიანი პროცესის შემდეგ გადაწყდა, რომ გვეკუთვნოდა პოლიტთავშესაფარი. გვქონდა პრობლემები, მაგრამ დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. ამის შემდეგ რვა თვე დაგვჭირდა, რომ შვილიც აქ ჩამოგვეყვანა. ლევანმა დაიწყო სწავლა. მეც კოლეჯი დავამთავრე. ახლა ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობ ექსპერტიზის ლაბორატორიაში და ნახევარ განაკვეთზე - ისევ ძიძად... ჩემი ხელმძღვანელი მოსამართლე ვებერის ნაცნობი აღმოჩნდა. მოსამართლეს ვუხსენებივარ და მომძებნა. 38 წელია, ამ სფეროში მუშაობს, კერძო ლაბორატორია აქვს... თავიდან გამოცდა მომიწყო, მაგრამ ცოდნა არ იკარგება.

- კალიფორნიაში ბევრი ქართველი ხართ?

- 30-40 ოჯახი. აქაური ქართველების უმრავლესობა უკვე აშშ-ის მოქალაქეა, ნიუიორკელი ქართველებისგან განსხვავებით, სადაც მრავლად არიან არალეგალები. აქ არ გამიგია, ქართველებს დანაშაული ჩაედინოთ, ყველა მუხლჩაუხრელად მუშაობს. კალიფორნიაში საქართველოზე ნაკლები ინფორმაცია აქვთ, თუმცა ფაჩულიას ყველა იცნობს. ის აქვე, სან-ფრანცისკოში ცხოვრობს. მასთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადავიღე, მაგრამ ფაქტობრივად არ ვჩანვარ...

- მანქანის სანომრე ნიშნად გურულის მიწერა რამ მოგაფიქრათ?

- კალიფორნიის შტატში ნებისმიერი სანომრე ნიშნის აღება შეიძლება, თუ შეურაცხმყოფელი შინაარსის არ არის. მეუღლემ დაბადების დღეზე მაჩუქა ეს ნომერი - ძალიან ვგურულობ და ასეთი სიურპრიზი მომიწყო. ოთხი მანქანა გამოვიცვალე, ნომერს კი არ ვცვლი. აქ ბევრი ინდუსი ცხოვრობს. მათ ხომ გურუ ჰყავთ და ჩემს ნომრებს რომ ხედავენ, ამ თეთრსა და ცისფერთვალება ქალს მეკითხებიან, ინდუსი ხარო? მეც ვუხსნი, რომ გურია ჩემი მშობლიური კუთხის სახელია.

- ჩვენთანაც არის მსგავსი ნომრები, მაგრამ, თუ არ ვცდები, 10.000 ლარი ღირს.

- კალიფორნიაში ასეთი ნომრებისთვის წელიწადში 50 დოლარის გადახდაა საჭირო... ჩვენ მენტალობით ძალიან განვსხვავდებით. ამათ იუმორს დღესაც ვერ ვხვდები. ვერ ვიგებ, რაზე იცინიან. პირველად რომ ვთქვი, მე გადავიხდი-მეთქი, გაოცდნენ. არ უყვართ, რამეს რომ ჩუქნი. აქ ახალჩამოსული კულტურულ შოკს მიიღებს.

- წამოსვლაზე არ გიფიქრიათ? - ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ბევრი ადამიანია შემორჩენილი, ვისგანაც შეიძლება საფრთხე დაგვემუქროს. თავს ვერ ვაპატიებ, რომ მამა ვერ დავიტირე... 11 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა და მამა იყო ჩემთვის ყველაფერი... ყველაზე მეტად ჩვენი სახლი მენატრება გურიაში. ხშირად ვუყურებთ ქართულ ფილმებს. ხან ვტირით, ხან ვიცინით. ნოსტალგიას ვერ ვუმკლავდები - განვმარტოვდები და ვტირი. თითქოს მოვეწყვეთ, მეტ-ნაკლებად დალაგებული ცხოვრება გვაქვს, მაგრამ აქ არასდროს მაქვს ისეთი სიმშვიდის განცდა, როგორიც საქართველოში მქონია... ძიძად მუშაობისას ქართველ ბავშვებს ვასწავლიდი "ჩემო ლამაზო სამშობლო", "ანა-ბანა", "მე პატარა ქართველი ვარ"...

ჩემი მეგობარი ქალია აქ, ისიც გურულია და ისიც ძიძაა. ბავშვს ატარებს სკოლიდან სახლში. საჭესთან დაძაბულია და ძალიან ნელა დადის. მანქანა რომ დაუმუხრუჭებს წინ, ან ვინმე არასწორად მანევრირებს, ეუბნება: "მოგიკტა პატრონი". ბავშვს ხომ ესმის ეს და უსწავლია. ერთ საღამოს ვახშმობენ და თურმე ძიძას ეკითხება, ხომ წამიყვან საქართველოშიო? კიო, ამას უთქვამს. დედამისს უკითხავს, საქართველოში რა გინდა, ქართული თუ არ იციო. როგორ არა, ვიცი, მოგიკტა პატრონიო, - მიუწყევლია დედამისი...

მადლიანია საქართველო. ჩვენი ქვეყნისნაირი ქვეყანა არ არსებობს და არც - ჩემი სახლისნაირი სახლი... ყველაზე თბილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში, მაგრამ ერთმანეთის გატანა არ ვიცით. ვფიქრობ, ახალი თაობა ამას მოახერხებს და მერე ყველაფერი კარგად იქნება. იმდენი კარგი ადამიანია ემიგრაციაში წამოსული, გული მწყდება. მათ ბევრი კარგის გაკეთება შეუძლიათ ჩვენი ქვეყნისთვის.