"ქმარი მყავდა, მაგრამ მას მერე, რაც ავად გავხდი, ხელი მკრა..." - ვინ არის ქალი, რომლის გამოც ია ფარულავა სკანდალში გაეხვია?
01-09-2019
"ქმარი მყავდა, მაგრამ მას მერე, რაც ავად გავხდი, ხელი მკრა..." - ვინ არის ქალი, რომლის გამოც ია ფარულავა სკანდალში გაეხვია?
საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა იუსტიციის სახლთან გადაღებულ კადრებს, სადაც მსახიობი მოწყალების მთხოვნელი ქალბატონის დანახვაზე შემდეგ რეპლიკას ამბობს: "როგორ არ მიყვარს აქ მოსვლა, აქ როგორ მუშაობ".

ვიდეოს ნახვის შემდეგ "ფეისბუკზე" მის მიმართ უამრავი კრიტიკული კომენტარი დაიწერა:

"აი, ამ რეალობაში ვცხოვრობთ. ამათთვის ღარიბი ადამიანების დანახვა იმდენად დიდ ზიზღთანაა დაკავშირებული, რომ ამ ქვეყნის უკუღმართი "განვითარების" შედეგად დაუმსახურებლად გამდიდრებული ელიტა ცოტა ხანში ალბათ, ქუჩების ღარიბებისგან გაწმენდას დაიწყებს, როგორც ეს გარემოვაჭრეების შემთხვევაში ქნეს..."

"ია ფარულავას რეაქცია
უპოვარ ქალზე. ადამიანის ზნეობა იმ ხალხთან მიმართებაში ჩანს ყველაზე უკეთ, რომლისგანაც სარგებელს არ შეიძლება ელოდებოდეს..."

"ჩვენი ელიწა!!! ია ფარულავა დასცინის ადამიანს, რომელიც მოწყალებას ითხოვდა!!! მერე დაჯდებიან შოუებში და სხვისი მომავლის გადამწყვეტებად მოგვევლინებიან"...

საზოგადოების მწვავე კრიტიკას მსახიობი მოგვიანებით სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
"ქებაც არ მაღელვებს და არც გინება...
აცრილი ვარ კარგა ხანია... იმ საწყალ ქალს რომელი ერთი აქცევთ ყურადღებას ან ფულს ჩუქნით, ან ყურადღებას... შესვლისას მეძგერა, შემაშინა... გამოსვლას კი რაც იხილეთ, ის იყო.... ჰო, ფული არ მიჩუქნია... ახლა კამერების ჩანაწერები ამოიღეთ და ნახეთ.... არც მაქოთ და არც მაგინოთ... მკიდია".

ახლა კი მინდა, იმ ქალბატონზე გიამბოთ, რომელმაც ია ფარულავა შეაშინა და რომლის ხმაც მართლა ბევრ ადამიანს აფრთხობს, მაგრამ მას მართლა არ შეუძლია სხვანაირად მეტყველება - ამაში წლების წინ, თავად დავრწმუნდი...

თუ ჟურნალ "გზას" რეგულარულად კითხულობთ, გეცოდინებათ, რომ ჩვენთვის არაერთ ადამიანს მოუმართავს თხოვნით, მასზე რაიმე დაგვეწერა და ჩვენ თითოეულის თხოვნას ვითვალისწინებთ. 2013 წელს მივიღე ასეთი მესიჯი: "გამარჯობა, ლიკა. მე 29 წლის ხათუნა ქოქაშვილი ვარ. სიარული მიჭირს, ხელები არ მემორჩილება და არც გამართულად მეტყველება შემიძლია. მიუხედავად ამისა, სამართალდამცველებმა ძარცვაში დამდეს ბრალი, ხოლო მოსამართლემ პროკურორს მხარი დაუჭირა და გამამტყუნა... ციხიდან უკვე გამოვედი. მსურს, თქვენი ჟურნალის მეშვეობით ხალხს ხმა მივაწვდინო. იმედია, თქვენ მაინც გამოიჩენთ ადამიანობას და დახმარებაზე უარს არ მეტყვით..."

წერილის ავტორის ნახვის სურვილი კი გამიჩნდა, მაგრამ მასთან შეხვედრისა და დალაპარაკების შემდეგ, სიმართლე გითხრათ, იმდენად ცუდად ვიგრძენი თავი, რომ ვთქვი: ნეტავ, ხათუნას გაცნობაზე უარი მეთქვა-მეთქი. რატომ? ბარში, სადაც მას შევხვდი, მშვენიერი გარეგნობის გოგონა დამხვდა. ის სკამზე იჯდა და თავიდან მთელი მისი უბედურება ვერც გავაცნობიერე. პირველი შოკი მაშინ მივიღე, როცა ხათუნამ ხმა ამოიღო. მისი სიტყვები ვერ გავარჩიე. იძულებული გახდა, ნიკაპი ხელით დაეჭირა და სიტყვებისთვის ასე მოეყარა თავი. მაინც ძლივს ვარჩევდი, რის თქმას ცდილობდა. ცხადია, თავი უხერხულად ვიგრძენი. ვთხოვე: იქნებ შენი ოჯახის წევრებს დამალაპარაკო, არ მინდა, ის ტკივილი გაგახსენო, რაც გადაიტანე-მეთქი. გაიღიმა და მიპასუხა:

"მე ვიცი, ჩემთან ლაპარაკს რატომაც გაურბიხარ. ნუ გერიდება, თუ რამეს ვერ გაგაგებინებ, დაუსრულებლად დამისვი კითხვები და ვეცდები, რაღაცნაირად მიგახვედრო...
სოლოლაკში დავიბადე და გავიზარდე. მამა არ მყავს. დედა დიაბეტით არის ავად, და და ძმა კი სამუშაოდ საზღვარგარეთ არიან (ახლა არ ვიცი ხათუნას ოჯახური მდგომარეობა, რადგან მას შემდეგ არ შევხვედრივარ. - ავტ.). ქმარი მყავდა, მაგრამ მას მერე, რაც ავად გავხდი, ხელი მკრა..."

თურმე, 17 წლის იყო, როცა გათხოვდა. ამბობს, - ყველაფერი კარგად იყო მანამ, ვიდრე ჩვენს ცხოვრებაში მეუღლის ნარკომანი ბიძაშვილი გამოჩნდებოდა. ის წლების მანძილზე საზღვარგარეთ ცხოვრობდა და სამშობლოში დაბრუნებულმა, ჩემს ქმარსაც დააწყებინა წამლის კეთებაო. ქმარი კი თურმე, მაშინ 24 წლის გახლდათ, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა და კარგი შემოსავალიც ჰქონდა. მერე, როცა გოგონამ მეუღლე კაიფში გამოიჭირა და მოსთხოვა, - ამ საქმეს შეეშვიო, ბიჭმა ცოლს თვალები აუხვია და წამალი ძალით გაუკეთა... მას მერე, ხათუნას ოჯახში მსგავსი რამ ხშირად ხდებოდა...

- უკვე გითხარით, რომ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე გავთხოვდი. სკოლის ბანკეტი მცხეთაში გადავიხადეთ. მშვენიერი დრო გავატარეთ თანაკლასელებმა, მაგრამ უკან რომ ვბრუნდებოდით, ის მანქანა, რომელშიც ვიჯექი, ავარიაში მოყვა. ჩემი სამი თანაკლასელი გარდაიცვალა, მე კი ცენტრალური ნერვული სისტემა დამიზიანდა (ტირის)... ჯერ საქართველოში ცდილობდნენ, ფეხზე დავეყენებინე, მერე კი, როცა ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს, დედამ სახლი გაყიდა და სამკურნალოდ თურქეთში წამიყვანა, სადაც დაახლოებით წელიწად-ნახევარი გავატარე. მართალია, იქ საბოლოოდ ვერ გამოვჯანმრთელდი, მაგრამ ფეხზე დგომა, "ჩოჩვით" სიარული შემეძლო. ახლა რომ საერთოდ ვმეტყველებ (მართალია, ძალიან ცუდად, მაგრამ მაინც), ესეც თურქი ექიმების დამსახურებაა.

საქართველოში დაბრუნებული, მეუღლემ ახლოს არ გაიკარა. მის სანახავადაც არ მიდიოდა. ხათუნა ამბობს, რომ ყველაფერს აქვს დადებითი მხარე: ავადმყოფი ხომ არავის უნდა, ჰოდა, ქმარმაც არ მიმიღო ასეთ მდგომარეობაში მყოფი. არ ვიცი, დღეს როგორ ცხოვრობს, რას აკეთებს... ავარიის დროს იმ მანქანაში რომ არ ვმჯდარიყავი, შეიძლება ქმარს ჩემზე ძალადობა, ნარკოტიკის კეთება დაუსრულებლად გაეგრძელებინა და ახლა ნარკომანი ვიქნებოდიო...

- ბინა რომ გავყიდეთ, მას მერე ნაქირავებში ვცხოვრობთ. ჩემს ოჯახს თავის რჩენა ძალიან უჭირდა და იმისთვის, რომ მათ დავხმარებოდი, გადავწყვიტე, ქუჩაში გავსულიყავი და მოწყალება მეთხოვა. მართალია, დედას არ უნდოდა, ეს დაინვალიდებული გოგო ფულის საშოვნელად გავეშვი, მაგრამ ჩემი გავიტანე. მათ ისედაც მძიმე ტვირთად დავაწექი...

ჰოდა, სწორედ მაშინ, როცა ფულის საშოვნელად სახლიდან იყო გასული, პოლიციამ ხელი სტაცა და განყოფილებაში წაიყვანა. ამბობს: - ბრალად ორი ადამიანის ძარცვა წამიყენეს. სამართალდამცველებს ვემუდარებოდი, ჩემთვის თავი დაენებებინათ, ისინი კი მემუქრებოდნენ, თუ შენს ბრალეულობას არ აღიარებ, ვიტყვით, რომ გიჟი ხარ და ხონში, საგიჟეთში გამოგამწყვდევთო... საბოლოოდ, 2 წლით ციხეში მიკრეს თავი. იქ მედიკამენტებს არ მაწვდიდნენ, ჩემ მიმართ გულცივები იყვნენ, რაც მეტად მაგიჟებდა. ყველაფერში პატიმრები მეხმარებოდნენ, თორემ დამოუკიდებლად ჩაცმაც არ შემიძლია. ხომ ხედავ, თითებიც არ მემორჩილება... ბევრჯერ მომხდარა ისე, რომ გადაადგილებისას თავი ვერ შემიკავებია, წონასწორობა ვერ დამიცავს და ბეტონზე წავქცეულვარ. აი, ამის შედეგი..
.

ხათუნამ მთხოვა, მისი შარვლის ტოტი ამეწია და გაშავებული მუხლი მიჩვენა, რომელშიც, თუ არ ვცდები, წყალი აქვს ჩამდგარი. იხილეთ სრულად


P.S. არ ვიცი, ეს საქმე საბოლოოდ რით დამთავრდა, მაგრამ ფაქტია, ხათუნა დღესდღეობით იუსტიციის სახლთან დგას და მოწყალებას ითხოვს. მისი ინტერვიუს კიდევ ერთხელ გამოქვეყნებით კი უბრალოდ მინდოდა თქვენთვის გამეცნო ადამიანი, რომელმაც ჯოჯოხეთი გამოიარა და შესაძლოა, დღეს აგრესიული თუ არაადეკვატური საკუთარი წარსულის გამოც არის. თუმცა, აგრესიას მაინც ვერ გაამართლებ...

ლიკა ქაჯაია
ჟურნალი "გზა"
13 სექტემბერი 2019 10:37
ია გრცხვენოდეს.!!!მის ადგილზე რას იზამდი? წარმოიდგინე შენი თავი. სირცხვილით შენი.
irma
05 სექტემბერი 2019 06:28
GMERTIS YVELAZE DIDI SHECDOMA, A D A M I A N I..
კატო
04 სექტემბერი 2019 13:38
ამ ქალის საზარელ - გაუსაძლის მდგომარეობას არავის ვუსურვებ.მხოლოდ ერთს ვეტყვი მის მიმართ გამოხატულ სიძულვილზე ყველას მათ შორის ფარულავას.წადით 1 სანთელი დაანთეთ და მოწყალება გულუხვად გაეცით სავსე უნამუსოდ გავსებული ჯიბეებიდან , თორემ ცხოვრება კიბეა.უცებ იქ არ აღმოჩნდეთ სადაც ზიზღით იუყრებოდით.

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები