"ახალი გარემონტებული ბინა გამინადგურდა"- საცხოვრებელი სახლის გადახურვისას ბინაში ჭერი ჩაინგრა - კვირის პალიტრა

"ახალი გარემონტებული ბინა გამინადგურდა"- საცხოვრებელი სახლის გადახურვისას ბინაში ჭერი ჩაინგრა

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ჭერი ჩაინგრა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ქალაქის მერია აღნიშნული საერთო საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაოებს ახორციელებდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბინის მეპატრონის, თენგო ქერქაძის თქმით, ბინა საცხოვრებლად უვარგისი გახდა და ყველაფერი გაუნადგურდა. იგი დახმარებას ითხოვს.

„ეს კორპუსი 1937 წელსაა აშენებული, მას შემდეგ არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა აქ. ყველაფერი დამპალია. ახალი გარემონტებული ბინა გამინადგურდა, არის საშიშროება, რომ ჭერი მთლიანად ჩამოინგრეს. ვითხოვ დახმარებას“, - განაცხადა თენგო ქერქაძემ.

ადგილზე მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათი ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაიწყება.

„გადახურვის სამუშაოების პერიოდში მოხდა ჭერის ჩამონგრევა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. ველოდებით წუთი წუთზე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს, დავითვლით ზარალს და დავიწყებთ აღდგენის სამუშაოებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა კახაბერ მაშავამ.

აღნიშნული კორპუსიის მცხოვრებლები, სახურავის შეკეთებას დროულად ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის გამართვას გეგმავენ.

"ინტერპრესნიუსი"